Google+

სიახლეები

26.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში პარლამენტის  პირველ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მოგესალმებით ყველას!

მივესალმები პარლამენტის წევრებს, სტუმრებს, ქალაქ ქუთაისისა და სრულიად საქართველოს საზოგადოებას.

ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქენო,

96 წლის წინათ, ამ დღეს ჩვენი დიდი წინაპრები თავისუფლების ურთულეს გზას დაადგნენ.

მანამდე საქართველო ასწლეულების მანძილზე თავისუფლებააყრილი იყო იმპერიათა მიერ, ჩვენს ქვეყანას დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ტრადიცია, სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ეროვნულ იდენტურობას. ამის მიუხედავად, მაინც გაბედეს და გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა.

დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა ოჯახის წევრები, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია და მისი მეუღლე.

გთხოვთ, მივესალმოთ მათ.

რა თქმა უნდა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ჩვენი ხალხის უმთავრეს ფასეულობას - თავისუფლების სიყვარულს ეფუძნებოდა, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად ედო უპირობო რწმენა იმისა, რომ ამ ულამაზესი ქვეყნის, ამ განუმეორებელი მთის, ბარისა და ზღვისპირეთის შვილები იმსახურებდნენ უფლებას თავად გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი;  იმსახურებდნენ უფლებას თავად ემართათ საკუთარი ცხოვრება და ჰქონოდათ შანსი საკუთარი მონდომებით გაეუმჯობესებინათ ყოფა.

თავისუფლების გზაზე სიარული, მაშინ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს წარმოედგინა - სულ რაღაც სამ წელიწადში ეს გზა ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა ახალმა, დაუნდობელმა იმპერიამ - საბჭოთა იმპერიამ - უვალი გახადა და საქართველომ დიდი ხნით დაკარგა თავისუფლება. 

დიდი ხნით წაგვერთვა საშუალება თავად გადაგვეწყვიტა საკუთარი ბედი - 70 წლის განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება უუფლებოდ, სრული ოკუპაციის ქვეშ, ჩამორთმეული ხმით, გათელილი ღირსებით, წართმეული ქონებითა და ერის საუკეთესო ნაწილის განადგურებით.

მაგრამ ერთადერთი, რაც ამ დროის განმავლობაში ვერ წაგვართვეს, იყო სწორედ ის უპირობო რწმენა, რომელსაც ეფუძნებოდა 1918 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება - რწმენა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს; რწმენა, რომ ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია და რომ თავისუფლება არის ერთადერთი ფორმა ჩვენი მცირერიცხოვანი, მაგრამ დიდი ერის წარმატებისთვის.

დღეს ჩვენ ამ რწმენის ურყეობას ვზეიმობთ - რწმენისა, რომელიც ახლა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ფაქტია და თითქმის ასი წლის შემდეგ, რეალურად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებელ არსებობასა და წარმატებულ განვითარებას.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა ჩვენს წინაპარსა და თანამედროვეს, რომელთაც ამ დღემდე მოგვიყვანეს; მათ, ვინც მოგვიპოვეს თავისუფლება; მათ, ვინც სიცოცხლეები, თაობები და ეპოქები შესწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლას...

პატივს მივაგებთ მათ, ვისი სიცოცხლის ფასადაც დღეს ხელში გვიჭირავს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა.

პატივს მივაგებთ მათ, ვინც 90-იან წლებში და 2008 წელს დათმო სიცოცხლე, მაგრამ არ დათმო თავისუფლება.

