Google+

სიახლეები

30.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რიგაში ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც ლატვიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყანას.

„უკვე მეორე დღეა შეხვედრებს ვმართავ საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებისა და პერსპექტივის თაობაზე. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ. 90-იან წლებში, როდესაც ამერიკაში იურიდიულ ფირმაში ვმუშაობდი, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა გაერო-ს ასამბლეაზე. მას სურდა ინვესტიციები საქართველოში მოეზიდა და შეხვედრები გამართა ნიუ-იორკში. ჩვენ თავი მოვუყარეთ ამერიკის უმსხვილეს ინვესტორებს. მათ შევარდნაძეს ჰკითხეს, რისი შეთავაზება შეეძლო უცხოელი ინვესტორებისთვის. მისი პასუხი იყო, გვყავს კეთილმოსურნე ხალხი, გვაქვს ძალიან კარგი კლიმატი და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი სამზარეულო. ეს ყველაფერი არ შეცვლილა, მაგრამ დღეს ჩვენ ბევრად მეტის შეთავაზება შეგვიძლია. უპირველესად, ფაქტია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის საკეთებლად აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენთან საკუთრების რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცედურებია, ასეთივე სწრაფია საბაჟო პროცედურები და ტრანზაქციის შესაძლებლობა. საქართველოში მოქმედებს იუსტიციის სახლი, სადაც იურისტების დახმარებით რამდენიმე წუთში მიიღებთ ისეთ მომსახურებას, რასაც გაცილებით მეტი დრო სჭირდება სხვა ქვეყნებში. ბიუროკრატიული პროცედურები იმდენად არის გამარტივებული, რომ ამ მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ახალი ზელანდიის გვერდით დგას. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა. განსაკუთრებით, ახალ წევრებს ვგულისხმობ. გზები, აეროპორტები, საზღვაო პორტები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ზღვის პირას ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკას ვაშენებთ. უკვე გვაქვს პორტები ბათუმში, რომელიც ყაზახური ოპერატორის მიერ იმართება, ფოთში, რომელიც „მაერსკ“-მა შეიძინა და ასევე ყულევის ტერმინალი, რომელშიც აზერბაიჯანული კომპანია დებს ინვესტიციას. ლაზიკას ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს და გირჩევთ ამ ბიზნესშესაძლებლობაზე გაამახვილოთ ყურადღება. ჩვენ გვინდა დავნერგოთ ბრიტანული კანონი, რომელიც ლაზიკას საქართველოს კონსტიტუციით განსხვავებულ სტატუსს მიანიჭებს. იქვე მოქმედებს აეროპორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გამართულია. ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი გაზი, მაგრამ გვაქვს კრიმინალისგან თავისუფალი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის კვლევების თანახმად, როგორც ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო სახელმწიფოს. გვაქვს დაბალი გადასახადები და გამჭვირვალე პროცედურები. ჩვენ მთელ რეგიონთან ვთანამშრომლობთ - რუსეთთან, უკრაინასთან, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან, მაგრამ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, თქვენთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. მინდა საქართველოში დავპატიჟო როგორც ბიზნესმენები, ისე ტურისტები ლატვიიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილმა ლატვიელ ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ინვესტიციების ლაზიკის განვითარებაში ჩადონ და კონკრეტული პროექტები განახორციელონ.

ბიზნეს ფორუმის წარმომადგენლებს სიტყვით ლატვიის პრეზიდენტმაც მიმართა.  ანდრის  ბერზინშმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა რომ ლატვია დაინტერესებულია და მზად არის ერთობლივი პროექტები განახორციელოს როგორც ჯანდაცვის, ისე განთლების სფეროში.

„ეს ბიზნესფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ლატვიის განვითარებისთვის და ასევე საქართველოსთვის. მიუხედავად სირთულეებისა და მსოფლიო კრიზისისა, ჩვენი ურთიერთობა წარმატებით ვითარდება, მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს სამომავლო განვითარება უაღრესად წარმატებული იქნება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მიაღწევს წარმატებას ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივაც. ეს ორი პროცესი კი, თქვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება. საქართველოში წარმატებით ვითარდება ორი პრიორიტეტული სფერო - ჯანდაცვა და განათლება. მოხარული ვიყავი, როდესაც ნიუ იორკში ვიზიტისას გავიგე, რომ საქართველოში ახალი ტექნიკური უნივერსიტეტი ყალიბდება საუკეთესო სპეციალისტებით. ასევე ვითრდება  პროფესიული განათლების მიმართულებაც. ამ სფეროში შეგვიძლია წარმატებით ვითანამშრომლოთ. მზად ვართ და გპირდებით, ლატვია ნებისმიერ საკითხში გიცხადებთ მხარდაჭერას ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად“, - განაცხადა ანდრის ბერზინშმა მიმართვისას.

რიგაში გამართული ბიზნესფორუმის ფარგლებში უკვე გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომელთა შედეგად ივლისში ლატვიაში სხვადასხვა სახეობის ქართული პროდუქცია შევა. ლატვიური მხარე დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციის ჩადებით, მათ შორის, საკურორტო ქალაქ ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით. ამას გარდა, იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)