Google+

სიახლეები

22.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა და დონალდ ტრამპმა „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციისას ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მართლაც, დიდი მოვლენაა, რომ „სილქ როუდ ჯგუფი“ და Trump Organization ერთად იწყებენ ამ დიდი პროექტის განხორციელებას.

წლის დამლევს ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებული იქნება და მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გადავალთ.

აქაურობა მთლიანად იცვლება - აქვე იქნება „ტრამპ თაუერის“ იახტკლუბი, მის უკან კი - მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო კომპანია "როიალ კარიბიანი" ააშენებს ახალ პორტს; შენდება 50 სართულიანი შენობები.   

მთელ შავიზღვისპირეთში საქართველო, ჯერჯერობით, ერთადერთი ადგილია, სადაც „როიალ კარიბიანი“ შემოდის.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი რესურსი არ გააჩნია, მაგრამ საქართველოს ფენომენი ისაა, რომ გეოპოლიტიკურად რთული რეგიონის ამ პატარა ქვეყანაში 21 საუკუნის სასწაული შენდება; ჩამოდიან ამდენად დიდი ადამიანები - ამ სფეროში ნამდვილად არ არსებობს უფრო დიდი სახელი, როგორიც დონალდ ტრამპია.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავარი რესურსი არის ჩვენი ხალხი, ბათუმის მთავარი რესურსი არის ბათუმელები და აჭარლები და ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ ამ ხალხს ჰქონდეს ნათელი მომავალი.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ახლახან ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმად, ქართველ ბიზნესმენთა 75 პროცენტი კმაყოფილია საინვესტიციო კლიმატით.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ მთავარი აქ არის ის,  რომ გამოკითხულთა მხოლოდ 0,1 პროცენტს აქვს კორუფციასთან შეხება.

7-8 წლის წინათ ამას 99 პროცენტი ამბობდა...

სწორედ ეს არის მთავარი ცვლილება, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ეხმარება ბიზნესს და ყველასთვის თანაბარ პირობებს ქმნის.  

საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც მთელ ზოგადოებას აძლევს შანსს გახდეს ბიზნესის წარმომადგენელი და არა საკუთარ ნათესავებს.

საქართველოში არის კანონები, რომელიც იცავს ყველას და საქართველოს აქვს სახელი იმის მიუხედავად, რომ გარე ძალები ცდას არ აკლებს შელახონ ის.

საქართველო კაშკაშა ვარსკვლავი ხდება მთელი რეგიონისთვის, განვითარებისა და უკეთესი მომავლის შეთავაზების თვალსაზრისით.

აი, ეს არის ის, რაც საქართველოში ხდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მოვლენაა.

გუშინ თბილისში კირიაკ ზავრიევის ლაბორატორიაში ვიყავი და ვნახე ახალი სამშენებლო ინსტიტუტი, რომელიც მშენებლობების ხარისხს ამოწმებს.

როგორც იქ მითხრეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში შეკვეთები, დაახლოებით, 8-ჯერ გაიზარდა.

მარტო ბათუმში, თითქმის, 2 მილიონი კვადრატული მეტრი შენდება, ანუ შენდება იმაზე მეტი, ვიდრე 150 წლის განმავლობაში აშენდა.

საქართველო უძველესი ქვეყანაა  და ისტორიის არც ერთ ეპოქაში ასეთ მოკლე პერიოდში ერთბაშად ამდენი რამ არ აშენებულა, რამდენიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენდება.

 ჩვენი რესურსი არის თავისუფალი ეკონომიკა, თავისუფალი პოლიტიკური სისტემა, კორუფციის არქონა, ეფექტური მთავრობა და ძალიან ნიჭიერი ხალხი.

რა თქმა უნდა, ბათუმშიც ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებაა და არის ხალხი, ვისაც დახმარება სჭირდება.

საქართველოში შარშან, თითქმის, 2 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა და წელს გვეყოლება უფრო მეტი და ვვარაუდობ, რომ უახლოეს 4-5 წელიწადში აქ, მინიმუმ, 5 მილიონი ტურისტი გვესტუმრება.

ბათუმი არა მხოლოდ შავიზღვისპირეთის საუკეთესო ქალაქი გახდება, რაც თავიდანვე იყო ჩვენი ჩანაფიქრი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და გარშემო ქვეყნების ყველაზე ლამაზი და წარმატებული  ადგილი.

სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთის გარდა, კონტინენტურ ევროპაში დონალდ ტრამპის ორგანიზაციას მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ საინვესტიციო პროექტში და არსად არ დგას შენობა ტრამპის სახელით.

ამ მხრივ, საქართველო არის პირველი ქვეყანა კონტინენტურ ევროპაში.

არც ისაა შემთხვევითი, რომ თურქეთის შემდეგ, სწორედ თბილისში გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მთელი კონტინენტური ევროპის მასშტაბით.

საქართველოში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, მაგრამ ბევრი გეოპოლიტიკური რისკის წინაშე სწორედ იმის გამო ვდგავართ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი იყოს  რეგიონის შემაკავშირებელი და ერთერთი უდიდესი ცენტრი ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიების მიმართულებით.

აქვე შენდება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ახლა რომ შეხედოთ მას, გაგიკვირდებათ, მაგრამ სექტემბრის დამლევს შენობა ორჯერ უფრო მაღალი, დასრულებული და გახსნილი იქნება.