ასევე მათ, ვინც შეინარჩუნა სიცოცხლე, მაგრამ დაკარგა საკუთარი სახლ-კარი, საკუთარი მამულ-დედული და ახლა დევნილობაში უწევს ცხოვრება, ვიდრე ჩვენი თავისუფლების დროშის ქვეშ არ გაერთიანდება ქვეყანა და არ დამარცხდება იმპერიის უკანასკნელი გაბრძოლება ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ამ დიდებულ დღეს ჩვენ ქედს ვიხრით წარსული გმირების წინაშე, მაგრამ, ამავე დროს, გამოვხატავთ პატივისცემას დღევანდელი გმირების - ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ღირსებით ატარებენ ქართულ სამხედრო მუნდირს და წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცეს, დგანან ჩვენი მიწა-წყლისა და ჩვენი ღირსების სადარაჯოზე.

მათი მონდომება, მათი თავდადება, მათი შემართება არის ის, რაც ჩვენი ერის დამოუკიდებლობას რეალობად აქცევს. მათი სამსახური ქვეყნის წინაშე, იქნება ეს საქართველოს ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ, განაპირობებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

 * * *

დღეს, ჩვენ, ერთი მხრივ, ვიხსენებთ ჩვენი ერის წარსულს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას. დღეს პირველად ქართული პარლამენტი ბინას იდებს ამ დიდებული ქალაქის ულამაზეს, უთანამედროვეს შენობაში.

მინდა მივულოცო საქართველოს პარლამენტს ახალი ბინა, ხოლო ქუთაისს საქართველოს მეორე დედაქალაქის განსაკუთრებული სტატუსი.

პარლამენტის ეს ახალი შენობა, ბევრი თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი სიმბოლოცაა. ისევე, როგორც ახალი საქართველო - ეს შენობაც არის თანამედროვე, შთამბეჭდავი და გამჭვირვალე.

ისევე, როგორც ახალი საქართველო, ეს შენობაც წარმოადგენს თანასწორ, შეუზღუდავ ასპარეზს ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, უმცირესობებისა და თავისუფალი მედიისათვის. აქ მათ საშუალება ექნებათ დაუბრკოლებლად წარმოადგინონ საკუთარი ინტერესები და მოახდინონ გავლენა ქვეყნის მართვაზე. ეს შენობა არის სიმბოლო იმ გახსნილი დემოკრატიისა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. 

მაგრამ, ამას გარდა, ეს შენობა კიდევ ერთი თვალსაზრისით წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს მეტაფორას. როგორც ხედავთ, იმ დიდი სამუშაოს მიუხედავად, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მის ასაშენებლად შესრულდა, ჯერაც დაუმთავრებელია. ასევეა ჩვენი ქვეყანაც - ახალი საქართველო ჯერაც დაუმთავრებელი მშენებლობაა.

დიახ, ჩვენ ერთად ბევრი რამ ავაშენეთ გასული წლების განმავლობაში: შევაკავშირეთ ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, გავაუმჯობესეთ გზები, გავწმინდეთ ქვეყანა კორუფციისა და კრიმინალისგან, გავაუმჯობესეთ ბიზნესგარემო – მთელ მსოფლიოში გავუთქვით სახელი ჩვენს სამშობლოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანას ბიზნესის წარმოებისა და ტურიზმისათვის. უფრო მეტად დავუახლოვდით ცივილიზებულ სამყაროს, დასავლურ დემოკრატიებს. თუნდაც გასულ კვირას, ჩიკაგოში ნატო-ს სამიტზე, სადაც ერთიანი ძალისხმევით მორიგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობისაკენ. 

მაგრამ ამ მცირედი წინსვლის მიუხედავად, ახალი საქართველოს შენება ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. იგი ჯერ ისევ დაუსრულებელი მშენებლობაა და კიდევ გაცილებით მეტია  ასაშენებელი, ვიდრე აქამდე ავაშენეთ.

დღევანდელ დღეს ყველას საზეიმო განწყობა აქვს და ამიტომაც არის ჩვენს სახეებზე სიხარული აღბეჭდილი. მაგრამ, ძალიან კარგად ვიცი, რომ ყოველი დღე ასეთი არ არის. ვიცი, რომ ჯერაც ძალიან ბევრი პრობლემის, სატკივარისა და გასაჭირისაგან შედგება ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება.

