სიახლეები
17.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში დღეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა და სიმბოლურად, ტრაქტორით პირველი თხრილიც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი მეგზევეებსა და მშენებლებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წლის დამლევისთვის რუსთავი-ბათუმის გზატკეცილის ძირითადი ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება.
„2013 წლის დამლევს, რიკოთისა და გზის რამდენიმე პატარა მონაკვეთის გარდა, რუსთავი-ბათუმის მაგისტრალის მშენებლობა მთლიანად დასრულდება. ეს გზა ქუთაისის აეროპორტიდან 2 კილომეტრით იქნება დაშორებული. სექტემბერში იწყება ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა, სადაც ევროპიდან და აზიიდან იაფი რეისები შესრულდება. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ თბილისის აეროპორტი განიტვირთოს. ამავდროულად, თბილისის ცენტრიდან მგზავრები ქუთაისის აეროპორტში ამ ავტობანის საშუალებით 2 საათზე ნაკლებ დროში შეძლებენ ჩასვლას, საიდანაც თბილისის აეროპოტთან შედარებით, სამჯერ იფრო იაფად იმგზავრებენ. შესაბამისად, თბილისის აეროპორტშიც იძულებული გახდებიან ბილეთების ფასი დაწიონ. ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი აეროპორტი გვექნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ავტობანი პარლამენტთანაც ახლოს იქნება და წყალტუბოშიც გაივლის, სადაც აგვისტოდან ფართომასშტაბიან აღმშენებლობას ვიწყებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის მონაკვეთი 17 კილომეტრიანია და იმერეთის 58 კილომეტრიანი გზის შემადგენელი ნაწილია. შემოვლითი გზა იმერეთის დიდ ქალაქებში სატრანზიტო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს და ზესტაფონსა და სამტრედიას ერთმანეთთან ქუთაისის გავლით დააკავშირებს. აშენდება სრულიად ახალი, ორზოლიანი მაგისტრალი, 6 ხიდი, რომელთაგან ერთი სარკინიგზო გზაგამტარი იქნება, მოეწყობა 4 სატრანსპორტო კვანძი და შესრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა იაპონიისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს კოორდინირებას. პროექტის ფარგლებში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება.