სიახლეები
18.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის დიდი ეროვნული კრების წარმომადგენლები მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თურქეთის ეროვნული მეჯლისის წარმომადგენელთა დელეგაცია მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობის, რეგიონალური განვითარებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. მილიმეჯლისის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში მისწრაფებას. საქართველოს პრეზიდენტს მათ მადლობა გადაუხადეს სომალელი მეკობრეებისგან გათავისუფლებული თურქი მეზღვაურების სტამბულში ჩამოყვანისთვის და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის ხალხებისა და ლიდერების მეგობრული ურთიერთობის თაობაზე. საუბრისას, მხარეები საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის თემას შეეხნენ. მათი თქმით, მთელ მსოფლიოში გართულებული ვითარების ფონზე, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა ყველასთვის სამაგალითოა.
„თბილისში ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ამჯერად რომ ჩამოვედი თვალებს არ დავუჯერე იმდენად შთამბეჭდავია ცვლილებები უკეთესობისკენ. ყოველ კვადრატულ მეტრზე შეგიძლია დაინახო, თუ რა გააკეთეთ თქვენი ხალხისთვის, რა გაუმჯობესებას აქვს ადგილი კორუფციასთან ბრძოლის, ცხოვრების გაადვილების მხრივ. თქვენი პირადი ხელწერა ყველაფერს დაეტყო.
დიდი მადლობა იმ ჟესტისთვის, როდესაც მეკობრეების თურქი მძევლები პირადად ჩამოიყვანეთ სტამბულში. თურქები ძალიან სენტიმენტალური ხალხი ვართ და ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები ყველაფერს აძნელებენ, ახლა თურქეთსა და საქართველოს შორის ვიზისა და პასპორტის გარეშე შეიძლება გადაადგილება, რაც ასევე სანიმუშოა“ , - განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქირიმ.