Google+

სიახლეები

01.08.2011
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობა პირადად გადასცა

მოგესალმებით ყველას.

დღეს ვმოქმედებთ ლოზუნგით - საქმე ლაპარაკის ნაცვლად.

ამდენი ლაპარაკის შემდეგ, ელექტრონულ პირადობის მოწმობების გამოყენება უნდა დავიწყოთ.

პატივი მაქვს, პირველი პირადობის მოწმობები რამდენიმე ჩვენს თანამოქალაქეს გადავცე.

მანამდე კი, მსურს, ორიოდ სიტყვა ვთქვა ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე და, საერთოდ, უფრო ღრმად ჩაწვდეთ იმას, რაც დღეს ხდება.

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ქვეყნების უმეტესობაში, ალბათ, პირველ პირადობის მოწმობას ქვეყნის პირველ პირს გადასცემდნენ - იქნებოდა ეს მონარქი, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.

ჩვენ კი, პირველ პირადობის მოწმობებს, გადავცემთ არა მთავრობის რომელიმე წევრს, ან პრეზიდენტს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ჩვენი ფილოსოფიის განსაკუთრებული ნაწილია.

ეს არის ნაწილი იმისა, რომ  ჩვენ ყველაფერი გვინდა არა მთავრობისთვის, არამედ ხალხისთვის.

მთავრობა არის ხალხისთვის და არა ხალხი - მთავრობისთვის.

ეს დღეს სიმბოლურად კიდევ ერთხელ დამტკიცდება.

ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრ რამეს ძალიან მარტივად შევეჩვიეთ.

მე ბევრს დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში - ბოლოს ოცდახუთი საათის განმავლობაში მომიწია ფრენა აქ ჩამოსასვლელად - ბევრ ქვეყანას ვნახულობ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ადვილად შევეგუეთ იმას, რომ საქართველო ასეთი მოწესრიგებული და სუფთა ქვეყანაა, რომ აქ არ არის კორუფცია, რომ აქ ძალიან ცოტა კრიმინალია... აქ მოქალაქეებისთვის ცხოვრება  გაადვილებულია და გვგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასე მსოფლიოში, პრაქტიკულად, არსად არ არის.

მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში  ყველაზე მარტივი ბიუროკრატიული  პროცედურები გვაქვს ჩვენ. ასევე, მსოფლიოში ყველაზე მარტივად ჩვენთან  ხდება საწარმოების დარეგისტრირება.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა და ე.ი. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მსოფლიოში.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აქ მთავრობასა და ხალხს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, ვიდრე სადმე სხვაგან მსოფლიოში.   

ყოველივე ეს საქართველოს დღევანდელმა თაობამ  გააკეთა - ეს შევძელით მხოლოდ ჩვენ და ვერავინ სხვამ მსოფლიოში.

ეს იმ პირობებში მოვახერხეთ, როდესაც ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი, მდიდარი და განსაკუთრებული ნაწილი ოკუპირებულია;  როდესაც ჩვენი მოსახლეობის ათი პროცენტი დევნილია; როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში იყო ნგრევა, გაუტანლობა, უშუქობა, განათლების სფეროს წარმოუდგენელი ჩავარდნა...

ყოველივე ამის ფონზე, საქართველომ თითქმის შეუძლებელი შეძლო.

ეს ძალიან დასაფასებელია და უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ და რამდენი მნიშვნელოვანი რამ შევქმენით.

ყველაფერი პირდაპირკავშირშია ერთმანეთთან. პირდაპირი კავშირია ქურდულ მენტალიტეტს, „ჯიგრულ ცხოვრებას", განსაკურებულ „გაგებასა" და ქუჩაში დაყრილ ნაგავს შორის; პირდაპირი კავშირია ეროვნული დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის მცდელობასა და იმ კრიმინალს შორის, რომლის პირობებშიც ბავშვებს ქუჩაში ვერ გავუშვებთ.

თუ სახელმწიფო არ გინდა და მთავარ ღირებულებებს - დემოკრატიის პირობებში წესრიგს და, მათ შორის, მოწესრიგებულებას უარყოფ, ამას მოჰყვება ის, რაც აქვს მსოფლიოს ქვეყნების 90 პროცენტს - ნაგავი ქუჩებში, საღამოს სახლიდან გასვლის საშიშროება, კორუმპირებული მებაჟეები, კორუმპირებული პოლიციელები, კორუმპირებული საპასპორტოები, გაძნელებული ცხოვრება და კარიერის გაკეთება მხოლოდ ნაცნობობით, მეგობრობით, ნათესაობით და ქრთამით. ამ შემთხვევაში, დავემსგავსებით იმ ქვეყნებს, სადაც ნიჭი და შრომისმოყვარეობა არაფერს არ ნიშნავს.

ყოველივე ეს ჩვენ უკან მოვიტოვეთ და ყველამ ერთად, განსაკუთრებით კი, ამ ღობის იქით მყოფმა ბავშვებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ვითარება არასდროს აღარ დაბრუნდეს; ჩვენ ქუჩებში არასდროს აღარ დაბრუნდეს კრიმინალი და არასდროს აღარ იყოს ნაგავი; აღარ დაბრუნდეს უშუქობა და კორუფცია; სახელისუფლებო დერეფნებში, ამ კაბინეტებში აღარ დაბრუნდნენ „ჯიგრული გაგების" სუბიექტები ქვეყნის მხოლოდ ერთი ქუჩიდან და უბნიდან.  

