Google+

სიახლეები

31.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს

მიხეილ სააკაშვილი

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემული სტუმრებო.

ჩვენ დღეს აქ, სარფში, ვხსნით მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ყველაზე საუკეთესო საბაჟო-გამშვებ პუნქტს.

კარგად მახსოვს რეჯიფ ტაიპ ერდოღანის ვიზიტი ბათუმში 2004-ში. მაშინ საქართველო დანგრეული და გავრანებული იყო, მაგრამ ეს იყო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი არის სიტყვის კაცი - რასაც ის ამბობს, აუცილებლად კეთდება.

ჩვენ ვთქვით რომ გავაკეთებდით ერთობლივ აეროპორტს და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

ჩვენ ვთქვით, რომ იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და საქართველო-თურქეთს შორის არის უვიზო მიმოსვლა.

მან თქვა, რომ ყველანაირად შეუწყობდა ხელს თურქული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლას და ნახეთ რამდენი თურქული ინვესოტრი შემოვიდა მთელ საქართველოში.

ჩვენ ვთქვით, რომ სერიოზულად განვითარდებოდა პოლიტიკური ურთერთობა ყველა დონეზე და ჩვენ შეგვიძლია თურქების იმედი გვქონდეს ყველა საერთაოშორისო ორგანიზაციაში.

ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა. სამაგალითოა ისიც, თუ როგორ ვითარდება თურქეთის სახელმწიფო. სანიმუშოა ის, თუ როგორ მოახერხა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთმა ჩამორჩენილი, მეორეხარისხოვანი ქვეყნიდან მსოფლიოს ყველაზე დინამიურად განვითარებად სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

თურქეთის შავიზღვისპირეთი ბევრად ჩამორჩენილი იყო, ვიდრე ჩვენი აქაური შავიზღვისპირეთი და ნახეთ რამდენად დიდი პროგრესია თურქეთის მიმართულებით.

ნახეთ, რამდენი რამ შეიცვალა თურქეთის თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში.

ნახეთ, როგორი ახალი ტექნოლოგიები მოდის თურქეთიდან, რამდენი ახალი საგანმანათლებლო რეფორმა განხორციელდა და რამხელა პროგრესს მიაღწიეს ამ სფეროში.

ნახეთ, რამდენად დიდი პროგრესია ინდუსტირული განვითარების, ფინანსური ლიბერალიზაციის, კორუფციასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ; როგორ შეიცვალა მთლიანად  ქვეყნის იმიჯი და მისი პოზიცია მსოფლიოს მაშტაბით.

ყოველივე ეს უკავშირდება ამ კაცს - პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მის გუნდს.

მეამაყება, რომ მას პირად მეგობრად და საქართველოს მეგობრად მივიჩნევ.

როდესაც იგი პირველად ჩამოვიდა აქ და ამ მთებს გადახედა, თქვა, რომ ეს ადგილი მის სახლს ჰგავს რიზეში. მისი მებრძოლი ხასიათი, მისი ტემპერამენტი, ნიჭი ძალიან ზუსტად ასახავს იმას, რაც არის ასევე აქაურ ხასიათში და რაც ძალიან მახლობელია ჩვენი ერისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ასევე ჩვენიანად მივიჩნევთ. ჩვენ მას მივიჩნევთ არა უბრალოდ მისაბაძ ადამიანად საკუთარ ქვეყანაში, არმედ აქ საქართველოშიც. იგი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია.

როდესაც პრეზიდენტი ვხდებოდი, ვამბობდი, რომ მისაბაძი მაგალითი ჩემთვის იყო მუსტაფა კემალ ათათურქი, რადგან არაფრისან ძალიან დიდი სახელმწიფო შექმნა.

ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ჩემთვის განვითარების მოდელი, მისაბაძი და საინტერესო დინამიკა ეს არის თურქეთი მაგალითი - ის, რასაც თანამედროვე თურქეთი სრულიად ახალ პირობებში დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აღწევს.

მინდა მოგილოცოთ, რომ დღეს ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები საზღვარს გადაკვეთენ პასპორტების გარეშე, როგორც შევთანხმდით კიდეც ერთი წლის წინათ.

გუშინ ღამის 4 საათზე მოვედით აქ მე, ბატონი ნიკა გილაური და რამდენიმე ჩვენი მეგობარი - მთელი სარფი გარეთ იყო გამოსული. ყველა გვიღიმოდა, ყველა ხელს გვიქნევდა და ბოლოს ტაშიც კი დაგვიკრეს.

ვფიქრობ, ტაშის დაკვრას ჩვენ კი არა, ის ხალხი იმსახურებს, ვინც დღე და ღამე მუშაობდა ამ საბაჟო პუნქტის მშენებლობაზე. არავის არ ჯეროდა, რომ ყველაფერი მაისში დასრულდებოდა. იმის თაობაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს ჩემი მორიგი ფანტაზიებია და მსგავსი რამეები სამ-ოთხ თვეში არ შენდება.

ამ მშენებლობას კახა ბაინდურაშვილი ჩაუდგა სათავეში. აქ იყვნენ ძალიან კარგი სპეციალისტები და ეს ინჟინრული სასწაული, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორის იურგენ ბაიერის - ბერლინელი არქიტექტორის გაკეთებულია, რომელიც, პრაქტიკულად, ქართველი გახდა, იმდენი მშენებლობა აქვს საქართველოში განხორციელებული. მათ მოახერხეს ამ, მართლაც, საოცარი პუნქტის გახსნა.

