Google+

სიახლეები

26.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

მოგესალმებით.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავს, და მე მინდა გითხრათ რომ აქ ვხედავ ჩვენი  უწყებების თანამრომლებს, რომლებიც დაახლოებით იმ დროს დაიბადნენ,  როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ან მხოლოდ 2-3 წლის იყვნენ. ერთი სიტყვით, მთელი შეგნებული ცხოვრება დამოუკიდებებლობის პირობებში იცხოვრეს.

მე ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რამდენად მძიმე იყო საქართველოს ხვედრი, როდესაც 18-21 წლებში ჩვენ მხოლოდ 3 წლიანი დამოუკიდებლობა გვქონდა.

ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში დამოუკიდებლობის პირობებში გაიზარდა მთელი თაობა. სწორედ ამის გამო მოხდა ტრაგედია, განსაკუთრებით, მძიმე იყო ბალტიის ქვეყნებისთვი, რომლებიც ჩაითრიეს საბჭოთა კავშირში. მათ მრავალი წლის შემდეგაც ახსოვდათ, რომ ჰქონდათ დამოუკიდებლობა, ჰყავდათ პოლიტიკური თაობა, პოლიტიკური კლასი, რომელიც გაცნობიერებულად იბრძოდა მათი დამოუკიდებლობისათვის.

საქართველოს უკვე რამდენიმე საუკუნე არ ჰქონია პერიოდი, გადაბმულად 20 წელი რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი. ე.ი. 20 წელი გაზრდიდა თაობას, რომელიც გაცნობიერებულად იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს საყრდენი.

ამგვარად, ეს არის არა მხოლოდ თარიღი - 20 წელი, არამედ სახელმწიფოებრივი მოწიფულობის, გამოცდილების და ჩვენი აწმყოს და მომავლის სრულიად ახალი ხედვის ძალზე მნიშვნელოვანი ტესტი.

ვფიქრობ, ამ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან კარგად შეგვახსენეს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. და თუკი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, თუ ადამიანი ბრმა არ არის ან ყურები არ აქვს დახშული და გადაწყვეტილი არ აქვს არ დაინახოს არაფერი, კარგად  გამოჩნდა თუ რა სცენარია დაწერილი დღეს საქართველოში.

ჩვენი 20-წლისანი დამოუკიდებლობა უკვე ძალიან სახიფათო პერიოდია იმპერიისთვის - შეიძლება უკან ვეღარ დაგვიბრუნოს. ამიტომაა, რომ ყველა მცდელობა მიმართული იყო იმისკენ, რომ თუნდაც ეს 20 წლისთვი არ აღგვეღნიშნა, არ განგვეცხადებია მთელი მსოფლიოს წინაში რომ დაბადების დღე გვაქვს, არ გამოგვეყვანა თბილისში ჩვენი შეიარაღებული ძალები, დავმდგარიყავით კუთხეში და ჩაგვექინდრა თავი.

ტელევიზიით, დღეს კომპაქტურად, რამდენიმე წუთში გამოჩნდა ყველა გეგმა, რაც საქართველოს მიმართ აქვთ, მაგრამ ჩვენი პასუხი „ფეესბე"-ს პუტინულ გეგმებს იყო გუშინდელი, მათ შორის, პოლიციის მოქმედება თბილისში. ჩვენი პასუხი ასევე იყო  დღევანდელი აღლუმი საქართველოს დედაქალაში, რომლის არგამართვა ისევე გადაწყვეტილი ერთ ადამიანს, როგორც  ჩემი ერთი ადგილით ჩამოკიდება, რამდენიმე წლის წინათ.

რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ჩვენი საზოგადოების მიერ ძალიან ნათელი სიგნალი იყო იმისა, რომ ისინი არ ითამაშებენ ამ იაფფასიან თამაშს.

