საქართველოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებებთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბორის აკუნინის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ განცხადებებით, პუტინმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მისთვის პრობლემა ზოგადად ქართველი ერი და საქართველოა და არა მისი რომელიმე მთავრობა. მიხეილ სააკაშვილი არასერიოზულად მიიჩნევს რუსული დიპლომატიის მცდელობას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება აფრიკული ქვეყნებისგან მოიპოვოს.
„თუკი ვინმეს ჯიუტად უნდა იმის მტკიცება, რომ პუტინს საქართველოს მთვარობასთან აქვს პრობლემა, ამ დღეებში მას პუტინმა „ცივი წყალი“ გადაასხა. როდესაც მან განაცხადა, რომ აკუნინი მხოლოდ საკუთარი წარმომავლობიდან გამომდინარე ებრძვის მას ანუ იმის გამო, რომ ბორის აკუნინი არის ქართველი, პუტინმა გამოხატა, რომ მას პრობლემა აქვს ქართველობასთან, ქართველ ერთან და არა საქართველოს რომელიმე მთავრობასთან. პრინციპში, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა მან თავად განაცხადა ამის შესახებ - ეს ერთი. მეორე ისაა, რომ ის, რასაც იგი ადრე ქართველებზე ამბობდა, დღეს უკვე, როგორც გავიგე, კავკასიელებზე თქვა. რაც შეეხება მათ მუქარებს, ჩვენ ამ მუქარების არ გვეშინია, რადგან მათ ახლა საკუთარი ქვეყანა ენგრევათ თავზე. ყველა პანიკური განცხადება და აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ არ ყოფილა არავითარი სამშვიდობო ოპერაცია და იყო ქართულ-რუსული სამხედრო დაპირისპირება (რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობდით), მხოლოდ იმას მიუთითებს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეს რეჟიმი. მათ არაადეკვატურობაზე ის სასაცილო და კურიოზული ფაქტიც მიუთითებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ემისრები გააგზავნეს აფრიკაში და აფრიკულ ქვეყნებს, კონკრეტულ მთავრობებსა და კონკრეტულ ჩინოვნიკებს რამდენიმე ასეულ მილიონს პირდებიან, მათ შორის, ქრთამის სახით, თუკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ. არც ერთმა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფომ არ აღიარა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა და ამ საკითხში რუსეთმა ბოლომდე განიცადა მარცხი. პირიქით, ყველა სახელმწიფომ ერთხმად აღიარა ის, რომ განხორციელდა ჩვენი რეგიონების ოკუპაცია და დაამკვიდრეს ტერმინი „ეთნიკური წმენდა“, ე.ი. სამხედრო დანაშაული. ამით, მათ რუსეთის ქმედებას იმპერიალისტული აგრესიის კლასიკური განმარტება მისცეს. რაც მეტად ეცდებიან ნაურუსა თუ მისი მსგავსი, კორუმპირებული ქვეყნების აღიარების მოპოვებას, მით უფრო სასაცილოდ გამოჩნდება რუსული დიპლომატიის მცდელობა, მით უფრო საწინააღმდეგო შედეგს მიიღებენ ისინი და მით უფრო, სწრაფად დავიბრუნებთ ტერიტორიებზე კონტროლს. ეს ჩემთვის დღესავით ნათელია. ეს ასევე მიუთითებს იმას, თუ რა მდგომარეობაშია დღევანდელი რუსეთი და რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა მისმა ჩიხურმა პოლიტიკამ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და გავაგრძელოთ აღმშენებლობა, რეფორმების განხორციელება, რომლებითაც აღტაცებულია ყველა, მათ შორის, ბევრი რუსი ოპოზიციონერი და რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი ამას ღიად გამოხატავენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ არაკორუფციული, სწრაფადპროგრესირებადი გარემო, კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, კიდევ ბევრი ახალი პროექტი განვახორციელოთ. მათ კი თავისი შიდა პოლიტიკა მიიყვანს შესაბამის შედეგამდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.