Google+

სიახლეები

28.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა „ვისოლისა“ და „სოკარის“ მრავალფუნქციური კომპლექსები დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე კომპანიების „ვისოლისა“ და „სოკარის“ მულტიფუნქციური კომპლექსების გახსნას დაესწრო.

პრეზიდენტი „ვისოლის“ დასასვენებელ ცენტრში შეჩერდა, მომსახურების ობიექტები  დაათვალიერა და უკაბელო ინტერნეტითაც ისარგებლა.  

„ეს კომპლექსი ყველა მოგზაურის ოცნებაა. მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება მომსახურების 16 კომპლექსი, სადაც შესაძლებელია დასვენებაც და მუშაობაც,  უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც და, შესაბამისად, სასურველი ინფორმაციის მიღებაც. ასე ხდება შვედეთში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამაზე ორი-სამი წლის წინათ ოცნებაც არ შეგვეძლო. საქართველო ყველაზე სწრაფი ტემპით ხდება  არა მხოლოდ ერთ-ერთი ცივილიზებული ქვეყანა ჩვენს რეგიონში, არამედ წინწასული სახელმწიფო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ მდიდრები, ჩვენი შემოსავალი ჯერ კიდევ ძალზე დაბალია, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც გვაქვს,  მაგრამ უკვე ისეთ სტანდარტებს ვქმნით, რომ არ შეიძლება სწრაფად არ განვვითარდეთ. ჩვენ განსაკუთრებული ნაგებობები უნდა გვქონდეს - თითოეული შენობა არქიტექტურული ნიმუში უნდა იყოს, რომლებიც მსოფლიო კატალოგებში შევა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრი რამდენიმე ობიექტს მოიცავს. აქ განთავსებულია ვისოლის ავტო და გაზგასამართი სადგურები, ავტომობილის ზეთის შეცვლისა და ვუკლანიზაციის ობიექტები, ავტოსადგომები, სუპერმარკეტი “სმარტი” და “სმარტ კაფე”.  აქვეა სავაჭრო კუთხეც, სადაც ადგილობრივ მოსახლეებს საშუალება აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაყიდონ. სამშენებლო სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ამჟამად კი, კომპლექსში 100 ადამიანი მუშაობს, რომელთა შორის, რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული  პირებიც არიან. 

საქართველოს პრეზიდენტმა „სოკარის“ მრავალფუნქციური კომპლექსიც დაათვალიერა და მომსახურების პირობებითაც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი  არსებული სწრაფი კვების ობიექტსაც ესტუმრა და აღნიშნა, რომ მსგავს ობიექტებში მგზავრებისთვის კომფორტული გარემო, ხოლო საკვებზე ხელმისაწვდომი ფასები უნდა იყოს.

„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს გზებზე მსგავსი ობიექტები შეიქმნებოდა -  მრავალფეროვანი მენიუ, თბილი და კომფორტული გარემო. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ვისაც გზაზე მსგავსი ობიექტები აქვს გახსნილი,  ვალდებული და იძულებული იქნება ხარისხი გააუმჯობესოს, ხოლო ფასები შეამციროს. საბოლოოდ, კონკურენცია წარმოუდგენლად გაზრდის ხარისხს. ეს არის ახალი სტანდარტი საქართველოს გზებისთვის. მსგავსი სტანდარტის საგზაო მშენებლობა და მომსახურება არ არის არც აღმოსავლეთ ევროპაში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ყოველივე ეს ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს განვითარებას.  ეს ხალხს უკეთესად ცხოვრების საშუალებას მისცემს. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, გასაკეთებელი კი - საკმაოდ ბევრია. გვირაბი იმდენად სწრაფად აშენდა, რომ, შესაძლოა, ვინმემ თქვას, უხარისხოდ არის გაკეთებულიო, მაგრამ ვინც არაფერს ქმნის და არ მუშაობს, მას ვერც შეცდომებში დაადანაშაულებენ. ეს მართლაც არაჩვეულებრივი შენობაა, უმაღლესი კლასის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ნიმუში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსში ასევე განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური,  სწრაფი კვების ობიექტები, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“, სავალუტო-საბანკო, ტურისტული მომსახურებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრები. ამჟამად, დასაქმებულთა რაოდენობა 85-ს აღწევს.

„ვისოლისა“ და „სოკარის“ მრავალფუნქციური კომპლექსები გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა დააპროექტა. 

       



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)