ამ დღესასწაულს, რა თქმა უნდა, უხდება საუბარი ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე, მაგრამ მე მიჭირს ვილაპარაკო წარმატებებზე მაშინ, როდესაც სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყოველდღიური ცხოვრება გვიჩვენებს იმას, თუ რამდენი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი - ჯერ კიდევ რამდენი რამ არის დაუმთავრებელი და ბოლომდე მისაყვანი - ჯერ კიდევ რამდენია ასაშენებელი და რამდენად ცოტაა ის, რისი გაკეთებაც აქამდე შევძელით.

დიახ, ჩვენ ვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს და ვაშენებთ ახალ შენობებს, მაგრამ ჯერაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა უმუშევრად დარჩენილი, რაც ყოველ დღე შავი ღრუბელივით ადგას თავს მათ ცხოვრებას. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა ლუკმა-პურისთვის საკუთარი თავისა და შვილების გამოსაკვებად.

დიახ, ჩვენი ეკონომიკა მსოფლიო კრიზისისა და ევროპის შესაძლო ეკონომიკური კოლაფსის მიუხედავად, ქვეყნების უმრავლესობისაგან განსხვავებით, შთამბეჭდავი 7 პროცენტით იზრდება, მაგრამ უამრავ ოჯახს ჯერაც უმძიმესი ეკონომიკური სიმწირის გამო, მაქსიმალური მომჭირნეობის პირობებში უწევს თავის გატანა.

დიახ, ჩვენ ავაშენეთ ახალი საავადმყოფოები და კლინიკები და აქამდე არნახული დონის, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები გავხსენით საქართველოს ყველა რეგიონში - იქ, სადაც აქამდე ელემენტარული მკურნალობაც კი შეუძლებელი იყო. თუმცა ჯანდაცვა ჯერაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრი ჯერ ვერ სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. ბევრისთვის მკურნალობა ის ფუფუნებაა, რასაც მისი ჯიბე ვერ სწვდება.

და დიახ, დღეს ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის დღეს როგორც სუვერენული, სრულფასოვანი სახელმწიფო - ისე, როგორც ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები 1918 წელს - მაგრამ ამავე დროს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც დამპყრობელი იმპერიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ჯერაც ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას.

ასე რომ, რამდენადაც მახარებს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, იმდენად წუხილისა და უკმაყოფილების საფუძველს მაძლევს, რადგან, ერთი მხრივ, ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანა წინ მიდის, ხოლო, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ქვეყნის წარმატებით ჯერ სათანადოდ ვერ სარგებლობს ბევრი ჩვენი მოქალაქე. უამრავ ოჯახში ჯერ არ იგრძნობა ქვეყნის წინსვლით მისაღები სიკეთე.

ამიტომ, დღევანდელი საზეიმო განწყობის მიუხედავად, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ნამდვილი ზეიმი იქნება მაშინ, როდესაც უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება მიზეზი იზეიმოს პირადი და ოჯახური წარმატება - მაშინ, როდესაც ჩვენი ხალხის უმრავლესობა იგრძნობს დამოუკიდებლობას უმუშევრობისა და გაჭირვებისგან.

საქართველო ამ შენობასავითაა - ლამაზი, მშენებარე, ოპტიმიზმით სავსე, მაგრამ ჯერაც დაუმთავრებელი.

ახალი საქართველოს შენება წარმატებით დამთავრდება მაშინ, როდესაც მისი ყველა მოქალაქე მიიღებს და იგრძნობს თავის წილ სარგებელს ქვეყნის საერთო წარმატებისგან.

ამიტომ, მოდით, დღევანდელი დღე ერთად ვაქციოთ დღედ, როდესაც ყოველი ჩვენგანი და უპირველესად, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უფრო მეტად გავაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, თითოეული იმ მოქალაქისა და ოჯახის წინაშე, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია ქვეყნის წარმატებით.

