Google+

სიახლეები

24.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში დღეს ახალი, მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გახსნა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიამ „GPI ჰოლდინგი“ ააშენა. მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს გაესაუბრა და საავადმყოფოში არსებული პირობებით დაინტერესდა. როგორც მან აღნიშნა, საუკეთესო პირობებში მკურნალობა უკვე საზოგადოების ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისათვის არის ხელმისაწვდომი.

პრეზიდენტმა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც მიმართა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მთავარი თანასწორობის იდეაა და ყველა რეგიონი,  ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს; ყველას ერთნაირი პირობები უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თვალსაზრისით.  მისი თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ არაკორუმპირებულ გარემოშია შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისა და დასაქმების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ფსიქიატრიის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ღვაწლმოსილ ექიმს მიხეილ სააკაშვილმა შემდგომი წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვლავაც  აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას, სამედიცინო საქმიანობასა და ახალგაზრდების აღზრდას.

ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე სადაზღვევო კომპანიამ „GPI ჰოლდინგი“ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო 70 საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრში პაციენტებს ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ და იქ 200 კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული, რომლებმაც გადამზადების კურსები საგანგებოდ გაიარეს. 

გურჯაანის სამედიცინო ცენტრში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)