Google+

სიახლეები

20.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Radisson Blu ოფიციალურად გახსნა

მოგესალმებით ყველას.

დღეს ისტორიული დღეა ამ ქალაქისთვის და ძალზე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ყველაზე მთავარი ინდუსტრიისთვის - ტურიზმისთვის.

აქ იხსნება არა მარტო არქიტექტურული შედევრი, არამედ ის, რაც მართლაც გადაიქცევა საქართველოს წარმატების, საქართველოს განვითარების, საქართველოს უკეთესი მომავლის სიმბოლოდ.

პირველი იყო Sheraton, ახლა იხსნება Radisson Blu, შემდეგი ორი წლის განმავლობაში გაიხსნება Holiday Inn, Kempinski, Novotel, Hilton, Conrad, Ritz-Carlton და ა.შ.

ამას ვამბობ მათთვის, ვისაც არ ჯეროდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ყოველივე ამის გაკეთება; მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა.

გუშინ სვანეთის მთებში, თოვლში ალბერტო ტომბასთან ერთად ვისრიალე და თუკი ვინმეს არ სჯერა, რომ განსაკუთრებული ქვეყანა გვაქვს, მოვუსმინოთ რა თქვა მან. მისი სიტყვები ტელევიზიით  მოვისმინე: ევროპაში არსად ასეთი ადგილი არ არის და ერთი გამონაკლისი, რომელიც შეიძლება მესტიის კონკურენტი იყოს,  მონბლანიაო.

სხვათა შორის, დღეს მითხრეს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება მესტიაში თავის სახელობის სათხილამურო სკოლა გახსნას, თავისივე სახელობის სპორტული ტრასა მოვაწყოთ.

ამით შესაძლებლობა გვეძლევა საქართველოში გაჩნდეს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთხილამურის, ისტორიულად ყველაზე დიდი ჩემპიონის ალბერტო ტომბას სახელობის ცენტრი და სათხილამურო კურორტი და ადგილი.

ჩვენ ამას ყველანი მივესალმებით.

მინდა გითხრათ, რომ სვანეთში სასრიალოდ და გასართობად არ ავსულვართ, არც აქ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ყვინთვით სიამოვნება მიგვეღო. ამას მხოლოდ იმისთვის ვაკეთებთ, რომ ყველას დავანახოთ ის, რაც ჩვენმა მტერმა ძალიან კარგად იცის და რატომაც ცდილობს ასე გაფაციცებით ჩვენი ქვეყნის დაპატრონებას.

მათ იციან ჩვენი ქვეყნის ფასი და ყველაფერი გააკეთეს ასწლეულების განმავლობაში, რომ ჩვენ ვერ გაგვეგო ჩვენი ფასი.

კარგად იცით, რასაც ამბობენ ქართველები - გაიარეთ ქუჩაში და თავად მოგიყვებიან ჩემზე უკეთესად, რადგან საქართველო ამაყობს ამ ადგილებით, მაგრამ მინდა გიჩვენოთ და წაგიკითხოთ, თუ რას წერენ ქართველები  საქართველოს განვითარებაზე - ეს საგანგებოდ ამოვიღე ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალიდან:

„კიჩია ის მიდგომა, რომლითაც ჩვენ აღმაშენებლის გამზირის - პარიზად, ან მესტიის - შვეიცარიად ქცევად ვაპირებთ. რამდენი მანსარდიც არ უნდა დაადგან აღმაშენებლის გამზირს, არ გამოვა მისგან პარიზი. სულ რომ ათობით პიაცა ჩადგან ჩვენს ძველ, ნესტიან, „კოფე"-თი გაჟღენთილ ბათუმში, არ გამოვა მისგან არც ნიცა და არც რომი. ან ვის რად უნდა შენი კიჩი და ეს არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე".

ამაზე ერთადერთი პასუხია: ვაი, შენს პატრონს!

არაფერს ვამბობ ამის დამწერის გონებრივ შესაძლებლობებზე - ნამდვილად არ მინდა ვინმე  გავაკრიტიკო, მაგრამ მას ხომ ჰგონია საკუთარი თავი ძალიან განათლებული, ის არის კლასიკური არქეტიპი რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონისა საქართველოში.

