Google+

სიახლეები

27.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მონაწილეებს მიმართა

მოგესალმებით ყველას!

საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა განათლების თვალსაზრისით.

ბოლო წლების განმავლობაში განათლების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ.

პირველი, რაც ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ დღემდე დიდ პრობლემად რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეზე არის ის, რომ განათლების სისტემაში დავძლიეთ კორუფცია.

კორუფცია ამ სისტემაში ნიშნავდა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების დროს აბიტურიებტები უთანასწორო პირობებში იყვნენ.

იყო კლასობრივი გრადაცია და ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა.  

საქართველოში დღეს უნივერსიტეტებში ჩაბარება სამართლიანების პრინციპს უფუძნება.

მეორე მნიშვნელოვანი რამ, რისი განხორციელებაც შევძელით, საშუალო სკოლებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორის და, ვფიქრობ, ერთადერთი ქვეყანა ვართ ჩვენს რეგიონში,  რომელმაც სკოლებში კომპიუტერების პროგრამა განახორციელა და თითო ბავშვზე თითო კომპიუტერი გამოყო.

ასევე, ვფიქრობ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ინგლისური ენის სწავლების მიზნით, რამდენიმე ათასი ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოიყვანა.

ამგვარად, რამდენიმე წელიწადში, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის თანახმად, ჩვენი ახალგაზრდობის 90 პროცენტს სრულად ეცოდინება ინგლისური ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეცოდინება თანამედროვეროვე ინფორმაციის ენა.

სწორედ ეს განასხვავებს მათ რეგიონის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მოზარდებისგან.

ამას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რუსული, სხვა უცხო ენები, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიცოდეთ ის ენა, რომელზეც ყველაზე მეტი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია.

ჩვენ შევძელით ყველა ქართული სკოლის ინტერნეტიზაცია - განვახორციელეთ იგივე პროგრამა, რაც ესტონელებმა გააკეთეს და მას ჩვენთან „ირმის ნახტომი“ ერქვა.

ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და ვნერგავთ ტექნოლოგიებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული ტექნოლოგიური კოლეჯი და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი იხსნება.

წელს ბათუმში ვხსნით ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, ეს მთავარი პროექტია.

საქართველოში ქართველებს რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა შეძლებიათ, ვფიქრობ, ყველამ კარგად დავინახეთ - ეს დაგვანახა გაჭირვებამ.

2008 წელს, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ემუქრებოდა საფრთხე, სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად, გაგვიჭირდა თავდაცვის იარაღის შესყიდვა.

მაშინ ჩვენმა ინჟინრებმა შეიარაღების 100 პროცენტით ქართული წარმოება დაიწყეს და შექმნეს საარტილერიო სისტემა, საფრენი აპარატები, ჯავშანტრანსპორტები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ანტისატანკო იარაღი...

ვიცი, რომ იარაღზე ლაპარაკი არაპოპულარულია, მაგრამ მაშინ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უპირველესად, იმისთვის, რომ ყველას დაენახა - საქართველო რუკიდან არ გამქრალა და განვითარებას აგრძელებს; და მეორე - ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, რადგან მივხვდით, რომ თავადაც შეგვძლებია ტექნოლოგიების წარმოება.

ზუსტად ასეთივე გამოცდილება ჰქონდა მაგალითად ისრაელს, სინგაპურს და ზოგიერთ სხვა იმ დროისთვის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას.

ჩვენ დავანახეთ, რომ გვქონდა ბაზა იმისათვის, რომ ქვეყანას ბიზნესთვითმფრინავები და სხვა ზემოხსენებული  ტექნოლოგიები ეწარმოებინა.  

ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რისი გაკეთებაც გვსურს.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველო მთელი რეგიონისა და საერთაშორისო მასშტაბით გახდეს  ცენტრი; ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ტექნოლოგიების ექსპორტიორები, ჩვენ ვხდებით ერთგვარი „ჰაბი“ ტურიზმის, ფინანსური ტრანზაქციების, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული, ლოჯისტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი მთავარი ამბიციაა, რომ საქართველო იყოს ცოდნის ცენტრი.

ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი უნიკალური აქ არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის იქმნებოდეს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენი სურვილი განათლებასა და ინოვაციას დაეფუძნება.

ის, რაც ჩვენ გამოვუშვით, ემყარება უკვე არსებულ ცოდნასა და საინჟინრო გამოცდილებას, არსებულ კადრებს და, უბრალოდ, მათ სწორ გადაჯგუფებას.

ის, რაც უნდა შეიქმნას მომავალში, დაფუძნებული იქნება მათ ცოდნაზე, რომელიც საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოში ახლა იღებს განათლებას, ახლა სწავლობს და დადის ამ ოლიმპიადებზე; ახლა მიდის პირველ კლასში, იღებს პირველ ლეპტოპს და იწყებს უცხო ენის შესწავლას. 

ის, ვინც დღეს ჩართულია ამ სისტემაში და თანასწორობის პირობებში ნულიდან იძენს ცოდნას, იზრდება სწორად, იღებს სწორ ინფორმაციას, განათლებას და უკეთესი მომავლის შანსს.

ეს ბავშვები არ არიან დაკომპლექსებული სხვადასხვა სტერეოტიპებითა და შეზღუდვებით.

ამიტომ არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამომგონებელთა ოლიმპიადა და მათ შორის ის, რასაც ჩვენ ვაპირებთ.

