Google+

სიახლეები

25.11.2011
მიხეილ სააკაშვილისა და კშიშტოფ ლისეკის ერთობლივი განცხადებები, კშიშტოფ ლისეკის დაჯილდოების ცერემონიალზე

მიხეილ სააკაშვილი

მინდა მივესალმო ჩემ მეგობარს, საქართველოს მეგობარს და ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვან წევრს პოლონეთიდან კშიშტოფ ლისეკს.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია,  ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. ამ დოკუმენტით დადგინდა სიმართლე საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე 49-ე მუხლის შესაბამისად. ისტორიულობის განსაზღვრა, საბოლოოდ, ისტორიკოსების საქმეა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც გუშინ სტრასბურგში მოხდა, საქართველოსთვის და მისი ისტორიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპის ერთგვარი დაგვირგვინებაა.

ამ ეტაპის დასრულება ნიშნავს იმას, რომ საქართველო ურყევად ჯდება ევროპისა და  ევროპელების მენტალიტეტში, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი და ევროკავშირის მომავალი წევრი.

2-3 წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა.

უპირველესად, რაც შეეხება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს ტერიტორიები მართლაც ოკუპირებულია. მეორე არის ის, რომ განხორციელდა ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული მდგომარეობა მასიურად შეიცვალა. ამაზე პასუხს აგებს იქ განლაგებული საოკუპაციო ძალა. სამართლებრივად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ იმ რეფორმების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც საქართველო ახორციელებს.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და სამართლებრივი ბრძოლა ჩვენთვის გადამწყვეტია. საერთაშორისო სამართალი ეს არის ჩვენი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი დიდი უსამართლობის წინააღმდეგ.

ჩვენმა ხალხმა იცის მეგობრებისა და მათი უანგარო მხარდაჭერის დაფასება.

პატარა ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ დიდ უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის გამოცხადებული და რომელშიც, სამწუხაროდ, ძალით ჩაგვითრიეს, სიმართლე და საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარესაა.

ჩვენმა ისტორიამ და გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი არსებობისთვის ე.ი. ყოველთვის შევეცადოთ, რომ ჩვენი თავისუფლებისა და დასავლელი მეგობრების დასაცავად, მტერს ბოლომდე გავუწიოთ წინააღმდეგობა.

ჩვენმა ერმა ძალიან კარგად იცის სიკეთის დაფასება და იცის მადლობის თქმა. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც გვსურს, განსაკუთრებული მადლობა თქვენ გადაგიხადოთ.

რა თქმა უნდა, ეს მადლობა ეკუთვნის, ასევე, მთელ ევროპარლამენტს, ამ შემთხვევაში ამ ორგანოს აქ თქვენ წარმოადგენთ. თქვენ, ასევე, წარმოადგენთ თქვენს ქვეყანას პოლონეთს და, ვფიქრობ, ეს იმ დიდი მეგობრობის გაგრძელებაა, რომელიც ჩვენ ერებს აკავშირებს. ეს ჩვენი საერთო ბრძოლის გაგრძელებაა. ეს არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ  ქართველი ოფიცრების სისხლი, რომლებიც პოლონეთისთვის იბრძოდნენ, ტყუილად არ დაღვრილა. ის, რაც ახლა აღმოცენდა არის, მათ შორის, ჩვენი და პოლონელი გმირების ერთობლივი ბრძოლის შედეგი და ესეც განსაკუთრებულად, ფოტოგრაფიული მახსოვრობით დარჩება ჩვენი ხალხის ისტორიაში.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი საქართველოს უმაღლესი ჯილდოა.  წმინდა გიორგი ფიზიკურად ბევრად უფრო სუსტი იყო, ვიდრე იმპერატორი, რომელიც მას ებრძოდა, მაგრამ, მორალურად, ის ბევრად უფრო ძლიერი იყო და ამიტომ გაიმარჯვა, საბოლოოდ, მან. ეს ჯილდო სწორედ მის სახელს ატარებს, რადგან ეს ასევე საქართველოს ბრძოლის ნათელი გამოხატულებაა.

მადლიერების ნიშნად, ქართველი ხალხის სახელით, მსურს, წმინდა გიორგის ორდენი გადმოგცეთ. 

 

კშიშტოფ ლისეკი

ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო.

ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის მიღება.

მე აქ წარმოვადგენ ევროპარლამენტის წევრთა იმ 93 პროცენტს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

მათ შორის იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი: ქრისტიან-დემოკრატები, კონსერვატორები, სოციალისტები, მწვანეები და ლიბერალები - ამ რეზოლუციას ყველა მათგანმა მისცა ხმა. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ხმა, თითქმის, მთელი ევროპის პარლამენტისა. იმ  პარლამენტისა, რომელიც ამბობს: ჩვენ საქართველოს ევროპის ნაწილად აღვიქვამთ, ჩვენ  საქართველოს აღვიქვამთ ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს იზიარებს, მათ შორის, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სხვ.

ვფიქრობ, ეს რეზოლუცია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ჩემი ოცნებაა, რომ, საბოლოოდ, ევროპარლამენტში  საქართველოსთან ვიმუშავო, როგორც ამ პარლამენტის წევრთან.  

ბატონო პრეზიდენტო, წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენს ქვეყანას.

 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)