Google+

სიახლეები

16.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას განაცახადა, საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი სამაგალითოა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

„აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი სამუშაო ფორმატი, კარგი და წარმატებულია. ჩვენი ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამივე ქვეყნის განვითარებაში. თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო აზერბაიჯანი - ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი - ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანიდან 800 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ე.ი. უარმავი სამუშო ადგილი შეიქმნა და უამრავ ქართულ ოჯახს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს, პრაქტიკულად, დასრულდება და საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროპის რკინიგზასთან შეაერთებს. თურქეთი ჩვენთვის ხდება ფანჯარა ევროპაში. სახმელეთო კომუნიკაციებით ჩვენ იზოლირებული ვიყავით ევროპისგან, ეს რკინიგზა კი, მართლაც გარღვევაა ჩვენი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით. საქართველო-თურქეთს შორის  გაიხსნება ახალი საბაჟო პუნქტები, კერძოდ, კარწახში და მაჭახელას ხეობაში. ამას გარდა, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი გაფართოვდება თურქეთის მხრიდანაც, ისევე როგორც ეს ჩვენს მხარეს გაკეთდა. ზუსტად ასევე ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან და იზრდება არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა. ეს ხელს უწყობს ჩვენი ტურისტული სექტორის განვითარებას და ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავებას. აზერბაიჯანის დახმარებით, წელს საქართველოს გაზიფიცირება, ძირითადად, დასრულდება - ბუნებრივი გაზი ქართული ოჯახების 80 პროცენტს ექნება. განსაკუთრებით ამ ცივ ზამთარში ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ენერგეტიკულ თანამშრომლობას. იმ პირობებში, როდესაც ევროპას სერიოზული პრობლემები შეექმნა გაზით მომარაგების მხრივ, ენერგეტიკული მომარაგების თვალსაზრისით საქართველოს პრობლემა საერთოდ არ ჰქონია და ეს აზერბაიჯანის დამსახურებაა. ჩვენ სახელმწიფოებრივი ფორმატი შევქმენით და ის, რომ ამდენი ჰიდროელექტროსადგური შენდება, ჩვენი ხაზებია აზერბაიჯანსა და თურქეთში, დენის გაყიდვაც შეიძლება, ენერგეტიკის სფეროში უამრავი სამუშაო ადგილიც შეიქმნება და გაჩნდება შესაძლებლობა ჰესების შენების პარალელურად და შემდეგ გაიხსნას საწარმოები. საბოლოოდ, ჩვენს ქვეყნებში ეს უმუშევრობისა და სიღარიბის გადალახვის ერთადერთი გზაა. ვერა ქობალია ძალიან აქტიურად დადის ორივე ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტროსთვის, ისევე როგორც სხვა ჩვენი უწყებებისთვის ძალზე  პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა, უპირველესად მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს თურქი მეზღვაურების გათავისუფლებისა და მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის და ასევე იმ დახმარებისთვის, რომელიც საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გაუწია მეგობარ ქვეყანას. ზაფერ ჩაღლაიანმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა, მათ წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ თურქული მხარე მზად არის საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყოს ხელი.  

„კმაყოფილებით ვადევნებთ თვალს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ გადადგა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. აქვე მინდა გადმოგცეთ თურქი ხალხის მადლიერება სომალიში დატყვევებული პირები, 3 თურქი მოქალაქის განთავისუფლების და ჩვენთან ჩაბარების გამო და ასევე ჩვენთან მიწისძვრის დროს დაზარალებულებისათვის თქვენს მიერ საქართველოს მიერ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისათვის. მე საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ თავს უცხოდ არ ვგრძნობ. თქვენ, ჩვენმა პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა უკვე გახსენით გზა, რომელიც ჩვენ - მინისტრებმა და ბიზნესმენებმა კიდევ უფრო უნდა გავაფართოვოთ. ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ინიციატივით, ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დიდად გემადლიერებით საბაჟო სფეროში აქტიური თანამშრომლობისთვის. იმედია, მალე ძალაში შევა ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც სამაგალითო იქნება მთელი მსოფლიოსათვის. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის ყველანაირი თანადგომა გაუწიოს ამ ქვეყანას, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს ბიზნესმენებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ინვესტიციები ჩადონ. გუშინ საღამოს, როგორც კი საქართველოში ჩამოვედი, შევხვდი ინვესტორს, რომლის ნათქვამმა გამაოცა. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდი - ბოლოსდაბოლოს, ეკონომიკის მინისტრი ვარ. ბიზნესმენმა მითხრა, რომ მან ერთ დღეში ჩამოაყალიბა ფირმა, რომელიც იმავე დღეს დაარეგისტრირა, ასევე იმ დღესვე დაიდგა ტელეფონი და ჩართო ინტერნეტი და საბანკო ანგარიშიც გახსნა. ეს უკვე ყველაფერის მაჩვენებელი და მთქმელია. ამისთვის მართლაც დიდ მადლობას გიხდით და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ეკონომიკისათვის, მესმის არა მხოლოდ როგორც ეკონომიკის მინისტრს, არამედ როგორც ყოფილ ბიზნესმენს. უეჭველია, რომ ყოველივე ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს აღორძინებისა და განვითარების სახით დაუბრუნდება“, - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა პრეზიდენტთან შეხვედრისას.

ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარების მინისტრმაც ისაუბრა. შაჰინ მუსტაფაევმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირსა და საერთაშორისო მასშტაბის ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მას მიაჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ორ ქვეყანას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე დღეს იყენებს, ამიტომ, მომავალი საქმიანობის წარმართვას სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.    

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოსთან ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და მხოლოდ პარტნიორულ ხასიათს არ ატარებს. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია და ვთანამშრომლობთ როგორც შიდა რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებით, ისე საერთაშორისო მასშტაბის პროექტების მხრივ. ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე თურქეთთან ერთად, ჩვენც აზერბაიჯანი და საქართველოც ზრუნავს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. მიგვაჩნია, რომ ამის შესაძლებლობას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კიდევ უფრო გაზრდის. მსურს აღვნიშნო, რომ ამ მსხვილმასშტაბიანი პროექტების გარდა, აზერბაიჯანული კომპანიები დიდ ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში. აქ უკვე 272 აზერბაიჯანული კომპანია საქმიანობს და მათი საერთო ინვესტიცია უკვე 800 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. მათი წყალობით საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში 7 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. ეს  აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოლიტიკაა და სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგია. მიგვაჩნია, რომ ჩვენ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღეს ვიყენებთ და აუცილებელია, რომ საქმიანობა ამ მიმართულებით წარვმართოთ“, - აღნიშნა შაჰინ მუსტაფაევმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც ესწრებოდა. საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმში, რომელიც დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.  თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების შემადგენლობაში 100-ზე მეტი ბიზნესმენი იმყოფებოდა, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობისა და საფინანსო სექტორებში საქმიანობენ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)