Google+

სიახლეები

23.11.2011
მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების გადაცემის ცერემონიალზე

მოგესალმებით.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს საკმაოდ იშვიათად ვანიჭებთ ვინმეს.

სხვადასხვა ავტორიტეტულ ადამიანებთან ერთად მსჯელობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს რამდენიმე წარმატებული და ბრწყინვალე  წარმომადგენელი დაგვეჯილდოებინა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა დავაჯილდოვო ჩვენი სამოქალაქო სამსახურის, მართლაც, ღირსეული წამომადგენლები. ძველ დროში მიღებული იყო, რომ ჯილდო, როგორც წესი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის გადაეცათ, რომლებსაც ცხოვრებაში დიდი გამოცდილება ჰქონდათ შეძენილი. თუმცა ჩვენი სახელმწიფო სამსახური ძალიან ახალგაზრდაა.

დღეს არის გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. საქართველოს ბრძოლა წმინდა გიორგის და ბოროტი იმპერატორის ბრძოლას ჰგავს. იმპერატორი ბევრად უფრო გამოცდილი, ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი ჩანდა, მაგრამ წმინდა გიორგი მორალურად წელში გამართული და სულიერად მასზე ბევრად აღმატებული იყო.

ასევეა ჩვენი დიპლომატიური და, ზოგადად, სახელმწიფო სამსახური.

იცით, რომ ჩვენ ურთულესი მოლაპარაკება ვაწარმოეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ჩვენ დაგვიპირისპირდა დიდი ფულის მქონე პროპაგანდისტული აპარატი.

ამის მიუხედავად, ჩვენი  ახალგაზრდა დიპლომატების ძალისხმევით, მეორე მხარემ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე პირველად დადგებიან საერთაშორისო დამკვირვებლები.

ეს ჩვენი დიპლომატიის მართლაც ძალიან დიდი წარმატებაა. დამოუკიდებლობის დღიდან, ეს ჩვენი დიპლომატების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მათ შორის, რომელიც მახსენდება.  უზარმაზარი ზემოქმედების და გართულების მიუხედავად, ამ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ისევე როგორც იმ ჯგუფმა, რომელიც ევროპალამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის იბრძოდა. დოკუმენტი, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, ასევე ისტორიულია საქართველოსთვის. ეს არის რეზოლუცია, რომელიც ისტორიკოსებს გაახსენდებათ, როგორც შეუპოვრობის მაგალითი ჩვენი საერთაშორისო პოზიციების დაცვის საქმეში. პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო სამართალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ, მინდა ქართველი დიპლომატების მართლაც ბრწყინვალე წარმომადგენლებს სერგი კაპანაძეს, თამარ კოვზირიძეს, თორნიკე გორდაძეს და სალომე სამადაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები გადავცე.

როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა არის ამ ახალგაზრდა დიპლომატების წარმატებისა და გამოცდილების საფუძველი, ვფიქრობ, მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს იმ დიდი სკოლის დამსახურებაა, რომელიც არა მარტო დიპლომატიური თვალსაზრისით გვქონდა, არამედ განათლების, ევროპული და, ზოგადად, ცივილიზაციის ფასეულობების გაზიარების მხრივ. საქართველოში ყოველთვის მოიძებნებოდა რამდენიმე პიროვნება, რომელიც სრულებით სცდებოდა ერთი პიროვნების საზღვრებს და გარკვეულ ინსტიტუტად იყო ქცეული.  

მიმაჩნია, რომ გელა ჩარკვიანი სწორედ ის ქართველია, რომელიც, მართლაც, ინსტიტუტად იქცა ნებისმიერი პიროვნებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია გადავცეთ მას ეს ჯილდო.

აქ იმყოფება ბაკურ კვეზერელი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მინისტრი იყო, ყველაზე დატვირთული და რთული გრაფიკით. ბაკურის სამუშაო დღე დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე გრძელდებოდა, რაც ძალიან რთული გასაძლებია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მას ურთულესი საქმე ებარა, მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია რთველის საკითხში. ადამიანს ყოველთვის უნდა უთხრა მადლობა იმისთვის, რასაც ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული სახელმწიფოს სახელით აკეთებს.   

ამას წინათ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიყავი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მეცნიერული და ტექნიკური პროგრესი გრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროგრესი ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე, სხვადასხვა წარმოშობისა და წარმომავლობის ადამიანთა დამსახურებაა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ყველაზე მეტად მშენებლობებით ვართ დაკავებული და ის, რომ საქართველოში ბეტონის დამზადების ახალი მეთოდი გამოიგონეს, ჯერ ერთი, აიაფებს საქმეს და მეორეც, მისი საშუალებით განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ბეტონის შექმნაა შესაძლებელი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ კანკავა სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ეს უნიკალური მეთოდი გამოიგონა. თუ კი რაიმე შეესაბამება სიტყვას „ბრწყინვალება“, ეს ბატონი ვახტანგის საქმიანობაა.   

რაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა არის ის, რომ საქართველო ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩვენს გარშემო, ასოცირებულია მრავალ დადებით მოვლენასთან. ომის, სხვა ნეგატიური ზემოქმედებისა და უარყოფითი პროპაგანდის მიუხედავად (რომელზეც ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ), უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, რუსეთის ინტელიგენციისა უმეტეს ნაწილსა და ჩვენს მეზობელ სხვა ქვეყნებში საქართველო ძალიან პოპულარული ქვეყანა, ქართველები კი,  ძალიან პოპულარული ადამიანები არიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი, კაშკაშა ვარსკვლავი, მაგალითად, უკრაინაში და ყველა ამ ქვეყანაში არის ჩვენი ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელსაც ასევე გადავცემთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს.    



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)