Google+

სიახლეები

30.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის უნივერსიტეტის სოციალური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროექტებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და ყურადღება მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა. ქვეყნის პირველი პირი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა რუსმა ხალხმა მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტი მათ ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებასა და მოლაპარაკების პროცესში არსებულ პროგრესზეც გაამახვილა.

საჯარო ლექციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდების ინტერესის საგანს, ძირითადად, 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები და ნატოში ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენდა.    

„სამხრეთ ოსეთი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს არის საქართველოს პატარა რეგიონი, სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა. 2008 წელს ინტენსიური დაბომბვისა და საომარი მზადების შემდეგ, რუსები სწორედ აქედან შემოვიდნენ. იმ პერიოდში შვებულებაში ვიმყოფებოდი. ჩემი პირადი მრჩევლებისა და აპარატის თანამშრომელთა უმრავლესობაც დასასვენებლად იყო წასული - ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აგვისტოში ყველა შვებულებაში გადის. მათი შემოსვლა საბაბი იყო. ამის შემდეგ ისინი დედაქალაქისკენ დაიძრნენ. როდესაც შემოვიდნენ, რუსებმა ადგილობრივ  მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური ოსი იყო, უთხრეს, თითქოს ისინი მათ გასათავისუფლებლად მოვიდნენ. თუმცა ეს ხალხი იქიდან ქართულ პოლიციას გამოჰყვა და საკუთარი სახლები მიატოვა. დღეს, დევნილთა დასახლებებში, რომლებიც რუსული ოკუპაციის შედეგია, მოსახლეობის, დაახლოებით, 70 პროცენტი ეთნიკური ოსია. იცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა, ფაქტობრივად, აღარ ცხოვრობს, მხოლოდ 6 ათასი კაცია დარჩენილი. ლატვიის ისტორიასთან ზუსტი პარალელის გავლება შეიძლება, რადგან 90-იან წლებში ჩვენ ერთად გადავიარეთ უდიდესი ტალღა. მაშინ 500 ათასი ადამიანი გამოაძევეს აფხაზეთიდან, რადგან ეს იყო საქართველოს ყველაზე ევროპიზირებული და იმედის მომცემი რეგიონი. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ეს ძალიან კარგად იცოდა და ამიტომ მოგვაყენა დარტყმა 90–იან წლებში სწორედ ამ რეგიონში. ამჯერად კი, თბილისში მოსახვედრად, მათთვის ყველაზე იოლად მისასვლელი გზა, სწორედ ცხინვალის რეგიონზე გადიოდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი გამოიყენეს კიდეც.

იცით თუ არა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც პატარა ქვეყანას თავს ესხმის მასზე ბევრად დიდი სახელმწიფო, ის არასოდეს აღიარებს, რომ თავად არის თავდასხმის ინიციატორი.

- იცით თუ არა, რომ დიდი სახელმწიფო ფინეთი „თავს დაესხა“ საბჭოთა კავშირს, რადგან ისინი, თურმე,  პროვოკაციულად მოქმედებდნენ და სურდათ ზიანი მიეყენებინათ საბჭოთა კავშირისა და მისი ინტერესებისთვის - ასე რომ, მას თავი ხომ უნდა დაეცვა ფინელებისგან.

- იცით, ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? ეს „ნამდვილი“ ამბავია ––  პოლონელებმა! როგორც ამბობენ, „სულელი და თავხედი“ პოლონელები თავს დაესხნენ გერმანიის ტერიტორიაზე გერმანულ რადიოსადგურს. თანაც მილიონიანი არმიის მქონე გერმანია, „შემთხვევით“  საზღვართან გადიოდა წვრთნებს... რა უნდა გაეკეთებინა მას? რა თქმა უნდა, უნდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა და დაეპყრო პოლონეთი.

უკვე ვთქვი, რომ 2008 წელს ყველა ჩვენგანი შვებულებაში იმყოფებოდა. სრულიად „შემთხვევით“ დიდი რუსეთის არმია სამხედრო წვრთნას გადიოდა საქართველოს საზღვრებთან. „შემთხვევითი“ იყო ისიც, რომ სამი დღით ადრე, შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან საქართველოსკენ დაიძრა იმ დროს, როდესაც მე იტალიაში ვიმყოფებოდი. „დამთხვევა“ იყო ისიც, რომ ყველა სამთავრობო საიტი დაიბლოკა, ეს „ძლიერი“ ქართველები კი შევიდნენ ცხინვალში, რომელიც უკვე ევაკუირებული იყო - ხალხი გაიყვანეს, რადგან ტანკები შემოჰყავდათ. რა უნდა გაეკეთებინა რუსეთის არმიას, რომელიც წვრთნებს გადიოდა? რა თქმა უნდა, ცეცხლი უნდა გაეხსნა. შოკირებული იყვნენ და მათთვის მოულოდნელი იყო ჩვენი „ქედმაღლობა“ - საპასუხო ცეცხლიც ამიტომ გახსნეს. ზუსტად ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც, თითქოს, პოლონელებმა დაიწყეს. ყოველთვის არის ვიღაც თქვენნაირი, ვისაც ამ სიცრუის სჯერა. ასე რომ ჩემი რჩევა ასეთი იქნება: შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ  კარგი იქნება თუ რუსებს უფრო მეტად არ დაუჯერებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოს ნატო-ს სამიტთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ნატოს სამიტი შანსიც არის და რისკიც. 2008 წელს ბუქარესტში ალიანსი ერთსულოვანი არ იყო. ნაწილობრივ, ამან წარმოშვა გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო რუსეთის  პირდაპირ სვლას ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტს ერთგვარ რისკადაც აღვიქვამდი. 2008 წელი არჩევნების წელიწადი იყო  რუსეთშიც, შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც. ამავე წელს გაიმართა ნატოს სამიტიც და ჩვენ მივიღეთ ომი. ფაქტორები წელსაც იგივეა, მაგრამ ომი არ გვინდა. ჩიკაგოს სამიტზე ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ფავორიტი იყო. საქართველო ახალ კატეგორიაში შეიყვანეს ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ნატო-ში ინტეგრაციას აპირებენ. ამას გარდა, გამოცხადდა ის, რომ შემდეგი სამიტი ნატო-ს გაფართოების საკითხს განიხილავს, საქართველო კი, ჩიკაგოს სამიტზე კვალიფიციურ ასპირანტად დასახელდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, ამავდროულად, დიდი გამოწვევაცაა. ცოტა ხნის წინათ მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოში ომი იმის გამო დაიწყო, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება შეეჩერებინათ. რეალურად კი, ჩიგაკოს სამიტზე ითქვა, რომ მას არაფერიც არ შეუჩერებია, ყველაფერი ძალაში რჩება და პროცესი აღებული კურსით გრძელდება. ვიღაცისთვის, შესაძლოა, ეს გამომაფხიზლებელი მოწოდება იყოს. ჩვენ არც რაიმეს პროვოცირება გვსურს და ჩვენი მისწრაფებაც არ არის ნამდვილად რუსეთის წინააღმდეგ მიმართული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლატვიის უნივერსიტეტში მისვლამდე საქართველოს პრეზიდენტი რიგის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანს ესტუმრა, სადაც საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის ნიშნად, შოთა რუსთაველის ბარელიეფი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ლატვიის კულტურის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. შოთა რუსთაველის ბარელიეფი ლატვიის დედაქალაქს თბილისის მერმა აჩუქა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)