დღედ, როდესაც ყველანი ერთად ვზეიმობთ შენების ახლადდაწყებულ პროცესს - მაგრამ დავდებთ პირობას, რომ არ დავკმაყოფილდებით, არ გავჩერდებით, არ დავისვენებთ, არ მოვდუნდებით მანამ, სანამ დაწყებულ მშენებლობას ბოლომდე არ მივიყვანთ.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის უზრუნველვყოთ სარგებელის მიღება ქვეყნის განვითარებით; რათა გავაფართოვოთ იმ ადამიანთა წრე, რომლებიც საკუთარ თავზე გრძნობენ ქვეყნის წინსვლას.

ამისათვის ჩვენი გეგმა ითვალისწინებს ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობას და სამედიცინო დაზღვევის ყველა მოქალაქემდე მიტანას - სექტემბრიდან ახალი საპენსიო პაკეტი უკვე ყველა პენსიონერს უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევით. ასევე დაეზღვევიან 6 წლამდე ასაკის ბავშვები და სტუდენტები. ეტაპობრივად, საქართველოში არ დარჩება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც არ ექნება სამედიცინო დაზღვევა - ანუ არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ჯანდაცვის გარეშე. ჯანდაცვა არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ მატერიალურადაც ხელმისაწვდომი გახდება ყველასათვის.

ამისთვის, ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას - გავაგრძელებთ სოფლის მექანიზაციას და სასოფლო-სამეურნეო მიწების ირიგაციას, რათა ყველა ფერმერმა იგრძნოს ქვეყნის წარმატება საკუთარი ოჯახისა და საკუთარი მეურნეობის წარმატებაზე.

ამისათვის ჩვენ ყველა მოქალაქეს მივცემთ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების აქამდე არარსებულ შესაძლებლობას, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამსახურის შოვნა სახელმწიფოს მიერ გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის განვითარების, ახალი ჰიდროელექტროსადგურების, თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ახალი ქალაქებისა და პორტების მშენებლობისა და დამატებითი ინვესტიციების შემოდინების შედეგად.

 * * *

ამასთანავე, საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობაა დემოკრატიის თვალსაზრისითაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად იყოს ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, სამაგალითო - დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით.

შეუძლებელია ქვეყნის წარმატება საზოგადოებამდე მიიტანო, თუკი ყველაზე მაღალი სტანდარტით არ იქნება დაცული ხალხის დემოკრატიული უფლებები.

უმუშევრობისა და გასაჭირისგან გათავისუფლებას მხოლოდ თავისუფალი ხალხი ახერხებს. 

თუმცა არის კიდევ ერთი მიმართულება, რომლის მეშვეობითაც უფრო მეტად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის საყოველთაო განვითარება და ჩართულობა ქვეყნის წარმატებაში - ჩვენი ხალხის ნამდვილი თავისუფლება და შესაძლებლობა თავად მართოს საკუთარი ცხოვრება.

ეს არის დეცენტრალიზაცია - დეცენტრალიზაცია ეკონომიკური, დეცენტრალიზაცია ინსტიტუციური და სოციალური... დეცენტრალიზაცია მენტალური...

დეცენტრალიზაციით შეგვიძლია გაცილებით მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესით უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლოს არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში.

დეცენტრალიზაციით შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად და უფრო სამართლიანად გადანაწილდეს ხალხში ეკონომიკური ზრდა, გადანაწილდეს მოგება, გადანაწილდეს იმედი. 

ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი იდეალი იყო ის, რომ დაგვემთავრებინა საქართველოს დაყოფა ცენტრად და პერიფერიებად; პირველხარისხოვან რამდენიმე ქუჩად და მეორეხარისხოვან დანარჩენ საქართველოდ; ელიტად და უბრალო ხალხად.

ამიტომ არ იყო შემთხვევითი ის, რომ ვარდების რევოლუცია რეგიონებიდან დაიწყო, თბილისის გარეუბნებში კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება ჰპოვა და თბილისის ცენტრში ხალხის ერთიანი ნების შეუჩერებელ, უზარმაზარ ტალღად იქცა. 

