სიახლეები
28.02.2012
მიხეილ სააკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ კარელ დე გუხტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისარს კარელ დე გუხტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა სერია გახსნეს და მომავლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.
კარლ დე გუხტის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე ეკონომიკური კავშირების განვითარების მთავარი მექანიზმი იქნება. მისი თქმით, მოლაპარაკების დაწყება ადასტურებს ევროკავშირის მზაყოფნას გააღრმავოს პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებთან. ამას გარდა, მან იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი მოლაპარაკება სწრაფად წარიმართება და ეკონომიკურ კავშირს გაუკვალავს გზას. ევროკომისრის ვიზიტი წინ უძღვის მოლაპარაკების პირველ რაუნდებს, რომლებიც მარტის ბოლოს გაიმართება.
კარლ დე გუხტის ვიზიტის დროს, მხარეები ასევე იმსჯელებენ სავაჭრო სივრცის შექმნის თაობაზე და დადასტურდება ის პარამეტრები, რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ მოლაპარაკების პროცესის მონაწილეები.
საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ძირითად სავაჭრო და ინვესტიციებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ სფეროებში.