მას ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უბედურები, ყველაზე ჩამორჩენილები, ყველაზე მახინჯები, ყველაზე გამოუსწორებლები და ჩვენგან არაფერი არ გამოვა.

აი, ეს ჩაგვიდეს ტვინში და სწორედ ამას ანგრევს „რედისონი", ამას ანგრევს „შერატონი".

მთელ ამ ფსიქოლოგიას ანგრევს ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

მონის ფსიქოლოგია ირღვევა ყოველივე ახალით საქართველოში, ამ აღმშენებლობით რომელიც არის ბათუმში...

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბიზნესშეხვედრაზე ნიცაში. მინდა გითხრათ, რომ დღესაც კი ბათუმი, მთელი რიგი კომპონენტებით - საჯარო სივრცეებით, კულტურის ცენტრებით, სიმწვანით, გადაადგილების კომფორტით - ნიცას უკვე სჯობია და 2-3 წელიწადში ცხოვრებისა და კომფორტის ყველა პარამეტრითაც აჯობებს როგორც ნიცას, ისე კანს.

ეს ჩვენი გამოგონილი არ არის - ეს არის აბსოლიტური და ელემენტარული რეალობა.

მინდა კიდევ ერთი რამ წაგიკითხოთ. მეორე „ინტელექტუალი" ამას წინათ წერდა:

„დასვენების დღეებში რიყის პარკში მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს მთელი ეს ტერიტორია: მეტეხის ხიდი, საფეხმავლო „მშვიდობის ხიდი", ახალი პარკი, აბანოთუბანი, ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე რას აკეთებდნენ, ბავშვებიც მოიყვანეს... ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ -  აი, ჩვენი მშობლები რომ ამბობდნენ: რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა, სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ, არ მესმის, მართლა არ მესმის. რატომაა სასიამოვნო სეირნობა?! არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს".

ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ, მაგრამ ჩვენ და ჩვენი ხალხი ამას მშვენივრად იგებს და მიდის წინ.

დღეს ყველა, ვისაც საქართველოში, რეგიონებში ოდნავ მაინც შეუძლია რაიმე დაინახოს, საქართველოს ეკონომიკურ სასწაულზე და საქართველოს ეკონომიკურ მოდელზე ლაპარაკობს და არა იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მდიდარია.

ბათუმში ჯერ კიდევ ძალიან დიდი სიღარიბეა და გაჭირვებაა.

მართალია, უმუშევრობა ისევ არის, თუმცა კი ბევრად შემცირდა.

ხუთი წლის წინათ კანალიზაციისა და წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ და  ეს სისტემები ბათუმში უკვე მთლიანად შევცავალეთ.

ეს ნიშნავს იმას, რომ აქ 300 ათას ოჯახს ევროპაში საუკეთესო წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა ექნება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მოსახლეობა, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში, რაოდენობრივად, 200 ათასი იქნება, მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმის მიხედვით, 300 ათასს მიაღწევს.

მომავალ ზაფხულს ფოთში ახალი, დიდი, საერთაშორისო კლასის აეროპორტი  იხსნება, მომავალი წლის შემოდგომით კი ქუთაისში მეორე დიდი აეროპორტი  გვექნება.

2014-15 წლებში აქ ჩქარი რკინიგზა გაივლის, რომლის მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წელს დასრულდება.

2013 წელს დამთავრდება ავტობანის მშენებლობაც...  

ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმი ყველასთვის ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი გახდება.  

ფრენას იწყებს ავიაკომპანია Ryanair და სხვა იაფი ავიაკომპანიები.

მომავალ წელს აქ შემოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიები, მაგალითად,  Royal Caribbean, რომელიც შავი ზღვის მხოლოდ სამ ქალაქში შემოდის: ბათუმში, იალტასა და სტამბულში.

ყოველივე ეს დამატებით მილიონობით ტურისტის ჩამოსვლას განაპირობებს.