ამიტომ არ იყო შემთხვევითი ის, რომ ჩვენი ყველა რეფორმა - იქნებოდა ეს განათლებისა თუ სხვა სფეროებში - მიზნად ისახავდა რეგიონებში, საქართველოს სოფლებსა და დაბებში მცხოვრები ჩვენი მოქალქეების აღჭურვას ისეთი შესაძლებლობებითა და უფლებებით, რომლებიც ადრე მხოლოდ დედაქალაქის ერთი პრესტიჟული უბნის მცხოვრებთა პრივილეგია იყო.

ამიტომ არ იყო შემთხვევითი, რომ ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებისას, ჩვენი მთავარი ორიენტირი იყო ის, რომ არა მხოლოდ ცენტრში, არამედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგვექმნა თანამედროვე ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტები, რათა ჯანდაცვის გარდა, ჩვენს ხალხთან სოციალური სამართლიანობაც მიგვეტანა.

ამიტომ არ იყო შემთხვევითი ის, რომ აღმშენებლობა არ შემოგვიფარგლავს მხოლოდ ცენტრით და განვავრცეთ სიღნაღში, ბათუმში, მესტიაში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ყვარელში, ზუგდიდში, ოზურგეთში... ამის შედეგია ქუთაისი... ამიტომ იხსნება ახალი ეკონომიკური ზონები და შენდება ახალი კურორტები...

ამიტომ არ იყო შემთხვევითი ის, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის პირველი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქიდან გავიდა.

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ; ყველაფერი, რასაც მე ვემსახურები, მიზნად ისახავს იმას, რომ ცენტრად ვაქციოთ არა ერთი უბანი, არამედ მთელი საქართველო; რომ შესაძლებლობა მივიტანოთ იქ, სადაც აქამდე ეს არასდროს ყოფილა; რომ მეგაფონი მივცეთ მას, ვისაც აქამდე ელიტის მიერ მუდმივად ჩუმად ყოფნა ჰქონდა განსაზღვრული. 

რომ სიტყვა მივცეთ მათ, ვინც ჩუმად, თავისთვის იტანჯებოდა; უფლებები მივცეთ მათ, ვინც განწირული იყო უუფლებობისათვის; მთავარი ადგილი გავათავისუფლოთ მათთვის, ვინც ყოველთვის მიტოვებული იყო ნებისმიერი გადანაწილების დროს.

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიები ანაწევრებდნენ და მართავდნენ ჩვენს ქვეყანას მისი დედაქალაქის ერთი ქუჩიდან.

ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალ პარლამენტს ქუთაისში - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი კონსტიტუციით, ქუთაისი ქართული პოლიტიკური პროცესების ნამდვილ ცენტრად გადაიქცევა. 

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავთავისუფლდეთ ცენტრისა და პროვინციის ძველმოდური კომპლექსებისგან.

ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, მე ყველას შევთავაზე ჩვენს მატარებელში ჩასხდომა - მატარებელში, რომელსაც მუდმივად უნდა ემოძრავა, რომელშიც არ იქნებოდა სხვადასხვა კლასის კუპეები და ყველა მგზავრი თანაბარი მომსახურებით ისარგებლებდა. ეს მატარებელი დაიძრა და  დღეს მან ქუთაისში ჩააღწია.

ჩვენ არ ვართ დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფილი საქართველო, ჩვენ არ ვართ კუთხეებად და რეგიონებად დაშლილი ქვეყანა, ჩვენ არ ვართ პრესტიჟული და არაპრესტიჟული ზონებისგან შემდგარი დასახლება, არ ვართ საზოგადოება, რომელიც იყოფა პრივილეგირებულ ელიტად და უუფლებო მასად, ელიტურ პროფესიებად და შავ მუშებად.

ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ერთი ერი, ერთი საზოგადოება, რომელშიც ცენტრია ყველგან და თანასწორი უფლებები და შესაძლებლობებია ყველასთვის!

ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, უპირველესად, ვაკეთებდით მათთვის, ვინც ყველაზე მიტოვებული,  ყველაზე მივიწყებული, ყველაზე დაჩაგრული იყო. უპირველესად, ამას ვაკეთებდით სოფლის მოსახლეობისათვის, რომელიც ქვეყნის მთავარ დოვლათს ქმნის და არაერთხელ გადაარჩინა საქართველო; ვაკეთებდით გარეუბნებისა და განაპირა ადგილების მცხოვრებთათვის, რომლებისთვისაც არასდროს არავის არ გაუყვანია კარგი გზა, არ მიუყვანია წყალი, არ შეუქმნია ელემენტარული პირობები. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ სწორედ იმ ხალხისთვის, ვისაც უანგაროდ, მთელი გულით უყვარს ქვეყანა, თუმცა ქვეყნისგან ბევრი არაფერი მიუღია.

აქვე, ქუთაისის მახლობლად არის პრომეთეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ამირანის მღვიმე. ამირანმა ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს და ხალხს დაუბრუნა. ახლა პოლიტიკური პრომეთეიზმის დროა, რათა პოლიტიკური ძალაუფლება აღარასდროს დარჩეს ერთი მუჭა ერთი და იგივე ჯგუფის ხელში, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ, თურმე, არამდიდარს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში; რომ სოფლელებს არაფერი ეკითხება ქალაქში, რომ გარეუბნელები გარეუბანში უნდა „დაეტიონ“; რომ ეთნიკური უმცირესობები თავისთვის, იზოლირებულად უნდა ცხოვრობდნენ და ყველას ბედს ერთი მუჭა ჯგუფი უნდა განსაზღვრავდეს - როგორც ეს ადრე იყო.

დროა ვთქვათ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით, ჩვენ ვუბრუნებთ ხელისუფლებას მას, ვისაც ის ეკუთვნის - მრავალეთნიკურ ქართველ ერს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

პალამენტის გადმოსვლით საქართველოს დაყოფა დასავლეთად და აღმოსავლეთად წარსულს ბარდება. პარლამენტი აღარ არის უბრალოდ რომელიმე ქალაქის, თუნდაც დედაქალაქის ცენტრში, ის გადმოდის საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში და იქცევა მისი ერთიანობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ ისევე, როგორც საუკუნეების განმავლობაში იყო ბაგრატი, რომლის აღდგენაც წელს დასრულდება.

* * *

თუმცა დეცენტრალიზაცია გულისხმობს სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც უფრო მეტ ძალას მისცემს ჩვენ მოქალაქეს განურჩევლად იმისა, თუ რომელ რეგიონსა და სოფელში ცხოვრობს ის.

ეს არის ადმინისტრაციული მართვის დეცენტრალიზაცია - ეს არის ხალხისთვის საკუთარი, ადგილობრივი ხელისუფლების გადაცემა. 

7 წლის წინათ ამ თვეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახლი კანონი, რომლის შედეგადაც უფრო მეტი ძალაუფლება გადაეცათ ადგილობრივ თვითმართველობებს.

2 წლის წინათ ჩვენ პირველად ჩავატარეთ თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები, რაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვნად წასწია წინ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესი.

გთავაზობთ, თამამი ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა შემდგომი დემოკრატიზაციის, დეცენტრალიზაციისა და ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების, უფრო მეტი ძალაუფლების გადაცემის გზაზე... 

უნდა დავაახლოვოთ ადგილობრივი ხელისუფლებები ხალხთან, ყველა რეგიონში უფრო მეტად გავზარდოთ თვითმართველობების ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე; უფრო მეტი გავლენა მივცეთ ხალხს და, შესაბამისად, უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შანსი ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის წინსვლით. 

* * *

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის და მოდით, ერთად აღვნიშნოთ ის.

