Google+

სიახლეები

26.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი აღლუმზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი აღლუმზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და დღევანდელი დღე მათ პირადად მიულოცა. პრეზიდენტი მათ ქუთაისში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ქალაქის ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება და ადგილობრივთა პირობებიც გაუმჯობესდება .   

„ფასადების გაკეთება ჯერ მხოლოდ ერთი მხრიდან მოვასწარით, მაგრამ მეორე მხრიდანაც აუცილებლად გაკეთდება. ამას ჯობდა ეს სახლები მთლიანად დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, მაგრამ ქვეყანას ამის ეკონომიკური საშუალება არ აქვს. დღეს აქ ბინები 3-ჯერ არის გაძვირებული, რადგანაც უკვე წყლის მოწოდება გაუმჯობესდა, მეორე ხედავთ რომ ყველა მხრიდან კეთდება ფასადები და მთელი რაიონი შეიცვალა - სახურავებიც გამოიცვალა, ინფრასტრუქტურა იცვლება... ასე რომ, მათ, ვისაც მარტო იმის დანახვა და თქმა უნდა, რომ ცალ მხარეს კეთდება ფასადები, მინდა ვუთხრა, რომ ფასადების ქვეყანასაც ვაშენებთ და ყველაზე კარგ ქვეყანასაც - ფასადებიც ლამაზი უნდა იყოს, შენობებიც და რაც მთავარია, ხალხის ცხოვრებაც უნდა გაუმჯობესდეს. პარლამენტის აქ გადმოტანით, ამ ხალხს რაღაც სერიოზული პროგრესი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ამან ყველაფერს უშველა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმე რჩება გასაკეთებელი - უპირველესად, უმუშევრობაა დასაძლევი, მაგრამ ამ სრულიად უიმედო ადგილზე გაჩნდა შესაძლებლობები და პერსპექტივა და ეს ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ხალხთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობის წინ გამართულ დასკვნით ღონისძიებას - კლასიკური მუსიკის ფესტივალის „საქართველოს მომავალი“ გალა კონცერტსაც დაესწრო, რომელშიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ცნობილ ხელოვანებს შორის ქუთაისში დღეს ისეთი მუსიკოსები ჩამოვიდნენ, როგორიც არის ქეროლაინ ქემბელი, ხატია ბუნიათაშვილი, ნინო სურგულაძე და სხვები.  

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)