ჩვენთან ბრძოლა, ამ მთავრობასთან ბრძოლა (თუმცა მინდა ვთქვა, რომ დემოკრატია და ოპონირება ნორმალურია), აქამდე ძირითადად ერთადერთი ნიშნით წარმოებდა - მითხოვდენნ ჯიგრულ, ნაგვიან, კრიმინალურ, კორუმპირებულ ყოფაში დაბრუნებას.

ამას ისინი „ღირსების" აღდგენას უწოდებენ. მათი „ღირსება" ყველაზე დიდი უღირსობაა მსოფლიში - ეს არის სხვა ადამიანის დამცირების უფლება.

მათთვის განსაკუთრებული ის კი არ არის, რომ მეტს შრომობს ან ის, რომ უფრო ნიჭიერია, ან რაღაც შექმნა, არამედ ის, რომ რომელიღაც უბნელია, ვინმეს შვილიშვილი თუ შვილია; ძმაა, ბიძაშვილი ან ძმისშვილი და ამიტომ, უფლება აქვს სხვა დაამციროს. შეიძლება შუქი არ არის, მაგრამ გენერატორი მარტო მას აქვს და სხვა უშუქობაშია, მარტო მის სადარბაზოს გვიან და სხვა ნაგავში ცხოვრობს. ის ქრთამს არ იხდის, რადგან ნაცნობები ჰყავს, სხვამ კი ბევრი ფული უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ ელემენტარული მომსახურეობა გაუწიონ...  

სხვათა შორის, ამას წინათ, აქ სტუმრად ჩამოსულ ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერს ვუყვებოდი, რომ ბათუმის საბაჟო ტერმინალზე ტვირთის განბაჟება 5-7 წუთში, მაქსიმუმ ერთ საათში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მებაჟე სამსახურიდან გაათავისუფლონ. მას გაეცინა და თქვა: სად იპოვით ისეთ მებაჟეებს, რომლებიც მუშაობის  ამ პირობებზე დაგთანხმდებათო. ის გულისხმობდა, რომ თუ მებაჟეს თავისი „მარცხენა" შემოსავალი, ან მინიმუმ იმის კომფორტი მაინც არ აქვს, რომ სხვა ადამიანი დააამციროს, არ იმუშავებს. ამაზე გამეცინა და ვუთხარი: ასეთ მებაჟეებს შვიდი წელი ვუყურებდით;  პირადად მე სარფის საბაჟოს თანამშრომლები ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუშვი სახლში და  შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საბაჟოს თამანშრომლები მებაჟეები კი არა, სამოდელო სააგენტოს გოგოები უნდა იყვნენ, რომლებიც იმისათვის იქნებიან, რომ გაიღიმონ. თუ, ვთქვათ, ტრაილერის გაუპარსავი მძღოლი გადმოკვეთს საზღვარს, მივა და მიესალმება მას ინგლისურად ან თურქულად, გოგონამ უნდა გაუღიმოს და 7 წუთში გაუშვას.

ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა. მსოფლიოში ასე არსად არ ხდება.

ეს არის ტექნოლოგია - სახელმწიფოს ნება, რომ არ არსებობდეს კორუფცია, არ იყოს დარჩენილი სივრცე იმისათვის, რომ ღიპიანმა, გაუპარსავმა და ჭკუაარეულმა მებაჟემ ჩვენი ან თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქე დაამციროს.

სწორედ ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა.

რაც მეტს დავდივარ, რაც მეტს ვხედავ, რაც მეტს ვაკვირდები, ვხვდები, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და გარშემო ბევრს გავუსწარით.

ეს ცათამჯენები, რომლებსაც გარშემო ვხედავთ, შენდება არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ნავთობი  - ჩვენ არ გვაქს ნავთობი; არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი გაზი - ჩვენ არ გვაქვს ბევრი გაზი; არა იმიტომ, რომ რომელიმეს ბებიისგან შემოგვრჩა მემკვიდრეობა (ჩემი დიდი ბებია, თავის დროს, ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ მემკვიდრეობა არ დაგვრჩა, რადგან კომუნისტებმა ყველაფერი ჩამოართვეს), არამედ შენდება იმიტომ, რომ ჩვენ არაკორუმპირებული, გამჭვირვალე, ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი შევქმენით და ისეთი დემოკრატია ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ხალხს ემსახურება  და არა თანამდებობის პირებს.

ამიტომ, მინდა, დღეს პირდაპირი სახალხო დემოკრატიის მორიგი აქტი განვახორციელო და რამდენიმე ჩვენ თანამოქალაქეს ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობა გადავცე, რომელიც პრეზიდენტს მხოლოდ იმის გამო არ შეხვდა, რომ იგი ამ ქვეყანაში არ არის პირველი.

პირველები არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სტუდენტები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენი სოციალურად დაუცველი პირები, ჩვენი ქართველები უცხოეთიდან - ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ისინი, ვისაც ეკუთვნის საქართველო.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სოციალურად დაუცველ პირებს ახალი პირადობის მოწმობები გადაეცემათ უფასოდ. სოციალურად დაუცველი - ეს არ არის არც პროფესია და არც მუდმივი სტატუსი, ეს არის ადამიანის დროებითი მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)