მოდით, ერთად მოვიხაროთ ქედი მათ წინაშე, ვინც შესაძლებელი გახადა, ააშენა, მოიპოვა და დაიცვა ჩვენი თავისუფლება.

ვინც ეს დიდი შრომის, დიდი ბრძოლისა და დიდი თავგანწირვის ფასად შეძლო. 

ვინც ამას აკეთებს ახლა და გააკეთებს მომავალში.

მოდით, ერთად, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იმ უზენაესი ფასეულობის წინაშე, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრივი და ადამიანური თავისუფლება ჰქვია. 

მოდით, დავტკბეთ ამ ულამაზესი ახალი შენობით და იმ ახალი საქართველოთი, რომლის სიმბოლოსაც ის წარმოადგენს.

მაგრამ, ამასთან, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენი უმთავრესი საერთო მიზანი არის ის, რომ ყველა ოჯახში შეაღწიოს საქართველოს განვითარების სიკეთემ;  

რომ ინვესტიციების შემოდინების სიკეთემ შეაღწიოს ყველა ოჯახში სამუშაო ადგილებითა და გაზრდილი შემოსავლებით;

რომ ტექნოლოგიური განვითარების სიკეთემ შეაღწიოს ყველა ოჯახში მაღალი დონის ხელმისაწვდომი ჯანდაცვით;

რომ საზოგადოების გახსნილობის სიკეთემ შეაღწიოს ყველა ოჯახში ადგილობრივი ლიდერების პირდაპირი არჩევის უფლებით;

რომ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების სიკეთემ შეაღწიოს ყველა ოჯახში ახალი შესაძლებლობებითა და პერსპექტივებით;

ამ მიზნების მიღწევა იქნება ჩვენთვის ნამდვილი და სრულფასოვანი თავისუფლება - ეს იქნება ნამდვილი ზეიმი და ჭეშმარიტი დაფასება ჩვენი წინაპრებისა, რომელთაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას...

ჩვენ მხოლოდ ასე გავაგრძელებთ ახალი საქართველოს შენებას... ამ შენებაში კი არ ჩავიმუხლებთ, არ გავჩერდებით, არ დავიღლებით...

და აუცილებლად ვაქცევთ მას ისეთივე დიდებულად, საამაყოდ და ლამაზად, როგორიც პარლამენტის ეს ახალი შენობაა.

რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, ეს მხოლოდ ცენტრად და პერიფერიად დაყოფის გაუქმება არ არის. მე მსურს, საქართველოში ყველა გრძნობდეს, რომ სწორედ ის ადგილია ცენტრი, სადაც თავად ცხოვრობს - განხორციელებული სასიკეთო ცვლილებების შედეგად, კახეთი გრძნობდეს, რომ ის არის ცენტრი; გლდანი გრძნობდეს, რომ ნიჭიერი და მშრომელი ხალხით, ეკონომიკური აქტიურობით, სწორედ ის არის ცენტრი; რომ ცენტრი არის რუსთავი, რომელიც ხელახლა დგება ფეხზე და იმაზე მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ოდესმე ჰქონია; რომ ბათუმი უკვე დღეს ხდება  შავიზღვისპირეთის ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი - მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი; სვანეთი, რომელიც ყოველთვის მიტოვებული იყო ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში, ტურიზმითა და განახლებული კულტურული აქტივობით, გახდეს ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი; რომ თბილისის ცენტრი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე იყოს უფრო საამაყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავის ისტორიაში; რომ საფუძვლიანად მივიწყებული ახალციხე კვლავ გახდეს და უკვე ხდება კიდეც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო და ახლა უკვე ტურისტული გზების ახალი ძველი ცენტრი, რომელიც ისევ წარდგება მსოფლიოს წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით; ფოთელებმა უნდა იგრძნონ, რომ ფოთი არის ჩინეთიდან ევროპამდე ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი და ბოლოს და ბოლოს იცხოვრონ ისე, როგორც ამ სტატუსს ეკადრება; რომ ლაზიკა გახდეს ახალი უმნიშვნელოვანესი ცენტრი;

რომ როდესაც ჩვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებას ავისრულებთ - რაც ღრმად მწამს და პარლამენტის აქ გადმოტანა ასევე ამ მიზანსაც ემსახურება - აფხაზეთი და აფხაზები ისევ აღადგენენ ფაქტობრივ კავშირს ჩვენს ერთიან სამშობლოსთან, სოხუმი გახდება ახალი დიდი ცენტრი.

