სიახლეები
27.03.2012
მიხეილ სააკაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით წარსდგა. დღეს გაიხსნა პლენარული სესია, რომლის სახელწოდებაა: „ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, სამომავლო ვალდებულებების ჩათვლით“. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სწორედ ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო. საქართველოს პირველმა პირმა ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მხარეებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა. მან, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა.
ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების საფრთხეებსა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, გამოსვლისას, სამიტის ყველა მონაწილე შეეხო.
პლენარული სესიის დასრულების შემდეგ, სეულში შეკრებილი ლიდერები ერთობლივ კომუნიკესაც მიიღებენ.
სამიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ლიდერებთან განაგრძობს შეხვედრებს.