ჩვენ დღეს მოგვიყვნენ, რომ საქართველოში კოჯორთან უნდა გაიმართოს ბრძოლა რუსეთის „გრუს" სპეცრაზმელებსა და კოჯრის რაღაც მითიურ, სხვათაშორის არ არსებულ ნაწილებს შორის, რადგან დიდი ხანია კოჯორში სამხედრო ნაწილი აღარ არის განლაგებული.

თუმცა ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან ბოლო დიდი ბრძოლა ბოლშევიკებს შორის, ბოლშევიკურ მე-11 არმიას და ქართველ იუნკერებს შორის სწორედ კოჯორში გაიმართა.

1921 წელს  ქართველ ავანტიურისტთა, მაშინდელ უნიჭო პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ჩავიდა მოსკოვში, შეჰფიცა ერთგულება და რევოლუციური იდეალებისთვის მებრძოლთა სისხლში გასვრილი დროშით შემოვიდა საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

სერგო ორჯონიკიძე იყო ძალიან უნიჭო, დაბოღმილი ადამიანი, რომელსაც საქართველოში ხელი მოეცარა და საკუთარ ქვეყანაში ხელმოცარული და დაბოღმილი ადამიანის მსგავსად,  ბოლშევიკური რუსეთის მეფისნაცვალი ისიც  სწორედ იმისთვის გამხდარიყო,  რომ, თავისი ჭკუით, უკეთესობისკენ გარდაექმნა ქვეყნის ცხოვრება.

მაშინ ჩვენ ასეულობით მსხვერპლი გვქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა ბატონობის 70 წლის განმავლობაში სხვადასხვა ომებში, ციმბირში, გულაგში საქართველომ დაკარგა თითქმის 700 ათასი შვილი.

დავკარგეთ ჩვენი ელიტის, ჩვენი ნაღები საზოგადოების უდიდესი ნაწილი. რაც მთავარია, ამ ათწლეულების განმავლობაში, ამ უნიჭო არარაობების ორჯონიკიძეების, ფილიპე მახარაძეების და მათი ძმების ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ.

საქართველოს სასაკლაოზე გასარეკი შვილები ნამდვილად არ ჰყავს და ვფიქრობ, ამავე დროს, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში უკვე ღიად მოქმედებს მეხუთე კოლონა და ნიღაბჩამოხსნილი, აბსოლუტურად პირდაპირ ყვება გეგმას და მის დეტალებს. თუ ვინმე ამას თავისით ვერ ხედავს და არ ესმის, მათ დამატებით ტელევიზიით გაშვებულ ჩანაწერები ნახონ, რამდენად დაწვრილებით ყვებიან საკუთარი გეგმების დეტალებს.

სხვათა შორის, ასეთი ჩანაწერების ტელევიზიით გაშვების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს იყო ძალიან სასარგებლო და ძალიან კანონიერი, რადგან ეს გეგმები არ არის მათ უბადრუკ ტვინში ნააზრები, ყველაფერი დაწერილია მათ მიერ, ვის უკანაც დგას დიდი არმია, უსაფრთხოების სამსახური, დიდი იმპერიული ამბიცია და ნავთობრესურსები, რომელიც ჭკუას აკარგინებს.

ეს რომ მხოლოდ ადგილობრივი არარაობების გეგმები იყოს, მე მათ სერიოზულად არ მივიღებდი, ვინაიდან ვიცი, ვისი გეგმებია და ისიც ვიცი, რომ უკან არ დაიხევს, ამას სერიოზულად ვეკიდებით.

ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ გვაქვს კონტრდაზვერვის და პოლიციის ძალიან კარგი სამსახურები. სამწუხაროდ, მისი ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელი გუშინ გამოგვაკლდა. ჩვენ გვყავს საკმაოდ გამოცდილი ხელისუფლება და, რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ღირსების მქონე საზოგადოება.

