Google+

სიახლეები

23.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ჭუბერში მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას - ჭუბერელებს, ხაიშიდან ჩამოსულებს...

დღეს ხშირად ისმის ტელეეთერით: გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება... დაიწყო ისტორიული მშენებლობა...

ძალიან ხშირად ეს ჩვეულებრივი ღონისძიებები და ჩვეულებრივი მშენებლობებია, მაგრამ დღეს მართლაც გრანდიოზული მოვლენა ხდება, რომელიც კიდევ ერთი ისტორიული მშენებლობის დასაწყისია სვანეთისა და მთლიანად საქართველოსთვის.

ენგურჰესის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ამ სიმძლავრის ჰესი არ აშენებულა, დამოუკიდებელ საქართველოში, თუნდაც ოთხი–ხუთი წლის წინათაც კი, ამ სიმძლავრის ჰესსზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.

ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ერთად დღეს, მართლაც, ძალიან დიდი მოვლენის წინაშე ვართ. დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეები და ადგილობრივი მცხოვრებლები იქნებიან.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები, კვალიფიციურად უნდა დავეუფლოთ მსგავს სპეციალობებს და მშენებლობის უფრო ეფექტიანად წარმართვა უნდა ვისწავლოთ.

ხუთ წელიწადში აქ იდგება 210 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველოში, მინიმუმ, გაორმაგდება ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე.

დღეს გვაქვს ჩვენი ჰესების საერთო დადგმული სიმძლავრე 1800 მეგავატი, რასაც კიდევ 2 300 მეგავატი დაემატება.

პრაქტიკულად, აქ გვირაბის მეშვეობით ხდება ორი მდინარის სხვაგან გადასროლა, აქ შენდება დიდი კაშხალი, 1000 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ე.ი. აქ, პრაქტიკულად, იმუშავებს ყველა, ვისაც, ზოგადად, მუშაობა შეუძლია.

ამ ხეობებში უმუშევრობაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.  

ეს მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ამუშავდება დანარჩენი საქართველოს წარმოება, ბიზნესი და, მთლიანად, ეკონომიკა.  

ეს არის პირველი ჰესი, რომელიც ამუშავებს ჩვენს ენერგეტიკას ზამთარში.

ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ახლა აბსოლუტურ სიბნელეში ვისხდებოდით.

წინა მთავრობას რომ გაეგრძელებინა საქართველოს მართვა, ის დენიც არ გვექნებოდა, რაც გვქონდა.

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლითანავე, 2004 წელს გაზის ტურბინა გავაკეთეთ, რათა  საქართველოს ენერგეტიკა არ გაჩერებულიყო. შემდეგ გავაკეთეთ რესტრუქტურიზაცია, შემდეგ ყველა მიმართულებით გავიყვანეთ ხაზები...

ხშირად მსმენია, რომ ამბობენ: რას გვამადლით დენს? არ გამადლით, უბრალოდ ვამბობ: ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, დენი არ იქნებოდა და ბავშვების კიდევ ერთი თაობა გაიზრდებოდა აბსოლუტურ სიბნელეში პირდაპირი და გადატანითი  მნიშვნელობით. ახლა სხვა პრობლემა გვაქვს. უკვე სხვა წლებთან შედარებით, იმდენად სწრაფად ვითარდება საქართველოს ეკონომიკა (შარშან ზრდის მაჩვენებელი შვიდი პროცენტი იყო, წელს დაახლოებით, 9 პროცენტს ვვარაუდობთ, მომავალი წლიდან მოყოლებული კი, მუდმივად 10 პროცენტი იქნება), რომ თუ 2015 წლამდე რამდენიმე ჰესს მაინც არ ავაშენებთ, ისევ შეგვექმნება დეფიციტი.

ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და არა იმიტომ, რომ ხალხმა მეტად გაანათა ბინები, არამედ იმიტომ, რომ საწარმოები ამუშავდა, ახალი ბიზნესები და ლოჯისტიკური ცენტრები იქმნება...

ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი საქმდება.

წყალს მოძრაობაში მოჰყავს ტურბინები, ტურბინებს მოძრაობაში მოჰყავს მთელი ეკონომიკა, ეკონომიკა კი მთავარია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წელში გიმართოს.

ამიტომ არის ეს წარმოუდგენელი მნიშვნელობის მოვლენა.

თუმცა წელს ეს არ არის მთავარი მოვლენა, რადგან სულ რაღაც ორიოდე თვეში ამაზე ბევრად დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ვიწყებთ ნამახვანზე.

ერთად, ნენსკრაჰესისა და ნამახვანჰესის სიმძლავრე იმის გათვალისწინებით, რომ ეს ენგურის სიმძლავრესაც აძლიერებს, გაუტოლდება ენგურჰესის სიმძლავრეს.

ე.ი. დამოუკიდებელ საქართველს შეძლებია შენება.

