Google+

სიახლეები

31.05.2011
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ვიზიტით აჭარას სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯიფ თაიფ ერდოღანმა დღეს სარფის განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მათ საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომლის მუშაობის პრინციპი ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერს დეტალურად აუხსნა.

„საქართველოს მხრიდან 18 გასასვლელია, თუქეთის მხრიდან კი - ექვსი. აუცილებელია, რომ ტექნიკური გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ, რათა სწრაფად გადაადგილება ორივე მხრიდან იყოს შესაძლებელი და ჩვენს მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუხდეთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა გაიზრდება. ჩვენთან 35 მებაჟე მუშაობს თქვენთან კი - ცვლაში მხოლოდ სამი. ვაპირებთ, რომ ჩვენი მებაჟეების რაოდენობა 65-მდე გავზარდოთ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველები, რომლებიც აქეთ გადმოდიან, შუა გზაზე არ შეყოვნდნენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი რეჯიფ თაიფ ერდოღანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა აეროპორტიდან ბათუმის ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს, სადაც მიხეილ სააკაშვილსა და რეჯიფ თაიფ ერდოღანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხი განიხილეს  და სავიზო რეჟიმის გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა ისიც, რომ დღეიდან ბათუმი-ანკარისა და ანკარა-ბათუმის მიმართულებით, რეისები რეგულარულად შესრულდება. მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდას.

„თურქეთის ავიახაზები სრულად ასრულებს რეისებს და ეს თქვენი ინიციატივა იყო. ახლა სტამბულიდან ყოველდღიურად სრულდება რეისები, ანკარიდან კი, თვითმფრინავები კვირაში სამჯერ იფრენს. აქაურობა მთავარი დანიშნულების ადგილი უნდა გახდეს თურქებისთვის, რადგან მათ ძალიან მოსწონთ აქაური გარემო და იციან, რომ აქაურობა თქვენც ძალიან მოგწონთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერთან საუბრისას.  

დღესვე 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებაში სავიზო მიმოსვლის შესახებ, ცვლილებები შევიდა, გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, 1 ივლისიდან საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები საზღვარს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე გადალახავენ.  

სარფის განახლებულ საბაჟო-გამშვები პუნქტი დღეიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, აქ ცალკეა გამოყოფილი მოსაცდელი დარბაზები, მებაჟეები კი წუთში 10 მსუბუქი ავტომანქანისა და ცხრა ტრაილერის გაშვებას შეძლებენ. საბაჟოს თანამშრომლები დღე-ღამეში 600-მდე სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურებიან.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)