საზღვრის გადაკვეთა პასპორტების გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ხალხისთვის ცხოვრება გაადვილდება; მძღოლები მანქანებიდან აღარ გადმოვლენ და გაატარებენ ისე, როგორც ეს  შვეიცარია-საფრანგეთისა და სხვა განვითარებული ქვეყნების საზღვრებზე ხდება.

ასევე, ჩვენ გვაქვს ისეთივე აეროპორტი, როგორიც არის საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის.  ესეც თქვენი დამსახურებაა.

თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, პასპორტების, ვიზების გარეშე მოგზაურობის პირობებში ჩვენი ურთიერთობა ნათელი მაგალიათია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ცივილიზებულ სახელმწიფოებს, ორ დიდ ევროპულ სახელმწიფოსა და ორ დიდ ევროპულ ერს შორის. ეს არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ძალიან რთული წარსულიდან მომდინარე, ნათელი მომვალის საკეთილდღეოდ.

ადრე ეს არ იყო საზღვარი - ეს იყო ჩაკეტილი საზღვარი ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის.

ეს იყო ადგილი, სადაც, ისე გავიზარდე, რომ აქ შემოსვლის უფლება არავის არ მოუცია, რადგან აქ შემოსასვლელად საჭირო იყო მრავალთვიანი პროცედურის გავლა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეორე მხარეს ცხოვრობდა საშიში ხალხი, ჩვენ კი ვხვდებოდით, რომ იქ იყო ძალიან ძალიან კარგი ხალხი - უცნობი, გაუგებარი, მაგრამ მაინც ძალიან კარგი. ვხვდებოდით, რომ გვატყუებდნენ, მაგრამ როდესაც ეს საზღვარი გაიხსნა, ჩვენ ყველაზე უფრო თამამ მოლოდინსაც კი აღემატება ის გრძნობა, რომელიც ამ საინტერესო ხალხის შეხვედრით განვიცადეთ. იმდენად საიტერესოდ განვითარდა მოვლენები, რომ სასაზღვრის მეორე მხარეს ჩვენ ვიპოვეთ ძმები და დები.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ წარმატება თქვენს დიდ აღმშენებლობაში, რადგან საბოლოოდ, ძლიერი თურქეთი პოზიტიური როლით თავის სამეზობლოში, ძლიერი მეზობლების,წარმატებისა და  ხალხთაშორის მეგობრობისა და თანამშრომლობის საუკეთესო მოდელის შექმნის საწინდარია; ეს ურთიერთობა სამაგალითოა არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპისა და მსოფლიოსთვის.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

 

რეჯიფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი

ბატონო პრეზიდენტო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო.

დღეს ჩვენ ვხსნით სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ვიმედოვნებ, რომ იქნება წარმატების საფუძველი ორივე ქვეყნისათვის.

2009 წლის 5 მარტს, როდესაც თურქეთის საზღვარს ვხსნიდით, დაიგეგმა სარფის საზღვრის გახსნა და ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მაშინ დაგეგმილი პროექტი, როგორც ხედავთ,  განხორციელდა.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს შორის მოიხსნა სავიზო რეჟიმი და თქვენ შეძლებთ თურქეთში ჩამოსვლას არა მარტო პასპორტით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პირადობის მოწმობების საფუძველზე.  

ეს ჩვენი პროექტის მხოლოდ პირველი ნაბიჯია და, ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ.

ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო სფეროში განხორციელებული პროექტები. 2009 წლიდან ჩვენი მეგობარი საქართველო ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთისთვის პირველია. ამ მხრივ, დიდი ინვესტიციები განხორციელდა.

დღესდღეობით, თურქეთი საქართველოში 200 მილიონზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს და ბედნიერი ვარ, რომ მე შემიძლია აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს არის თურქეთის ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანა.

უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საგარეო ვაჭრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასაზღვრო პუნქტები და სარფის საბაჟოს გახსნა ერთ-ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ორ მეგობარ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. ჩვენი ექსპორტის 90 პროცენტი სწორედ ამ სასაზღვრო პუნქტიდან ხორციელდება.

როგორც ხედავთ, თქვენ უკვე თანამედროვე ძალიან მაღალი ხარისხის სასაზღვრო პუნქტზე იმყოფებით, რომელიც საშუალებას აძლევს ორივე მხრიდან ადამიანებმა მარტივად გაიარონ საკონტროლო პუნქტები.

მოდერნიზაცია როგორც საქართველოს ისე თურქეთის წარმატების ნიშანია. ეს პროექტი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა კიდევ უფრო ღრმავდება და რომ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, არამედ  იგი საქმითაც მტკიცდება.

მინდა ავღნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და იგი კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარში დგომას, რადგანაც თურქეთი არა მხოლოდ მეზობელია საქართველოსი, არამედ დიდი მეგობარიც. ეს ის წერტილია, რომელიც კიდევ ადასტურებს იმას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია, რომელიც სულ უფრო ღრმავდება.

უფრო მარტივი გახდება ანკარასა და ბათუმს შორის მიმოსვლაც.

საქართველოში თურქული ინვესტიცია დიდი რაოდენობით იდება და განხორციელებული ინვესტიციებით, ჩვენი ქვეყანა საქართველოში მესამე ადგილს იკავებს.

ასევე უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტიც ისეთივე წარმატებით დაგვირგვინდება, როგორც სარფის სასაზღვრო პუნქტი.

ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო სტუმრებო თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობა ძალზე დიდია მთელი რეგიონისათვის, რადგან ის რეგიონში მშვიდობის, წარმატებისა და განვითარების საფუძველს ქმნის.

იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საბაჟო-პუნქტის რეკონსტრუქციაში.

დიდ წარმატებებს გისურვებთ.            




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)