Google+

სიახლეები

28.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი სასტუმრო გახსნა

ქუთაისის ისტორიულ უბანში საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალი სასტუმრო გახსნა. ამერიკული ინვესტიციით აშენებულ 25-ნომრიან სასტუმროს, ერთდროულად, 50 დამსვენებლის მიღება შეუძლია.

მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო დაათვალიერა და ქალაქის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს დიდად უწყობს ხელს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ბიზნესს ახალ შესაძლებლობებსაც უხსნის. ეს კი, მისი თქმით, ხალხის დასაქმების უმთავრესი წინაპირობაა და უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის საფუძველია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისში ახლა სწორედ ის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თბილისში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.   

„ეს სასტუმრო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა სარგებლობა მოაქვს ქუთაისში პარლამენტს. ქუთაისში სასტუმროების არავითარი აუცილებლობა არ იყო. ეს სასტუმრო ძალიან ლამაზ ადგილზე გაკეთდა - სრულად აღდგა მთელი უბანი და გამოცოცხლდა. ეს უბანი რომ არ გაგვეკეთებინა, აქ სასტუმროს აშენებას აზრი არ ექნებოდა. ახლა ამ უბანს ტურისტული ღირებულება აქვს. აქედან კარგად მოჩანს ახლადაღდგენილი თეთრი ხიდიც. სწორედ მის კუთხეში იქნება ულამაზესი სასტუმროს შენობა, რომელსაც იგივე კომპანია გახსნის ამ წლის შემოდგომით. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტურისტული ადგილი საქართველოში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქუთაისში ხალხი საქმდება და ტურისტული ინდუსტრია ჩნდება იმ პირობებში, როდესაც წყალტუბოში რამდენიმე ათეული სასტუმრო აშენდება უახლოეს წლებში; იმ პირობებში, როდესაც საირმე უკვე გაკეთდა; იმ პირობებში, როდესაც გარშემო ორი მღვიმე გავაკეთეთ; ვანში ძალიან დიდ სამუზეუმო კომპლექსს ვქმნით გათხრებსა და ვანის საგანძურზე; იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის მუზეუმი გადავიტანეთ ახალ შენობაში... აქ  უცხოელი ტურისტების დიდი რაოდენობა იმისთვისაც ჩამოვა, რომ საპარლამენტო კვარტალი ნახოს. აქ გაჩნდება დიდი ტურისტული პოტენციალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გაკეთებული ქუჩები სხვა დატვირთვასაც შეიძენს. ვარდების რევოლუციამდე, თბილისში შარდენის ქუჩა არ არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც იქ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, გარშემო  კვარტლებიც განვითარდა. დედაქალაქში მანამდე ერთი პატარა ქუჩა იყო - პეროვსკაია... თბილისის აღმშენებლობა დაიწყო მაშინ, როდესაც პირობები შევქმენით. ზუსტად ასევე გაკეთდა სიღნაღი, ასევე კეთდება თელავი. ქუთაისს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. იმ პირობებში, როდესაც ასეთი გაჭირვებაა, ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ასევე, მინდა ბიზნესს მივმართო - ჩვენ გვაქვს სტუდენტების დასაქმების პროგრამა, რომლის მონაწილეებსაც დღეს შევხვდი და ვთხოვო მათ, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში ბევრი სტუდენტი აიყვანონ. ჩვენ ამ პროგრამას ვაფინანსებთ და ზაფხულში უნდა დაასაქმონ ისინი. ასე ახალგაზრდები მუშაობასაც ისწავლიან, შრომის ფასსაც გაიგებენ, ჯიბის ფულიც გაუჩნდებათ და კარგი საქმეც გაკეთდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალი სასტუმროს Empire Hotel მშენებლობაში კომპანიამ ”შიტრიტ ჯგუფი საქართველოში” მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი ჩადო. მშენებლობა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 50 ადამიანი იყო დასაქმებული.

კომპანიის დირექტორი, ძირითადი აქციონერი და სასტუმროების ქსელის ”Empire Hotel” მფლობელი შიმონ შიტრიტი ქუთაისის საპატიო მოქალაქეა. ამერიკელი ბიზნესმენი 2012 წლის დამლევამდე ქუთაისში კიდევ ერთი სასტუმროსა და რამდენიმე სავაჭრო ობიექტის დასრულებას გეგმავს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)