Google+

სიახლეები

28.06.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე ყურადღება გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა. მანანა მანჯგალაძემ ისაუბრა შეთანხმებაზე, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას შორის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გაფორმდა. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ძალზე მნიშვნელოვანი და რთული იყო და ის რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიესალმება ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დასრულებას და იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეთანხმება საქართველოში მორიგი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დამატებითი გარანტი გახდება.

მანანა მანჯგალაძემ რიკოთის უღელტეხილზე, სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთებზე  მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების თაობაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა,  პრეზიდენტი ამ საკითხს პირადად აკონტროლებდა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის აღდგენის პროცესში", - აღნიშნა პრესსპიკერმა. 

დაბოლოს, მანანა მანჯგლაძემ საქართველოში შეერთებული შტატების კონგრესმენთა მორიგ ვიზიტზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი კონგრესმენებს ამჯერად ბათუმში უმასპინძლებს.

„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებთან კონსულტაციებისა და იმ ურთიერთობის გაგრძელება, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში აქვს. განსახილველ საკითხთა სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანი, სერიოზული და აქტუალურია: სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოება და სხვა", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)