თავის მხრივ, ეს ნიშნავს ასობით ათას დასაქმებულ და უკეთეს პირობებში მცხოვრებ ადამიანს.

ვის წარმოედგინა, რომ, მართლაც, როგორც ის ავტორი აღწერს, ასლან აბაშიძის დროინდელი ჩაბნელებული, ჩამტუტებული, ნესტით  გაჟღენთილი, ძველი, გაუბედურებული ბათუმი, გახდებოდა ისეთი, როგორიც არის დღეს.

თუმცა იმ ავტორის ტვინში ბათუმი ისევე დარჩა, ჩვენ კი წინ წავედით.

ვის წარმოედგინა, რომ ბათუმი როდესმე ასეთი გახდებოდა;

ვის წარმოედგინა ის ბათუმი, რომელზეც შარშან, მაგალითად, CNN-ის კორესპონდეტმა ჯიმ კლენსიმ თქვა: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ძალიან ბევრი სასწაული მაქვს ნანახი, მაგრამ განვითარების თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც ოდესმე სადმე მინახავსო.

ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არც „რუსთავი 2"-ზე, „იმედზე", „პირველ არხსა" თუ  „კავკასიაზე" უთქვამს ვინმეს -  CNN მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიაა, რომლის წამყვანი კორესპონდენტია ჯიმ კლენსი.

ამიტომ, ჩემი ამოცანაა ის, რომ ყოველივე, რაც აქ ხდება, შეუქცევადი იყოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, ციდან არ ჩამოვარდნილა.

ეს ამ ადგილის ხელმძღვანელების ლევან ვარშალომიძისა და რობერტ ჩხეიძის დამსახურებაა;

ეს იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორს შორის ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს;

ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს რწმენითა და ენთუზიაზმით ვაშენებთ, გვაქვს ენერგია, სიცოცხლის ხალისი და ოპტიმიზმი.

ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რომელსაც ყოველდღიურად ემუქრებიან და ბოლო წლებში ყველანაირი ქარტეხილი შეეხო, გადაიქცა ყველაზე დინამიკური განვითარების, რეფორმების ნიმუშად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს ხდება იმიტომ, რომ მთავრობა არ იპარავს, არც ერთი მინისტრი, მინისტრის მოადგილე, გამგებელი თუ სამოქალაქო პირი არ არის კორუმპირებული და თუ კიდევ დარჩა ასეთი, მასაც ადგილს მივუჩენთ.

როდესაც მთავრობა არ იპარავს, ორგანიზებულად ვმოქმედებთ და ხალხი დღე და ღამე მუშაობს,  ყველაფერს შევძლებთ.  

მაგალითად, ამ სასტუმროს მშენებლობის დროს ხალხი ღამის 2-3 საათზეც მუშაობდა - აქ ხშირად მოვსულვარ ამ დროს და ეს პირადად მინახავს. სხვათა შორის, არც ახალი წლის ღამეს გაჩერებულა მშენებლობა.

რასაც დღეს ვხედავთ, სწორედ ამ პირობებში გაკეთდა.

ყველაფერს მივაღწიეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ კარგი კანონები გვაქვს, თუმცა-კი ნამდვილად კარგი კანონები გვაქვს; არა იმიტომ, რომ  ძლიერი და კარგად ორგანიზებული მთავრობა გვყავს, თუმცა კი ჩვენი მთავრობა მართლაც ძლიერი და კარგად ორგანიზებულია, არამედ იმიტომ, რომ ყველანი ერთად ვართ და გვჯერა - ყველაფერი შესაძლებელია.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყაზახ მეგობრებს. ეს მშენებლობა რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტ ნაზარბაევთან ერთად დავიწყეთ, მისი ბათუმში სტუმრობის  შემდეგ.  

ასევე, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი რამიშვილს და მთელ სილქროუდ ჯგუფს.

საქართველოში მართლაც არის ხალხი, რომელიც საკუთარი ხელით აშენებს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ამ სასტუმროს შენობაც აგურის ერთი მწკრივია ჩვენი ქვეყნის მომავალში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი.

დიდი მადლობა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)