Google+

სიახლეები

23.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ახალი უბნის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა 

მოგესალმებით ყველას.

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან  თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იხსნება კონტინენტური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ასობით მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორიის მასშტაბით.

და ეს გავაკეთეთ ქართველებმა!

ეს ჩვენ ინვესტორების დახმარებით გავაკეთეთ.

ამიტომ, ამის შემდეგ, ყველა, ვინც თბილისზე და საქართველოზე იტყვის: გვეყო ტრაბახი; არაფერი გვაქვს თავის მოსაწონებელი, ამ შენობას შეხედოს.

მართლაც, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რამ.

ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, რომელსაც ბადალი არ აქვს ევროპაში.

ჩვენ ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინათ.

საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა.

იმ პერიოდში, როდესაც ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, აღარაფერს ვამბობ საბერძნეთზე და ბევრი სხვა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მცირდება, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი იზრდება. ე.ი. საინვესტიციო გარემო საქართველოში უმჯობესდება.

ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულია, ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ სჭირდება დასაქმება, მაგრამ ერთადერთი გზა უკეთესი მომავლისკენ, დასაქმებისკენ, ვითარების გაუმჯობესებისკენ, თითოეული ოჯახის შემოსავლის ზრდისკენ, გადის ინვესტიციებზე, საკრედიტო რეიტინგზე, სტაბილურობაზე, რეფორმებზე, არაკორუმპირებულ და არაკრიმინალურ გარემოსა და ყოველივე იმაზე, რითაც ვარდების რევოლუციის შედეგად და შემდგომი პერიოდის ცვლილებებითა და წინსვლით ყველანი ერთად ვამაყობთ.

ამ დღეებში ტელევიზიით გადის ნატოს გენერალური მდივნის გამონათქვამები და ციტატები გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშიდან.

ეს არ არის ის, რისი დაწერა და თქმაც ჩვენ გვსურს.

ჩვენ ხშირად ვეკამათებოდით საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვეუბნებოდით:  საკმარისად არ ხედავთ, საკმარისად არ აფასებთ... და ისინი დღესაც იმაზე მეტად არიან კრიტიკულები, ვიდრე ვისურვებდი, მაგრამ ჩვენი შედეგები მათაც დაინახეს და მათაც დააფასეს. ჩვენი ხალხი დაუნახავი არ არის და ამას აფასებს.

უბრალოდ, არიან ისეთი პოლიტიკოსები, „ვაი ჟურნალისტები“, ისეთი ადამიანები, რომლებსაც არაფრის დანახვა არ სურთ და არც ის უნდათ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს.

ჩვენი ხალხი ქმნის ყოველივე ამას, ჩვენი ხალხი ხედავს პროგრესს და ითხოვს უფრო მეტს. ეს, რა თქმა უნდა, ასეა.

ეს ცენტრი არა მხოლოდ თბილისისთვისაა მნიშვნელოვანი წინსვლა. აქ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები შემოვა და თებერვალ-მარტში რეალურად გაიხსნება მაღაზიები. შენობა უკვე დასრულებულია. გვერდით იქნება ასევე ორი 30-სართულიანი ცათამბჯენი.

მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ რეგიონში სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი ვხდებით. ისეთივე, როგორიცაა სინგაპური თავის რეგიონში; ისეთივე, როგორიცაა დუბაი თავის რეგიონისთვის. სწორედ ასეთი გახდება მალე საქართველო კასპიის ზღვის, ცენტრალური-შუა აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ რუსეთისთვის, უკრაინისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის.

აქ ამხელა ფულის ჩადება იმის მანიშნებელია, რომ  ინვესტორები ხედავენ საქართველოს არაკორუმპირებულ და კარგ საინვესტიციო გარემოს, მათ სჯერათ, რომ აქ ჩამოვა ძალიან ბევრი ტურისტი და, რაც მთავარია, იმის, რომ ქართველები გამდიდრდებიან და მეტი ფული ექნებათ საყიდლებისთვის.

ამიტომ, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი.

მეორე საკითხი, რის გამოც ჩვენ აქ გიგი უგულავასთან ერთად მოვედით და ყველა შევიკრიბეთ  არის ის, რომ ჩვენ ვაცხადებთ თბილისის ახალი რაიონის მშენებლობას.