დამოუკიდებლობას გავუგეთ გემო და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს დამპყრობელს ყველაზე მეტად აშინებს ის, რომ თუ ქართველმა ხალხმა საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი.

ჩვენც შეგვძლებია ყველაფრის კეთება, ამიტომ უნდა ავითვისოთ ეს ტექნოლოგიები და თავად უნდა ავაშენოთ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ვაკეთებთ ახალ ლაბორატორიებს იქ არსებული  ფაკულტეტებისთვის.

როგორც ჩვენი მეგობრები ჩამოდიან და გვეხმარებიან ამის აშენებაში, ჩვენ ისე უნდა გავიდეთ შემდეგ უცხოეთში და სხვებს ავუშენოთ ობიექტები.

სხვათა შორის, უცხოური კომპანიები, რომლებმაც ქართველები დაასაქმეს, მაგალითად, ფარავანჰესის მშენებლობაზე, ახლა მათ შრომით რესურსს იყენებენ რამდენიმე კონტინენტზე სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობებზე.

ენერგეტიკა არის საქართველოს წარმატებისა და დამოუკიდებლობის ხერხემალი.

ჩვენ რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ისევ ვინმეზე ვიყოთ დამოკიდებული, როგორც 2005 წელს, როდესაც ყველა გაზსადენი და ელექტროსადენი გაგვითიშეს და ჩაგვაბნელეს, ხელი უნდა დაგვექნია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

ევროპის ქვეყნების 90 პროცენტიდან განსხვავებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ კაბალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და მუდმივად საოცარ პრობლემებს აწყდებიან, საქართველოს აქვს ერთ–ერთი ყველაზე საიმედო გაზმომარაგება მსოფლიოში და საკუთარი ჰიდროენერგეტიკა, ე.ი. დამოუკიდებელი ენერგიის წყარო.

ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ  საქართველოში აღარ არის კორუფცია და ჩვენი ხალხი არ დაუშვებს მის დაბრუნებას.

მსოფლიოს საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ქართული და საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების მხოლოდ 0,1 პროცენტი აღნიშნავს, რომ შეხება ჰქონდა კორუფციასთან. სიმართლე რომ ვთქვა, პირადად მე, ვფიქრობ, რომ ტყუიან, თუმცა თუნდაც ეს 0.1 პროცენტი მართლა რომ იყოს, ამასაც ბოლომდე ამოვძირკვავთ.

0,1 პროცენტი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევასუსტებთ მუშაობას.

ჩვენი სურვილია, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ყველაზე კარგად და ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ უმუშევრობის პრობლემა.

ამისთვის, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, ტექნიკური სკოლები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტები და მზადყოფნა იმისა, რომ თავად გავაკეთოთ ყველაფერი, ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ენერგეტიკულ შიმშილს, ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ უიმედობას და ხვალინდელი დღის შიშს.

დღეს სწორედ ამას ეყრება აქ საფუძველი.

მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს რკინიგზას, კერძოდ, მის ხელმძღვანელს ირაკლი ეზუგბაიას, რომელიც ამ ყველაფრის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალაა, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს და ჩვენს ენერგეტიკოსებს, ყველას, ვინც მოლაპარაკების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

თქვენ ნახეთ, რომ „ტრამპი თაუერის“ დიდი ცენტრის მშენებლობა იწყება ბათუმში, კიდევ ბევრი სხვა რამ კეთდება. რა თქმა უნდა, პრობლემები ბათუმში არის, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, უკვე ახალი ქალაქია.

შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ მხოლოდ სასტუმროებისა და მსგავსი ცენტრების აშენებაზე ვზრუნავთ, მაგრამ დღევანდელი მშენებლობის მასშტაბი და მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენი.

პირადად მე, მახარებს, თუნდაც, 10 კაციანი ბიზნესის წამოწყებაც, რადგან ეს არის 10 წელში გამართული ოჯახი.

დღევანდელი მოვლენები ისეთია, როგორიც შეიძლება ხდებოდეს ერთხელ ან ორჯერ მთელი თაობის ცხოვრებაში, მაგრამ მზად ვარ ყოველდღიურად გავხსნა პატარა 10-კაციანი წარმოებები, რომლებიც იმ 10 ადამიანის ოჯახის ცხოვრებაში, მართლაც, მთავარი მოვლენა იქნება.

საქართველოს მთავრობა არის საქართველოში ბიზნესის ე.ი. ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის სამსახურში.

ახლა დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს ახალი მშენებლობის დაწყების დოკუმენტს და აქ აგუგუნდება ბულდოზერები და ტრაქტორები.

მე ძალიან მიყვარს სვანეთი - სვანეთი არის საქართველოს უმდიდრესი მხარე, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს.

უპირველესად, სვანეთის რესურსი სვანეთში არის ხალხი, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დანარჩენი.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)