Google+

სიახლეები

16.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი რაჭას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურის რაიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო გახსნა. სამედიცინო დაწესებულება, რომელიც 25 საწოლზეა გათვალისწინებული, რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. პრეზიდენტის თქმით, აქ მკურნალობა შეეძლება ყველას, მათ შორის, მათ, ვინც სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს. როგორც მან აღნიშნა, ახალ კლინიკაში მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. საავადმყოფოს ექიმებს აქ დამონტაჟებული სპეციალური სისტემით,  საშუალება ექნებათ ინტერნეტით დაუკავშირდნენ წამყვან სპეციალისტებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და მსოფლიოში და აუცილებლობის შემთხვევაში, მათგან კვალიფიციური კონსულტაცია მიიღონ. საქართველოს პრეზიდენტმა ასეთ ექსპერიმენტში მონაწილეობა პირადად მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტის საშუალებით დანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს დაუკავშირდა, რომელსაც ტელემედიცინის განვითარების შესაძლებლობაზე ესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მედიცინის განვითარების თვალსაზრისით, დანია ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოს მასშტაბით. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დარგი საქართველოშიც მიაღწევს განვითარების მაღალ საფეხურს და წარმატებული ქართველი ექიმები არათუ აღარ წავლენ საკუთარი ქვეყნიდან, არამედ ისინიც დაბრუნდებიან, რომლებიც უცხოეთში წლების წინ წავიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოც გახსნა, რომლის სერვისით სარგებლობაც ადგილობრივებს ხვალიდან შეეძლებათ.

დღესვე ამბროლაურის რაიონში მიხეილ სააკაშვილმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გახსნა, რომელიც სპორტულ და ფიტნეს დარბაზებს აერთიანებს.  

პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომლებიც მათ წინაშე ამჟამად დგას. პრეზიდენტი რაჭველებს დაწყებული  პროექტების დასრულებას დაპირდა და აღნიშნა, რომ მომავალი წლისათვის ამბროლაურის რაიონს საკუთარი აეროპორტი ექნება.  

საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ შარდომეთში ქართულ-შვეიცარიული პროექტის ფარგლებში აშენებული მეცხოველეობის ფერმაც მოინახულა. შვეიცარიული კომპანია იყო პირველი, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ რაჭის რეგიონში ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში ორი მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა. შვეიცარიელი ინვესტორების მიზანია საქონლის ახალი, სახორცე ჯიშის გამოყვანა. ფერმაში  25 ადგილობრივია დასაქმებული, რომლებიც შვეიცარელმა სპეციალისტებმა საგანგებოდ გადაამზადეს. პრეზიდენტმა ფერმის დირექტორს, შვეიცარიელ ბრუნო ვიდენს, რომელიც მეცხოველეობის განვითარებაზე ზრუნავს, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ ახლა სასაკლაოს აკეთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცის აქ ჩაბარება მთელ მოსახლეობას შეეძლება. თანაც, ხალხს თვითონვე ასწავლიან და აუმჯობესებენ საქონლის ჯიშს. შვეიცარული ჯიშების შემოყვანა, ამ მხრივ, აუცილებელია, რადგან საქართველოში არსებული ჯიშები გადაშენების პირასაა. დღეს ლაპარაკობენ, რომ აქაურობა შვეიცარიას უნდა დაემსგავსოს, უპირველესად კი, ცხოვრების სტილით. ამისთვის, უნდა შეიქმნას შემოსავლების წყარო, რასაც ქმნის ახალი ტექნოლოგია, უპირველესად, სოფლის მეურნეობაში. როდესაც სასაკლაოს ააშენებენ, ხალხს მეტი ინტერესი ექნება, რომ ბევრად უფრო სერიოზული საქონელი ყავდეს, ვიდრე დღეს ჰყავს", - აღნიშNა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეს პროექტის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ქართული ძროხა 400 კილოგრამს იწონის,  ახალი ჯიში 700-მდე კილოგრამი იქნება. მოხდება შვეიცარული და ქართული ჯიშების შეჯვარებაც. პროექტის მესვეურთა თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხორცის ადგილობრივით ჩანაცვლებას. ამას გარდა, ფერმის გარშემო  მოეწყობა სასწავლო ცენტრი, ლაბორატორია და რამდენიმე სასაკლაო. რაჭის  რეგიონში სულ 30 ფერმის აშენება იგეგმება.

ამბროლაურიდან პრეზიდენტი ონის რაიონში გაემგზავრა. მან ის კორპუსები მოინახულა, რომლებსაც სარეაბილიტაციო და გასამაგრებელი სამუშაოები ჩაუტარდა. უკვე აღდგენილია ათი კორპუსი და ათასამდე კერძო სახლი. მიხეილ სააკაშვილი ონის მოსახლეობასაც შეხვდა და მიწისძვრითა და ომის დროს დაზარალებულებული მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესდა. პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მიწისძვრით დაზარალებული ყველა ოჯახი უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდეს. მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თორმეტი მილიონი ლარი გამოიყო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)