Google+

სიახლეები

22.08.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიას ქალაქის სტატუსი მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიის სანაპირო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც „ოქროს საწმისი" მოინახულა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და აღნიშნა, რომ მალე ანაკლია ტურისტებისთვის  შავი ზღვისპირეთის ყველაზე სასურველი კურორტი გახდება.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ საპრეზიდენტო ნომრებში, მაგრამ სამ სართულიანი ოთახი ზამთრის ბაღით, არსად არ მინახავს. შემოსასვლელ დარბაზში ჭაღი სვაროვსკის თვლებითაა, ოთხი აუზია... როდესაც პირველად მოვედი აქ და ვნახე, რომ ამ სასტუმროს მეპატრონე ასე აპროექტებდა, ვუთხარი: მსგავსი სიდიდის ნომრებს სასტუმროებში არავინ არ აკეთებს-თქო.  მან კი მიპასუხა: აქ ყველაფერი ძალიან მაგარი უნდა იყოსო. მეგრელები სწორედ ამით არიან ყველაზე მაგრები. ანაკლია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი შავი ზღვისპირეთის საუკეთესო კურორტი იქნება და შარმ ელ-შეიხი, ანტალია და სხვა  კურორტები უკან მოგვრჩება. შემდეგი ორი სასტუმროც, რომლებიც ახლა შენდება, საუკეთესო იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სასტუმროში 105 ულტრათანამედროვე ნომერია. პრეზიდენტმა სასტუმროს ნომრები და VIP აპარტამენტი დაათვალიერა, რომელიც მაღალი რანგის სტუმრებზეა გათვლილი. "ოქროს საწმისმა" დღესვე პირველი სტუმრები მიიღო. 

პრეზიდენტმა „ოქროს საწმისის" მახლობლად კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „გესთჰაუსის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო სახლის საძირკველში მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ თოდუასთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო.

მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის ბულვარშიც გაისეირნა, რომელიც 540 მეტრიანი, ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდით განმუხურის ბულვარს უკავშირდება. ამ ხიდით განმუხურისა და ანაკლიის ახალი ბულვარების ერთიანი სივრცე იქმნება, რომლის სიგრძე ხუთი კილომეტრია. ბულვარს უკვე ამშვენებს ბრინჯაოს ქანადაკებები, პალმები, თანამედროვე სანათები, ღია და დახურული კაფე-ბარები. ასევე მზადაა ველოსიპედის ბილიკებიც. ანაკლიის დამსვენებლებს საშუალება აქვთ იახტკლუბითაც ისარგებლონ. ხელსაყრელი ჰავა კი, კურორტზე ნაოსნობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრეზიდენტმა თავადაც გაისეირნა იახტით და ანაკლიის ზღვაშიც გაცურა. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ახალი ანაკლიის შენების იდეა გაჩნდა.

„დღეს ანაკლიის კურორტს ვხსნით. ამ სასტუმროში დღეს ჩართეს პირველად სისტემები, ხიდის სამშენებლო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს - გარკვეული დეტალების დამატება კიდევ ერთ თვეს გასტანს. საქართველოში იმდენად გვეჩქარება ყველაფრის გაკეთება, რომ, პრაქტიკულად, ერთი წამიც არ გვაქვს დასაკარგი.  

მინდა გიამბოთ, როგორ გაჩნდა ანაკლიის კურორტის შექმნის იდეა. ერთხელ, ამ მიდამოებში სანაპირო დაცვის კატარღით დავცურავდით. უკან რომ ვბრუნდებოდით  ძრავი გაგვიფუჭდა და დახმარება მეთევზეებს ვთხოვეთ. მათ ორ-ორი კაცი გადავყავდით ნაპირზე. ანაკლიაში მანამდე არასდროს ვყოფილვარ. ჩემთან ერთად შეიარაღებული დაცვის ბიჭები იყვნენ. აქ განლაგებული რუსული ე.წ. სამშვიდობოების სამხედრო ბაზა იყო, რომლებმაც განგაში გამოაცხადეს - ჯავშანტრანსპორტიორები მოამზადეს, ზარბაზნები გამოაგორეს, ტყვიამრფქვევები დადგეს, თოფები, ავტომატები მოიმარჯვეს - პრაქტიკულად, სამხედრო ინციდენტი მოხდა... აი, მაშინ მივედი ერთ-ერთ ოჯახში და როდესაც ხალხს დაველაპარაკე, მივხვდი, თუ რამდენად დიდი პოტენციალი იყო აქ. ანაკლიაში საოცარი კლიმატია - როდესაც მთელ საქართველოში წვიმს, აქ, ძირითდად, სიმშრალეა. ამ ადგილზე სიმსუბუქისა და განსაკუთრებული კომფორტის განცდა გეუფლება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ანაკლიას - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რიგით სოფელს - დღეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ახალი საკურორტო ქალაქის პრეზენტაცია გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით  დასრულდა.  მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მცხოვრებლებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვითაც მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაკეთდება ახალი გზაც, რომელიც ზღვისპირეთის მთელ გაყოლებაზე გადაიჭიმება და ანაკლიიდან ფოთამდე ჩასვლა 15 წუთში გახდება შესაძლებელი, ხოლო ბათუმში ჩასასვლელად 50 წუთი იქნება საჭირო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა 2015 წლისთვის ანაკლია 400 ათას ტურისტს უმასპინძლებს და შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი გახდება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)