დღეს ჩვენ ვხსნით განახლებულ აღმაშენებლის გამზირს.

საქართველოს ისტორიის არც ერთ პერიოდში თბილისში ცალკე აღებულ ხუთ წელიწადში არასოდეს განხორციელებულა ამდენი სამუშაო, ასეთი აღმშენებლობა, რამდენიც 2005-06 წლიდან 2011 წლამდე შესრულდა.

ეს ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ.

ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის ყველაზე დიდი აღმშენებლობის პერიოდი  საქართველოსთვის ქვეყნის არსებობის დღიდან, ეპოქიდან, საუკუნიდან.

დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალ, ბევრად ამბიციურ პროექტს - ეს არის რამდენიმე ასეულ ჰექტარზე, დიღმის ე.წ. ჭალებში თბილისის ახალი რაიონის „ახალი თბილისის“ მშენებლობის პროექტი.

ჩვენ გვაქვს ძველი თბილისი, რომელსაც ახალი სიცოცხლე ჩაბერა დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებულმა ახალმა პროგრამამ - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“.

მართალია, სამუშაოები კიდევ გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ ძველ თბილისს უდავოდ უბრუნდება ახალი სიცოცხლე.

თბილისის უკეთესი მომავლისთვის ახლა ჩვენ ვქმნით „ახალ თბილისს“.

ეს ხდება არა იმიტომ, რომ თბილისი გავზარდოთ, თბილისის გაზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, არამედ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ევროპულ შუალედს - 30 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. საცხოვრებელი ფართი ერთ ადამიანზე თბილისში დღეს 15 კვადრატული მეტრითაა განსაზღვრული.

ჩვენ უნდა გავფართოვდეთ - თითოეული ქართველი ოჯახი უნდა გაფართოვდეს. ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ახალი ბინის შეძენის, ახალ კორპუსში გადასვლის შესაძლებლობა. ჩვენი შვილები ახალ გარემოში უნდა გავზარდოთ.

ამიტომ, ჩვენ შევქმნით აქ ინფრასტრუქტურას, შემოვიყვანთ მეტროპოლიტენს, აქ გამოვიყვანთ გზებს, გავამაგრებთ მტკვრის სანაპიროს (მტკვარი აქ ყველაზე სუფთაა თბილისში)...

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს, მართლაც, ისტორიული მომენტია თბილისისთვის - თბილისში ახალი  უბნები იქმნება.

იყო დრო, როდესაც ახალი უბნები იქმნებოდა საბურთალოზე, ვაკეში, გლდანში, ვარკეთილში და ვაზისუბანში. ეს იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი აქამდე შექმნილი უბანი.

ამ უბნის მშენებლობა იწყება 2011 წელს, გაგრძელდება და საბოლოო ფორმას მიიღებს არა 10 ან 20 წელიწადში, არამედ ჩვენი მოდერნიზაციის პროექტით, 2015 წელს. ამ პროექტის, ახალი რაიონის ძირითადი კონტურები ამ პერიოდისთვის იქნება შესრულებული.

ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ არა შორეულ მომავალზე, არამედ თბილისის ხვალინდელ დღეზე.

ჩვენი პროგრამა ყოველთვის ის იყო, რომ გვეამაყა ჩვენი ქალაქით, ჩვენი თბილისით. პირადად ჩემთვის, მთავარი მოტივაცია ბავშვობიდანვე იყო სიამაყის განცდა  - სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, უკან ჩამოსვლა მიხაროდა, ძლიერი განცდა მქონდა იმისა, რომ ქალაქი ყველაფერს ჯობია, განსაკუთრებულია, უფრო ლამაზი და თბილია.

ალბათ, ბევრი თქვენგანისათვის არის ნაცნობი ეს გრძნობა.

90-იან წლებში ძალიან ბევრმა ეს განცდა დაკარგა. ჩვენ მოგვიწია გაზქურებიდან „ტურბოებსა“ და დენის „გენერატორებზე“ გადასვლა, უგზო, უშუქო, კრიმინალულ გარემოში ცხოვრება.

თბილისის ქუჩები დაიპყრეს უწმინდურმა, კრიმინალურმა ელემენტებმა, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლოთ შეურაცხყოფის მიყენება, დაჭრა, გაუპატიურება, მოკვლა - ჩვენს ქალაქს უკანონობა და განუკითხაობა დაეპატრონა.

