Google+

სიახლეები

30.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა ბაღდათში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“-ს მიერ აშენებული თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალი საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს გაესაუბრა, პირველი პაციენტი მოინახულა და მათ დაზღვევის მნიშვნელობაზე ესაუბრა.  

„ჯანმრთელობის დაზღვევა ძალზე მნიშვნელოვანია და ის ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ადრე ქუჩაშიც რომ წაქცეულიყო ვინმე, სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად იმას იკითხავდნენ, ფული ჰქონდა თუ არა. მითხრეს, რომ ბაღდათში უკვე სამი წელია საავადმყოფოს პაციენტი არ ჰყოლია. იმას, რაც ადრე იყო, სიმბოლურად თუ ერქვა საავადმყოფო, ახლა კი კლინიკები 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ჰგავს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და ბაღდათელებს რაიონის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა მთელი რეგიონის წინსვლის წინაპირობა გახდება.

„როდესაც 5-6 წლის წინათ ვამბობდი, რომ საქართველოში ისეთივე ჯანდაცვის სისტემა გვექნებოდა, როგორიც ჰოლანდიაში, შვედეთსა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებშია, ხალხს არ ჯეროდა. ის, რაც ახლა შეიქმნა ჩემ ყველაზე თამამ მოლოდინსაც აღემატება. ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე უკვე დაზღვეულია, მომავალი წლიდან კი 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს და ყველა პენსიონერს დავაზღვევთ. ამას გარდა, დაზღვევის უამრავი იაფი პაკეტი იქმნება, რათა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მეორე საკითხი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ქუთაისის გარშემო რაიონებისთვის, არის ის, რომ მომავალ წელს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში გადმოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ აქაურობა საქართველოს პოლიტიკური ცენტრი ხდება. საქართველოში დღეს ხალხი წყვეტს ყველაფერს და სწორედ ხალხის აზრია გადამწყვეტი. ქუთაისში პარლამენტის გადატანა ჩემი კაპრიზი არ ყოფილა. ეს ხდება იმისთვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, მოხდეს დეცენტრალიზაცია და დასავლეთ საქართველომ შეიძინოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციები და მეორე, დაიწყოს განვითარება. პარლამენტის გადატანა გულისხმობს ეკონომიკის განვითარებას და წინსვლას, რაც, თავის მხრივ, ფულის ბრუნვას შეუწყობს ხელს. ამას მოყვება ახალი საწარმოები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილები. მოკლედ რომ ვთქვათ, აქაურობა უნდა გამოვაცოცხლოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბაღდათის ახალი საავადმყოფო 15-საწოლიანია და იქ 70 ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. კლინიკის მშენებლობაზე სადაზღვევო კომპანიამ 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)