Google+

სიახლეები

26.05.2012
თბილისში სამრეწველო აღლუმი გაიმართა სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში“

მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამრეწველო აღლუმს სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში“ დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოფენილი ქართული ნაწარმი დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, თბილისში ბევრი ახალი პროექტი ხორციელდება და მისი ინფრასტრუქტურა სულ უფრო აქტიურად ვითარდება. იგი დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციის მოედნიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით, ახალი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყება. პრეზიდენტის თქმით, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იქნება.

„ქალაქის მერი ინვესტორებთან ერთად იწყებს ახალი საბაგირო გზის მშენებლობას აქედან მთაწმინდის პარკისკენ. თბილისში ძველად არსებული საბაგირო გზები ყველგან აღდგება და განახლდება - კუს ტბის, ვარკეთილის... და სატრანსპორტო ინფრასტურქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამასთან, ორ წელიწადში დედაქალაქს ახალი ფრანგული ჩქაროსნული ტრამვაიც ექნება, რომელიც, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა ძირითად უბანს - რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინისა და ყაზბეგის გამზირებს, ქავთარაძის ქუჩას მოიცავს, შემდეგ კი, ორთაჭალასაც შეუერთდება. 2015 წლისთვის გაკეთდება მეტროს რამოდენიმე ახალი სადგური ახალ სავაჭრო ცენტრებთან მცხეთის მიმართულებით და თბილისის ყველა უბანი დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღლუმზე სამხედრო მრეწველობის, სამოქალაქო, საკვები თუ სხვა პროდუქცია იყო გამოტანილი. ადგილობრივი წარმოების გამოფენაზე, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ნაწარმი 250-მა  საწარმომ წარმოადგინა, რომელთა შორის, საბრძოლო ტექნიკა - ლაზიკა, დიდგორი, უპილოტო საფრენი აპარატი, ვერტმფრენი და სხვა სამხედრო პროდუქცია იყო. ამას გარდა გამოფენილი იყო ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქცია: ტექსტილი, ავეჯი, სამშენებლო მასალები, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა, ფარმაცევტული ნაწარმი და სხვა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)