ამიტომ არის თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესი.

აქ რამდენიმე ათეული ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბავშვები, რათა ერთმანეთს შეეჯიბრონ ყველაზე კეთილშობილურ საქმეში - რაიმე ახლის გამოგონებაში.

მე გითხარით, რომ ჩვენ ყველაფერი იარაღით დავიწყეთ, მაგრამ იარაღი არის ნგრევის საშუალება, ან ნგრევისგან თავდაცვის საშუალება.

ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ აღმშენებლობის საშუალებები.

ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, განსაკუთრებული სამშენებლო ტექნოლოგიები;

ჩვენ უნდა შევქმნათ გადაადგილების ახალი საშუალებები;

ჩვენ მედიცინაშიც უნდა შემოვიტანოთ სიახლე, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

მაგალითად, ჩვენთან, საქართველოში ახლა შეიქმნა სრულიად ახალი სამედიცინო სექტორი და ჩვენი ამბიციაა ის, რომ  ევროპაში ჯანდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა გვქონდეს.

ამის მიღწევა ინოვაციების გარეშე შეუძლებელია.

თუ აქ ახალი არაფერი შეიქმნება, მხოლოდ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კორეიდან შემოტანილი ტექნოლოგიებით ვერ დავკმაყოფილდებით.

ესეც თქვენ უნდა გააკეთოთ, რადგან ეს ყველაზე კეთილშობილური საქმეა.

ჩვენს უნივერსიტეტებში სულ უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის სასწავლებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში სწავლების დონე ამაღლდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

უკვე ვგეგმავთ პროგრამების განხორციელებას აფრიკის ქვეყნებში, ამას ვიწყებთ ლათინურ ამერიკასთან, აზიურ და ასევე მეზობელ ქვეყნებთან.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მთლიანად იქნება გათვლილი ჩვენს მეზობლებზე.

ამას გარდა, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, რათა ბათუმშივე შეიქმნას ევროპული კოლეჯი, რომელშიც მთელი რეგიონის, მათ შორის, რუსეთის, უკრაინის, შუა აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნების სტუდენტები ისწავლიან.

საქართველოში ამის გაკეთება მარტივია, რადგან ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენთან  უვიზოდ შეუძლიათ ჩამოსვლა.  

ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გახდეს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების რეგიონალური ცენტრი.

რეფორმების თვალსაზრისით, ამას უკვე მივაღწიეთ, თუმცა მომავალში საქართველო უნდა იყოს ისეთივე ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც დღეს არის, მაგალითად, სინგაპური.

რაც შეეხება განათლების სისტემას, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ.

ამათგან, ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო გრანტის სისტემაა.

წარჩინებული აბიტურიენტები იღებენ 100-პროცენტიან გრანტს, ზოგს მხოლოდ ნაწილობრივ ვაფინანსებთ, არიან ისეთებიც, რომლებიც დაფინანსებას ვერ იღებენ.

ეს ისევ სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება - ადამიანი აბარებს და მიიღებული ქულების მიხედვით იღებს დაფინანსებას.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა მიზეზის გამო კარგად ვერ აბარებს, მაგრამ შემდეგ ბრწყინვალედ სწავლობს? დღევანდელი სისტემით, მას ოთხი წლის განმავლობაში მაინც უწევს სწავლის საფასურის გადახდა.

ამიტომ, მივმართავ უნივერსიტეტების რექტორებს: შევიმუშავოთ სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამა (კერძო სასწავლებლებში ჩვენ იურისდიქცია, ამ მხრივ, არ ვრცელდება) და წავახალისოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტების მისაღებ გამოცდებზე გრანტის მოსაპოვებლად არასაკმარის ქულებს დააროვებენ, მაგრამ წარჩინებულად ისწავლიან. დაფინანსების მოპოვების შანსი მათაც უნდა მიეცეს.

მერიტოკრატია ნიშნავს იმას, რომ ძლიერი მიიღებს დაფინანსებას, ხოლო სუსტი - ვერა.  თუმცა მიმაჩნია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შანსი გახდეს ძლიერი.

ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ ეს სისტემა.

ამას გარდა, ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც სტუდენტური ბარათების შემოღებას ითვალისწინებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე დავავალე კიდეც, რომ ამ ბარათების მფლობელებს შეეძლოთ, მაგალითად, 50-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობა საქართველოს რკინიგზასა თუ სხვა ტრანსპორტში, ასევე შეღავათები ჰქონდეთ სუპერმარკეტებში, წიგნების შეძენისა თუ სხვადასხვა მომსახურების მიღების დროს.  

ქართული სტუდენტური ბარათი სტუდენტისთვის იქნება ცხოვრების გამარტივების საშუალება.

ჩვენ გვჭირდება დაფინანსების ბევრად უფრო მოქნილი სისტემა და მეტი საშუალება, რათა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი.

ესეც ჩვენი ერთ-ერთი საპროგრამო საკითხია.

მინდა, წარმატება გისურვოთ თქვენს კეთილშობილურ საქმეში. წინა წლებში ისეთი გამოგონებები ვნახე, რომ გაოცებული დავრჩი.

იმედი მაქვს, რომ თქვენ ბევრად უფრო კარგები და ძლიერები იქნებით, ვიდრე ვართ ჩვენ.

გმადლობთ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)