ბევრი ცენტრის გაჩენა არის ერთიანობის ყველაზე მყარი საფუძველი, ვინაიდან ყველას უჩენს თავის წილ პასუხისმგებლობას, თავის სასიცოცხლო დაინტერესებას საქართველოს ერთიანობასა და გაძლიერებაში.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას იმპერიები განიხილავდნენ განაპირა, საყვარელ, ზოგჯერ უბრალოდ გასართობ, ზოგჯერ სასარგებლოდაც, მაგრამ მაინც განაპირა ადგილად. საქართველო აღარასდროს იქნება არავის პერიფერია ან განაპირა ან დანამატი.

საქართველო იქნება ცენტრი ამ რეგიონისთვის, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ ევროპიდან შუა აზიამდე, რუსეთიდან – ახლო აღმოსავლეთამდე. ჩვენ უკვე ვართ ცენტრი რეფორმების ტუნისიდან მოსკოვამდე,  ვილნიუსიდან – ბიშკეკამდე, კიევისთვის...

ჩვენგან უკვე იღებენ მაგალითს, ჩვენ უკვე ვხდებით ცენტრი ვაჭრობის თვალსაზრისით.

ჩვენ ვიქნებით რეგიონის ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური და კულტურული ცენტრი...

ჩვენი მატარებელი აქ არ ჩერდება - ჩვენი მოგზაურობა გრძელდება. ჩვენი სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება და ამ ლიანდაგიდან ვერავინ ვერ გადაგვიყვანს. ხალხმა გემო გაუგო მოძრაობას და წინსვლას; ხალხმა გემო გაუგო, თუ რას ნიშნავს ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდნოდეს; გემო გაუგო არაკორუმპირებულ გარემოს, ერთიანობას და თავისუფლებას.

წარსულის ბნელი ძალები, რა ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ, როგორი ტყუილებიც არ უნდა ილაპარაკონ, რამდენიც არ უნდა იოცნებონ ხიდის დანგრევაზე ან ახალი მშენებლობების შეჩერებაზე, ვერ შეაჩერებენ ქართველი ხალხის სიჩქარეაკრეფილ მოგზაურობას.

მოგზაურობას პროგრესისკენ, ხელისუფლების და პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილებისკენ, ერთიანობისკენ, დასავლეთისკენ და ევროპისკენ და ე.ი. ყოველივე ამის შედეგად, საკუთარი თავისკენ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ვინაიდან ეს ახლადგაღვიძებული ძალა და ახლადაღმოჩენილი ენერგია, ჩვენი ორგანული ნაწილია. ძალიან მარტივი რამ გვჭირდება, უბრალოდ არ უნდა ვუღალატოთ, უნდა ვუერთგულოთ ჩვენს წინაპრებს, ჩვენს სახელოვან ისტორიას, საკუთარ თავს. დასაწყისში ჩვენი ლოზუნგი იყო - დავიბრუნოთ საქართველო. ჩვენ შევუდექით ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას, ჩვენი ნამდვილი ქართველობის, ჩვენი ევროპელობის დაბრუნებას, და ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორც არ უნდა გვიჭირდეს, როგორი ღრუბლებიც არ უნდა იყოს დღეს, ჩვენ გადავლახავთ გაჭირვებას, გავფანტავთ ღრუბლებს და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და თითოეული ჩვენგანის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას!  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)