Google+

სიახლეები

29.03.2012
მიხეილ სააკაშვილმა სეულში ვიზიტის შედეგები შეაჯამა

კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

„სამხრეთ კორეა ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ძალიან ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან. გეოპოლიტიკური პრობლემების შედეგად, ქვეყანა ორად არის გაყოფილი და სადემარკაციო ხაზი დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გადის. მთელი ამ  პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყო დაძაბულობის ზღვარზე და ამხელა ზემოქმედებისა და თავსდამტყდარი უბედურების მიუხედავად, 70-იანი წლების შემდეგ ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდა, ასევე ძალიან სწრაფად შეძლო ადგილის დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე, ამ რეგიონში და ყველასათვის სანიმუშო გახდა. ეს მათი წარმატებული რეფორმების დამსახურებაა. საქართველოსთვის ეს მაგალითია, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ კიდეც.  სხვათა შორის, სხვები ამბობენ, რომ საქართველო ზუსტად ისევე გახდა რეგიონის მისაბაძი მაგალითი, როგორც კორეა - თავისი რეგიონისთვის.

დღეს, როდესაც საქართველოში არსებულ პრობლემებზე ვფიქრობთ - ჩვენთან ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა - უნდა გავითვალისწინოთ, რომ 70-იან წლებში, როდესაც კორეამ დაიწყო სწრაფი განვითარება, შემოსავალი აქ დაახლოებით ათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე საქართველოში. ეს იყო ძალიან ღარიბი ქვეყანა და სიღარიბის დასაძლევად მათ უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. ის, რაც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელიწადში გავაკეთეთ, მათ, დაახლოებით, ორი ათწლეული წელიწადი, შეიძლება, მეტიც კი დაჭირდათ - 50-იანი წლების შემდგომ, პრაქტიკულად, 70-იანი წლების დამლევამდე. ასე რომ, საქართველოსთვის ეს არის ნიმუში.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვხვდებოდი ბიზნესჯგუფებს და ძალიან ბევრი პროექტი დაიგეგმა - ბათუმში აშენდება სასტუმრო, თბილისში - უზარმაზარი, მრავალპროფილური საავადმყოფო, ასევე განხორციელდება ენერგეტიკული პროექტები, აპირებენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. გუშინ რამდენიმე მემორანდუმს მოეწერა ხელი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ლაპარაკია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მათი ჩამოსვლის შემდეგ ჩაიდება. თავის მხრივ, ეს არის ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი და სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კორუფციის არ ქონით, გამჭირვალობით, რეფორმების შედეგებით აბსოლუტურად უნიკალურია ჩვენს რეგიონში. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და ჩემთვის ეს არის მაგალითი როგორ უნდა წავიდეთ წინ. სხვათაშორის ორი მთავარი სექტორი რაც მათ აქვთ ეს არის განათლება და ჯანდაცვა. ზუსტად ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასე, რომ ეს ძალაინ საინტერესო ვიზიტი იყო. თავისთავად, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ძალიან საინტერესო იყო. შესაძლოა, საქართველო ბირთვული ქვეყანა არ არის, მაგრამ ჩვენს მონაწილეობას სიმბოლური პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ხაზგასმით მიანიშნებდა საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას. თანაც ამ სამიტის დამფუძნებელთა შორის ჩვენ ერთ-ერთი ვართ. სამიტზე წარმოდგენილი იყო ჩვენი  რეგიონის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც სწორედ იმის გამო დაემატა, რომ საქართველო იყო აქ. შესაძლოა, ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს ძალიან არ სიამოვნებდეს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ფორუმებში პირველ რანგში ვართ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის წინ პოლიტიკურ ცხედრებად გამოგვაცხადეს. მათ მოუწევთ ამასთან შეგუება, თანაც დიდი ხნით, რადგან არც საქართველო გაქრება სადმე, არც მისი დღევანდელი კურსი შეიცვლება და ვერც საქართველოს მთავრობის მიმართ განახორციელებენ ჩანაფიქრს, რომელიც მიაჩნდათ უკვე შესრულებული ჰქონდათ. მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ ჩვენ სადღაც „ავორთქლდებით“.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც ახლა ადგილობრივი ბიზნესები მუშაობენ, ეს არის ავიამიმოსვლის პირდაპირი რეისების გახსნა სეულსა და თბილისს შორის. საერთოდ, ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონალური ცენტრი ტრანსპორტის, განსაკუთრებით კი საჰაერო ტრანსპორტის თვალსაზრისით, რაც გააკეთა სინგაპურმა. სხვათა შორის, სინგაპურში გამოვიარე და, ერთი მხრივ,  გაოგნებულ ვიყავი, ხოლო, მეორე მხრივ, მივხვდი, რომ ჩვენც ზუსტად იგივეს ვაკეთებთ. დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ. ვნახე ეს მაღალი შენობები, მაგრამ, მაქსიმუმ, 5-8 წელიწადში ზუსტად იგივე გვექნება ბათუმსა და საქართველოს სხვა  ადგილებში. მას შემდეგ, რაც სინგაპურისა და ახლა კორეაც ვნახე, მივხვდი, რომ ვინც რა უნდა თქვას, მათ შორის,  გვაკრიტიკონ იმის გამო, რომ აზიურ მოდელებს ვიღებთ, აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ვითარდებით. სხვათა შორის კორეელები ძალიან გვანან ქართველებს - თბილი და სტუმართმოყვარე, სპონტანური, აზიაში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ძალიან საინტერესო კულტურით.

ამას გარდა, ჩვენ აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ აქ ქართული ღვინო. აქ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით, ძალიან უყვართ ღვინო და იციან მისი ფასი. სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ნახავ ღვინის მსოფლიო მარკებს. ხშირად ჩვენი კომპანიები ვითარდებიან იმ ბაზარზე, რომელიც უკვე გაჯერებულია ყველაფრით. აქ არის ძალიან  ცნობისმოყვარე ხალხი, ახლა ეძებენ სიახლეებს და მსგავს საკითხებს უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი  ღვინის გასაღების პრობლემა საერთოდ არ არის და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მეღვინეებს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ.

ამას გარდა, ბევრი სხვა პროექტის განხორციელებაც იგეგმება, მაგალითად, ტურიზმის განვითარების მხრივ. როგორც გითხარით, ბათუმში უახლოეს თვეებში სასტუმროების აშენებას დაიწყებენ -  კორეული ბიზნეს ჯგუფი სერიოზული სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ელექტროგანათების წარმოების ქარხანას ხსნიან, რომლის პროდუქცია მთელი რეგიონის მასშტაბით გავა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი დასაქმდება, მაგრამ პროდუქცია იქნება საექსპორტო. ასევე, ელექტრომობილების ბატარეის ქარხნის შექმნას აპირებენ და  საქართველოში, სადაც უკვე გვაქვს საინჟინრო ტექნოლოგიები, რომლითაც უნდა ვაწარმოოთ ლაზიკა და დიდგორი, უკვე აღარავის დააეჭვებს ქართველთა შესაძლებლობები და მათი ინტელექტუალური ბაზა. ამიტომ, ეს ხალხი უნდა მოვიზიდოთ. წარმოების განვითარების  საკითხებზე საუბრისას, უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ეს იმ ადამიანების საქმეა, ვისაც ამის გამოცდილება აქვს და ეძებს ისეთ პირობებს, რომელშიც ქრთამს არავინ არ გამოართმევს, საუკეთესო გარემოა შექმნილი და განათლებული ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)