Google+

სიახლეები

21.06.2012
მიხეილ სააკაშვილი: "ამიერიდან, საქართველოში ბუნებრივი გაზის სახლამდე მიყვანას ყველა ოჯახი განვადებით შეძლებს"

საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურის რაიონის სოფელ ზემო ოსიაურში დღეს ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და მათ მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური პროგრამების შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტმა სოფლის მცხოვრებლებს ბუნებრივი გაზის სახლამდე მიყვანის სამუშაოების საფასურის გადახდის ახალი სქემა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ამიერიდან, თითოეულ ოჯახს ამ გადასახადის გადახდა განვადებით შეეძლება. პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობას თვეში მხოლოდ 25-30 ლარის გადახდა მოუწევს, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ერთი ბალონი თხევადი გაზის შეძენას სჭირდებოდა.

„გაზიფიკაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირება, რადგან  ამას ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია სჭირდებოდა და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. თუმცა მთავარი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ მოსახლეობას ბუნებრივი გაზის სახლებში შეყვანა უჭირდა, რადგან საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. მას  300-დან 500-მდე ლარის გადახდა უწევდა, რაც ერთჯერადად ძალიან ძნელი გადასახდელი იყო. ოჯახების უმეტესობას ამის შესაძლებლობა არა აქვს და მათი აბსოლუტური უმეტესობა ვერც ახერხებდა. ამიტომ, ენერგეტიკის სამინისტროსთან და "სოკარის" წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ სქემა, რომელსაც დღეს აქ გაგაცნობთ. დღეს ყველა ბალონით ყიდულობს თხევად გაზს, რომელიც 25-30 ლარი ჯდება. ამიერიდან, ბუნებრივი გაზის სახლამდე მიყვანა განვადებით შეგეძლებათ და თვეში გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენსაც იხდიდით ბალონის შესაძენად. თქვენ, პრაქტიკულად, ვერაფერს ვერ იგრძნობთ და ყველა ოჯახს ოსიაურშიც და დანარჩენ საქართველოშიც, სადაც გაზის მილი გადის, ექნება ბუნებრივი გაზი ერთი ბალონი თხევადი გაზის ფასად. ასე ყველა ერთად ამოვისუნთქებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

 მიხეილ სააკაშვილმა ის დრო გაიხსენა, როდესაც ოსიაურს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის რანგში ესტუმრა და ადგილობრივებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას დაპირდა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ შესრულებული დაპირების  შესახებაც ესაუბრა და სამომავლო გეგმებიც გააცნო.  

„დიდი სითბოთი ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ახლა მოვედი, რათა ანგარიში ჩაგაბაროთ იმის თაობაზე, რაც გაკეთდა და, განსაკუთრებით, იმის შესახებ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ დღეს, 1 წლის შემდეგ ან ოთხი წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რამ გაკეთდა, ოსიაური ჩვენთვის მაინც ერთ–ერთი ყველაზე პრობლემურ სოფლად რჩება. ჯერ კიდევ შესაკეთებელია სოფლის გზები, მოსახლეობას წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება... ახლა საქართველოში წყალი ყველგან კეთდება, გზაც ყველა სოფლამდე მივა და წელს 200 სოფელში ვაკეთებთ გზებს. სექტემბერში ჩვენ პენსიას გავზრდით და საპენსიო პაკეტი ჯერ 65 წელს გადაცილებული ხალხისთვის, ხოლო მომავალ წელს მინიმალური პენსია საპენსიო ასაკის ყველა ადამიანისთვის გახდება 140 ლარი. ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი. წელს  ჩვენ  ორნახევარ მილიონ ადამიანს დავაზღვევთ და უახლოეს წლებში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე გადავალთ. ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, რადგან საქართველოში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ შეეძლება ამ  ახალ საავადმყოფოებში მკურნალობა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომპანიამ „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელში“ ფარგლებში შეასრულა და სოფელ ოსიაურში 7-კილომეტრიანი გაზსადენით, ბუნებრივ გაზს სოფლის 260 ოჯახი მიიღებს. სოფლის გაზიფიკაციის დასრულების ნიშნად,  მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, ჩირაღდანიც აანთო. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)