ვარდების რევოლუციით ყველაფერი შემობრუნდა. ვარდების რევოლუციამ დააბრუნა თბილისში შუქი, მის ისტორიაში, პირველად, მოიტანა ყველაზე დიდი წესრიგი, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ვარდების რევოლუციამ გააჩინა პერსპექტივის ზრდის, აღმშენებლობის არა მარტო განცდა, არამედ ჩვენი ცხოვრების რეალობა.

ყოველივე ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის უმუშევრობა, რომელიც დიდი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის და მყარად დაიწიოს 10-პროცენტიანი ნიშნულის ქვემოთ, რომელსაც ჩვენ 2015 წლისთვის ვგეგმავთ.

ეს ემსახურება იმას, რომ ყველა თბილისელს, ყველა ბავშვს ჰქონდეს კარგი განათლების მიღების საშუალება; ყველა თბილისელი იყოს დაზღვეული და ჰქონდეს საშუალება იმკურნალოს მაღალი დონის საავადმყოფოში და ამისთვის ბევრი რამ კეთდება ბოლო წლების განმავლობაში. 

ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში ყველგან მივიდეთ კარგი გზით, ყველა უბანი იყოს უფრო მეტად განათებული, ვიდრე პარიზში, ლონდონში, ნიუ იორკში და კოალალუმპურში.

ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში იყოს ისეთი სავაჭრო ცენტრები, რომ არსად წასვლა არ მოგვინდეს - არც ამერიკაში, არც აზიაში, არც დუბაიში და არც სადმე სხვაგან. ყველაფერი უნდა იყოს აქ.

ეს, მართლაც, არის ისეთი რამ, რაც გვინახავს სტამბულში, დუბაიში, ამერიკაში - ნიუ იორკში. მსგავსი სიდიდის უნივერმაღი, პრაქტიკულად, არსად არ ვიცი - ევროპაში რომ არ არის, ეს უკვე მოგახსენეთ.

დღეს შეიძლება ბევრმა თქვა, რომ რაღაც არ მოსწონს, მაგალითად, ფორმა, რომელიღაც შენობა, მაგრამ არ ჯობია ამაზე იკამათონ და ამაზე გვლანძღონ, ვიდრე გამოუვალი ვითარებისა და უპერსპექტივობის განცდის თაობაზე?

ძალიან ბევრი რამ კეთდება და ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს. მაგრამ ის უფრო მოგვწონდა, რომ  არაფერი არ კეთდებოდა?

ჯობს გვაკრიტიკონ იმაზე, თუ როგორ კეთდება, ვიდრე ყველამ ჩამოვუშვათ ხელები იმის გამო, რომ არაფერი არ კეთდება.

საქართველოს ისტორიაში ასე იყო წლების, ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში.

ახლა კეთების დროა.

დაე, მომავალმა გაგვაკრიტიკოს იმაზე, რომ ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო, ან იმაზე, რომ საკმარისად ბევრი ვერ გავაკეთეთ, ან იმაზე, რომ ამაზე უკეთესადაც შეიძლებოდა გაკეთება.

ყოველთვის შეიძლება რაღაც უკეთესის გაკეთება და ამას პირველივე დღიდან ვაღიარებ,  მაგრამ ეს არის აღმშენებლობის პერიოდი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ.

ასე რომ, ჩემო მეგობრებო, არ ვიცი რით არის განპირობებული ეს - იმით, რომ ქალაქს ჰყავს პირდაპირ არჩეული მერი თუ კლიმატი შეიცვლა უკეთესობისკენ, მაგრამ ჰაერში შენების „სურნელი“ ტრიალებს.

ეს არ არის ჩვენი ზღაპრები.

როდესაც ბათუმთან დაკავშირებით ვლაპარაკობდით, ყველა ფანტაზიორს მიწოდებდა, მაგრამ ზოგიერთი თქვენგანი, ალბათ, ნამყოფია ბათუმში. ზაფხულისთვის ამ ქალაქს 2-3 ცათამბჯენი კიდევ დაემატება.

და რასაც ახლა უყურებთ ეს ისაა, რაც 2015 წლამდე გაკეთდება.  ამას  ყველანი მოვესწრებით და ამით თითოეული ჩვენგანი დატკბება.

კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ გიორგობა და დღევანდელი დღესასწაული. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)