Google+

სიახლეები

28.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ვიცე-პრემიერის სერგეი ტიგიპკოს ხელმძღვანელობით, უკრაინის ბიზნესწრეების წარმომადგენლები მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, დღეს უკრაინის ვიცეპრემიერის სერგეი ტიგიპკოს ხელმძღვანელობით, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრისას, მათ იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხო.

„ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პერიოდში ეს კომისიის მეორე სხდომაა - პირველი ექვსი წლის წინათ გაიმართა და მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობა ასეთი კარგი, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არის ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. მე გულწრფელად მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ამდენად საინტერესო ურთიერთობის ეტაპზე ვიმყოფებით და როგორც უკვე აღვნიშნე, ამაზე უკეთესი გარემო არასდროს არ ყოფილა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სტუმრები საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების წარმატებული მუშაობის დეტალებითაც დაინტერესდნენ. უკრაინის ვიცეპრემიერმა ის დრო გაიხსენა, როდესაც აქ უმძიმესი ვითარება იყო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ რეფორმებისა და პოლიტიკური ნების პირობებში ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი. დელეგაციის წევრებს მან მეტი ინფორმაციის მიღებისკენ მოუწოდა, რადგან საქართველოში შეძენილი გამოცდილება საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენონ.

„მე აქ ორი ძირითადი ინტერესი მაქვს. პირველი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ, საქართველოში პირადად ნახოთ და იგრძნოთ რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. ამის გაკეთება შესაძლებელია. საქართველოში წლების წინათ პრეზიდენტ კუჩმასთან ერთად ვიმყოფებოდი და იმაზე მძიმე სურათი, რაც აქ ვნახე, ცხოვრებაში არ მინახავს. მახსოვს, რუსთაველის გამზირზე ნავთქურები იდგა,რადგან ელექტროენერგია არ იყო. დღეს კი, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტირებას მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში ახდენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ადრე აქ გზებზე გავლაც შეუძლებელი იყო, არც ასეთი შენობები იდგა. რა მოხდა? მოვიდნენ ახალი ადამიანები და პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყანა დააყენეს. მოგიწოდებთ, რომ საქართველოში ყოფნისას ბევრი შეკითხვა დასვათ, რათა მეტი ინფორმაცია და, შესაბამისად, გამოცდილება მიიღოთ, რადგან რამდენიმე წელიწადში დადგება დრო,როდესაც ყოველივე ამის განხორციელება უკრაინაშიც შესაძლებელი გახდება. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განუცხადა სერგეი ტიგიპკომ.

საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის დელეგაციის წევრებმა შეკითხვები პირადად დაუსვეს. მათი ინტერესის საგანი კორუფციის გამოვლენისა და აღმოფხვრის მეთოდებს, სახელმწიფო აპარატის მუშაობის ეფექტიანობას, ქართული რეფორმების წარმატების საიდუმლოს, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი ტიპის მოხელეების მომზადებას უკავშირდებოდა.

„დღეისათვის სამშენებლო სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ რეფორმა ქართული მოდელის მიხედვით, მოვახდინეთ მისი სკანირება, რედაქტირება და დანერგვა. თუმცა პრობლემა ისევ გვაქვს, რომელიც კორუფციას შეეხება. როგორი იყო კორუფციასთან ბრძოლის თქვენეული მეთოდები და როგორ ავლენდით მსგავს შემთხვევებს?“, - დაინტერესდა ლევ ფარცხალაძე უკრაინელ მშენებელთა კონფედერაციის თავმჯდომარე.

„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინაში საზოგადოებრივი აზრით, რეფორმების წარმატება პირადად თქვენთან ასოცირდება - თქვენ ხართ ამ რეფორმების გარანტი. რამდენად მდგრადია ეს რეფორმები და გადალახულია თუ არა წარსულში არდაბრუნების პირობითი წერტილი? თუკი ხელისუფლებაში ცვლილებები განხორციელდება რამდენად იმუშავებს ეს რეფორმები მომავალში?“ -  იკითხა უკრაინის დელეგაციის წევრმა. 

„ბატონო პრეზიდენტო, ყველას გამაოგნებელი შთაბეჭდილება შეგვექმნა - გვაოცებს თქვენი რეფორმები. ეჭვი არ არის, რომ ყოველივე ეს თქვენი პირადი ნების, სიძლიერისა და სტრატეგიული ხედვის შედეგია. მთავრობაში თქვენ ახალგაზრდა ადამიანები მოიყვანეთ, საკმაოდ განათლებული და უცხო ენის მცოდნეები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ქმნით სახელმწიფო მოხელის ახალ ტიპს. თუ არის რაიმესკოლა, სადაც საამისოდ ახალი სისტემა მუშავდება? ასე მოქმედებდნენ თავის დროს შარლ დე გოლი და ნაპოლეონი...“ - აღნიშნა პერსპექტიულ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ვირა ნანივსკამ.

ამ შეკითხვების პასუხად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს განვითარების პროცესი შეუქცევადია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება შეუძლებელია.

„უკან აღარ დავბრუნდებით, რადგან ახალი თაობა სრულიად განსხვავებულია - ახალგაზრდებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მოძრაობა იწყება, ეს შეუცდომლად, წარსულის დაბრუნებასთან არის დაკავშირებული. ზუსტად ასე ახდენენ იდენტიფიცირებას. ვფიქრობ, როდესაც საქართველოს 60 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ამის გაკეთება ძალზე რთული იქნება. ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ. მართალია, პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ჩვენი განვითარების მაჩვენებლებსა და რეიტინგებს უნდა შევხედოთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის“ მონაცემებით, ჩვენ ყველაზე ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი გვაქვს და, ამ მხრივ, ახალი ზელანდიის შემდეგ, მეორე ადგილს ვიკავებთ. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საბაჟო მომსახურება გვაქვს, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი სერვისიც სწორედ ჩვენს ქვეყანაშია. ევროპის მასშტაბით, დანიისა და ფინეთის შემდეგ, ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)