Google+

სიახლეები

23.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა „ახალი თბილისის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალი უბნის - „ახალი თბილისის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომელიც კომპანია „რაკიინის“ ინვესტიციით აშენდა.  

სავაჭრო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც საქართველომ ამ რვა წლის განმავლობაში მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყანა მალე სინგაპურისა და დუბაის მსგავსად, რეგიონის სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი გახდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთადერთი გზა უკეთესი მომავლისკენ, დასაქმებისკენ, ვითარების გაუმჯობესებისა და თითოეული ოჯახის შემოსავლის ზრდისკენ, გადის ინვესტიციებზე, საკრედიტო რეიტინგზე, სტაბილურობაზე, რეფორმებზე, არაკორუმპირებულ და არაკრიმინალურ გარემოსა და ყოველივე იმაზე, რითაც ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის ცვლილებებითა და წინსვლით ყველანი ერთად ვამაყობთ.

თბილისის ახალი უბნის შექმნის პროექტს მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე ამბიციური უწოდა. მისი თქმით, თბილისის გაფართოება ხელისუფლების თვითმიზანი არ არის.

„ეს იმისთვის კეთდება, რომ ევროპულ შუალედს მივაღწიოთ - 30 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. ერთი ადამიანის საცხოვრებელ ფართად, თბილისში დღეს 15 კვადრატული მეტრი ითვლება. თითოეული ქართველი ოჯახი უნდა გაფართოვდეს, რათა ჰქონდეს ახალი ბინის შეძენის, ახალ კორპუსში გადასვლის შესაძლებლობა. ჩვენი შვილები ახალ გარემოში უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ახალი უბანი სახელწოდებით „ახალი თბილისი“ დიღმის ე.წ ჭალების ტერიტორიაზე გაშენდება და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის, გაკეთდება გზები, მეტროპოლიტენი და სხვა. აქ განთავსდება სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, კომერციული  და საოფისე ფართები, საცხოვრებელი სახლები და რეკრეაციული ზონები. ახალ უბანში მრავალი ისეთი პროექტი განხორციელდება, რომელიც ამ ტერიტორიას ინვესტორებისთვის მიმზიდველს გახდის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)