Google+

სიახლეები

22.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ სულორში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვანის რაიონის სოფელი სულორის მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც სოფელს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს და მათ მოგვარებას დაპირდა. ქვეყნის პირველმა პირმა საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში აშენებული გაზსადენი გახსნა და პირველი ჩირაღდანიც, სიმბოლურად, თავად აანთო. მისი თქმით, ისევე როგორც ყველგან, სულორის მცხოვრებლებიც საკუთარ ბინებში გაზის შეყვანის საფასურს განვადებით გადაიხდიან.

„გაზიფიკაციის საკითხი არც კომუნისტების დროს და არც შემდგომი მთავრობების დროს აქ არავის არ გადაუჭრია. პრაქტიკულად, ყველა ოჯახს უდგას თხევადი გაზის ბალონი, რომლის შეძენა 25-30 ლარი ჯდება. პრობლემა ისაა, რომ როცა აქამდე შეგვყავდა ბუნებრივი გაზი, მაგისტრალური გაზსადენი მიგვყავდა დასახლებულ პუნქტში, მაგრამ მისი დაქსელვა და ოჯახებში შეყვანა ერთჯერადათ 400-500 ლარი ჯდებოდა.  არა მარტო აქ, მთელ  საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას 400 500 ლარი ერთბაშად არ აქვს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ თანხის გადახდა განვადებით შემოგთავაზოთ და თვეში იმდენის გადახდა მოგიწევთ, რამდენსაც თხევადი გაზის შეძენისთვის გჭირდებოდათ. ყველა თქვენგანის ოჯახს უპრობლემოდ ექნება უფრო ხარისხიანი, ბუნებრივი გაზი. ეს არის ახალი შემუშავებული სისტემა, რომელიც ყველგან ამოქმედდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ადგილობრივებთან საუბრისას, პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 1 ივლისს იწყება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, ასევე დაგეგმილია  სოფლის ცენტრამდე მისასვლელი ცენტრალური გზის შეკეთება და სკოლის რეაბილიტაცია. ქვეყნის პირველი პირი დასაქმების პრობლემასაც შეეხო და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხზეც ისაუბრა.

„როდესაც შემოვა გზები და გავაკეთებთ სამკურნალო აბაზანებს, ვფიქრობთ, მინიმუმ, ასეულობით და შეიძლება მეტი ადამიანიც დავასაქმოთ. ვანში ბევრი სხვა პრობლემაა, მაგალითად საავადმყოფოს საკითხი. იცით, რომ პირველი სექტემბრიდან საპენსიო ასაკის ყველა ადამიანი მიიღებს სამედიცინო დაზღვევას. ვანში არ არის ახალი საავადმყოფო - იმის მიუხედავად, რომ ყველგან გაკეთდა, აქ არ არის. არ იყო გზა, გაზი, არ აშენებულა საავადმყოფო, არ იჭერს მობილური ტელეფონი. ყველა უბედურება ერთად დაგვატყდა თავს, მაგრამ პირველი ივლისიდან იწყება ასევე საავადმყოფოს მშენებლობა და უახლოეს თვეებში აშენდება. რაც მთავარია, ხალხი იქნება დაზღვეული. ჯერ პენსიონერებს ვაზღვევთ და შემდეგ, მომავალი წლიდან, ეტაპობრივად, მაგრამ სწრაფად, გადავალთ საყოველთაო დაზღვევაზე. საქართველოში არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს რომელსაც მკურნალობა სჭირდება და არ აქვს საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა. ამას ყველანი ერთად გავაკეთებთ და ეს საზოგადოების ცივილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამას გარდა გვაქვს სკოლების პროგრამა, რომელსაც ინტენსიურად ვახორციელებთ“, - აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მალე სულორი  თავის ძირითად ფუნქციასაც დაიბრუნებს და წყალტუბოსთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილი გახდება.

„ვანი და, მათ შორის, სულორიც, გარკვეული თვალსაზრისით, მიტოვებული იყო. მთავარი პრობლემები აქ კომუნალური, ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებით გვქონდა. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ თქვენი მოთმინება და გამძლეობა ბოროტად არავინ არ უნდა გამოიყენოს. საქართველოში ახლა ძალიან დიდ პროექტებს ვიწყებთ, კერძოდ, ჩვენი ბალნეოლოგიური, სამკურნალო კურორტების აღორძინებას.  წყალტუბო გახდება მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. შესაბამისად, მას პირდაპირ მიებმება სულორიც. რაც მეტი გაკეთდება წყალტუბოში, მით მეტი აუცილებლობა დადგება აქაურობაც გაკეთდეს. უკვე წინასწარ გვაქვს მომზადებული გეგმები, ახლა ვიწყებთ პროცესების შესწავლას და გაძლევთ სიტყვას, რომ შემდეგ ორ  წელიწადში, კურორტი სულორი ისე ჩადგება მწყობრში,  როგორც არასდროს. მეორე საკითხი გზას შეეხება. ჩვენ 2 მილიონი გამოვყავით აქ მოსასვლელი გზის გასაკეთებლად. ვანში ძალიან დიდი გზა კეთდება, რომელიც მთლიანად მოიცავს რაიონს. ძირითადი ღერძი, რომელიც კომუნისტების პერიოდშიც ამორტიზებული იყო, ახლა უმაღლეს დონეზე გაკეთდება. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილი გამოუყენებელია იმის გამო, რომ მიუდგომელი იყო. არც ერთ მთავრობას  არც სურვილი გამოუჩენია და არც ფული ჩაუდევს აქ, რომ აქამდე მოსულიყო. ჩვენ მოვალთ და ჩვენ გავაკეთებთ! გავაკეთებთ თქვენთვის და გავაკეთებთ მთლიანი საქართველოსთვის! ეს მართლაც, ახალი მარგალიტი იქნება საქართველოს რუკაზე“, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მცხოვრების, დამსახურებული პედაგოგის იულია გოგორიშვილს ოჯახსაც ესტუმრა და გოგორიშვილების სახლში შეყვანილი ბუნებრივი გაზი პირადად აანთო. მიხეილ სააკაშვილი მასპინძლებს ვანის განვითარებასა და იმ საკითხების შესახებ ესაუბრა, რომლებიც რაიონის მოსახლეობას აწუხებს. ქვეყნის პირველმა პირმა ისიც განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ვანში ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმი გაიხსნება ქვეყნის მასშტაბით და კეთილმოეწყობა ინფრასტუქტურა.

„ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა, წალკოტი, მაგრამ ამ წალკოტში გზა არ მოდის, მობილური ტელეფონიც ძლივს იჭერს, გაზი არასდროს არ იყო. ელექტროენერგიის გამრიცხველიანება ახლა მიმდინარეობს... აქ ასეთი ბუნება და რესურსია, ასეთი კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი გასაკეთებელია. ახლა სპეციალურად ფული გამოვყავით და ვანში გავაკეთებთ მუზეუმს, რადგან საქართველოს ოქროს უმეტესი ნაწილი, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ისტორიულად იყო აქ. აქ აღმოჩენილი ნივთები იმდენად უნიკალური და საინტერესოა, რომ წელსვე საუკეთესო მუზეუმი უნდა გავაკეთოთ. ამ ადგილს ჩვენ დიდ ტურისტულ ცენტრად ვაქცევთ და ბევრ ტურისტსაც ჩამოვიყვანთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)