ამ უნივერსიტეტის მშენებლობა არც დღისით გაჩერებულა და არც ღამით, რადგან დასვენების დრო არ გვაქვს.

ახლა შენების დროა.

საქართველოში მსოფლიოს ყველაზე დიდი მშენებელი, ყველაზე დიდი დეველოპერი დონალდ ტრამპი ჩამოვიდა. ეს არა მარტო დიდი სახელია, არამედ დიდი პიროვნებაც.

გვხვდება დიდი სახელები, რომლებიც პიარის პროდუქტია და არიან დიდი პიროვნებები, რომლებიც შეესაბამებიან თავის სახელს.

ბევრი დიდი სახელი ვიცით, მაგრამ დონალდ ტრამპი, თითქმის, ერთადერთი გამონალისია, რომელიც შეესაბამება თავის დიდ სახელს.

იგი კიდევ უფრო დიდი პიროვნებაა, ვიდრე სახელი აქვს.

დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც განჭვრეტის წარმოუდგენელი უნარი აქვს.

ახალი ამერიკა, რეალურად, მისი აშენებულია.

ამერიკა ახალი ქვეყანაა და როდესაც ახალ ქვეყანას ვიღაცა ხელახლა აშენებს, ამისთვის ეს უნარი აუცილებელია.

საქართველო უძველესი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენც გვჭირდება მისი ახლიდან აშენება.  

ამიტომ, თუ ვინმეს მსგავსი უნარი აქვს ამ სფეროში, თუ ვინმეს ჩამოსვლა მიიჩნევა ქვეყნის წარმატების ნიშნად და თუ ვინმე შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მუდმივად რისკავენ და არ ექცევიან პესიმისტების გავლენის ქვეშ, ეს არის დონალდ ტრამპი.  

ბევრჯერ გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დამთავრებულია, მაგრამ იგი არასდროს არ დანებებულა, ხელი არ ჩაუქნევია და ყოველ ჯერზე ხელახლა ინაზღაურებდა იმას, რაც რამდენჯერმე დაკარგა.

მან ზუსტად იცის რა სურს და ვერაფერი შეაჩერებს მიზნის მისაღწევად.

ყოველივე ეს ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი და მისაღებია.

ჩვენ ბოლო ორი დღე ერთად გავატარეთ და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, რადგან საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე ჩამოვიდა.

მსურს, მას გადავცე სიტყვა.

უახლოეს თვეებში ვიწყებთ ამ დიდ მშენებლობას, მაგრამ გარშემოც აქ ყველაფერი შენდება. როგორც ვთქვი, ამ ქალაქს ვაქცევთ შავიზღვისპირეთის  სინგაპურად ან უფრო მაგარ ადგილად, რომელიც გამორჩეული იქნება სიმდიდრით, წელში გამართული ოჯახებით, საუკეთესო პერსპექტივებით მომავალი თაობებისთვის.

ეს არის არა მხოლოდ ჩემი ამბიცია, არამედ რეალისტური გეგმა და დონალდ ტრამპის აქ ყოფნა ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარანტია.

 

Trump Organization-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო.

ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და მივულოცო ქართველებს, მათ შორის, იმ გუნდს, რომელთანაც ვთანამშრომლობ.  

გიორგი რამიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარგად გავიცანი - იგი არასდროს არ ჩერდება და სურს, რომ ყველაფერი განსაკუთრებული და დიდებული იყოს.

მე და მაიკლ კოენი, მთელი ჩემი გუნდი სწორედ ამიტომ დავთანხმდით ამ პროექტში მონაწილეობას - ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც და იმედის თვალით ვუყურებთ ყველაფერს.

ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდებული იქნება, ვიდრე წარმოგვედგინა. აქ იმყოფება ჩვენი არქიტექტორიც და უნდა აღვნიშნო, რომ მთელმა გუნდმა კარაგად იმუშავა. 

თუმცა ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, საქართველოში განხორციელებული სამუშაოებიდან,  ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი სამუშაო პრეზიდენტმა შეასრულა.

ეს დიდი პატივია საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის. შესაძლოა, ეს თქვენთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ყველაფერი, რაც აქ კეთდება, კეთდება თქვენთვის.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შესახებ ამ რეგიონის გარეთაც ბევრს საუბრობენ - მსოფლიო ალაპარაკდა იმ სასწაულზე, რომელიც აქ ხდება და ეს პრეზიდენტის დამსახურებაა.

მინდა მოგილოცოთ ის წარმატება, რომელსაც ამ განსაცვიფრებელი სამუშაოს შესრულების შედეგად მიაღწიეთ.

მერწმუნეთ, თქვენ ამ რეგიონის მიღმაც დიდი ადამიანი ბრძანდებით - თქვენზე წიგნებს წერენ!   

სწორედ ამიტომ, ჩემთვის ეს დიდი პატივია და მოუნთმენლად ველი აქ დაბრუნებას.  

ჩვენ აქ ბრწყინვალე დრო გავატარეთ, ეს სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი აქტივობის მომსწრე გავხდი.

საქართველოში კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ. აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, გიორგის, ჯონს [პროექტის არქიტექტორი], მაგრამ განსაკუთრებით მსურს პრეზიდენტს მივულოცო.

დიდი მადლობა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)