და როდესაც მეხუთე კოლონა ასე მოქმედებს, როგორც არასდროს აუცილებელია, ჩემო მეგობრებო, ქართულ  პოლიტიკაში შევქმნათ ადამიანური თამაშის წესები. საქართველოს როგორც არასდროს სჭირდება ნორმალური, ქმედითი, ეფექტური ოპოზიცია - ოპოზიცია, რომელიც იმოქმედებს პატიოსნად, რომელიც გააკრიტიკებს მთავრობას, დაგმობს, ბევრს უსიამოვნოს გვეტყვის და მოემზადება ჩვენს ჩასანაცვლებლად, როდესაც ამის დრო მოვა.  მაგრამ არასდროს არ დააყენებს საკუთარ მუცელს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

ასეთი ოპოზიცია არასდროს არ გადააყოლებს საკუთარ ამბიციებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და არ შეეცდება წაგვართვას ჩვენი მომავალი.

ისინი კი, ცდილობენ წაგვართვან მომავალი, რადგან უნიჭოები არიან  დასხვაგვარად  არ შეუძლიათ საკუთარი მომავლის გარანტირება და  უზრუნველყოფა.

ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური დებატები, ყველანაირ საკანონმდებლო პროცესში ჩართულობა სხვადსხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომელიც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

ჩვენ როგორც არასდროს  გვჭირდება ჩვენი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების მონაწილეობა, რათა მათ პერსპექტივა გაუჩნდეს საქართველოში; ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ჩართვა საქართველოს მომავლის საკითხების გადაწყვეტაში და მათი ადგილის დანახვება საქართველოს განსაკუთრებულ, ახალ პერსპექტივაში.

ამიტომ, ჩვენ გუშინ გავეცით პასუხი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ეს ხალხი, რა თქმა უნდა, უკან არ დაიხევს. მათ უნდათ, რომ სასაკალაოზე გარეკონ ჩვენი მოქალაქეები, იყენებენ ხალხის გაჭირვებას და უბედურებას.

ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი, ვისაც იმდენად უჭირს, რომ თუნდაც სულ ცოტა თანხის სანაცვლოდ მზადაა ერთ დაძახებაზე ნებისმიერს გაყვეს. ეს მე ძალიან კარგად ვიცი, ძალიან კარგად მესმის და შევდივარ ამ ხალხის მდგომარეობაში. ჩემთვის მიუღებელია ის ხალხი, ვინც მათ ასე იყენებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლაპარაკია რამდენიმე ასეულ ადამიანზე.  ასეთი ხალხის პოტენციალი აღმოჩნდა ძალიან ძალიან ცოტა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ იწყებოდა ჩვენი დამოუკიდებლობა. რუსული იმპერიის ორასწლიან მორჩილებაში ყოფნის, ხოლო შემდეგ 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მემკვიდრეობა იყო ის, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე არ გაგვაჩნდა პოლიტიკური კლასი, რომელსაც ექნებოდა ცოდნა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვექტორი.

ჩვენ არ ვიცოდით, როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებითა და დემოკრატიული სისტემით.

მახსოვს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ვამბობდით: „ბორჯომი", ჩვენი ჩაი და მანდარინი გვაცხოვრებს-თქო. კარგად მახსოვს, როდესაც რაჭაში მიწიძვრა მოხდა, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ წერილი მიწერა ამერიკის კონგრესს თხოვნით, რომ ამერიკას ვერჩინეთ მუდმივად. მე მათ არ ვამტყუნებ, რადგამ უზენაეს საბჭოში ბევრი პატრიოტი ადამიანი იყო, უბრალოდ, მათ ასე წარმოედგინა ცხოვრება, რადგან არ ვიცოდით როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, ან რა უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკური ფუნქცია რეგიონალურ თუ გლობალურ ჭრილში.

90-იანი წლების დასაწყისისთვის ყველა არსებული სახელმწიფოებრივი თუ ეკონომიკური სისტემა პირწმინდად იყო დანგრეული, მაგრამ არ ვიცოდით თუ რა სისტემით უნდა მომხდარიყო მისი ჩანაცვლება.

ჩვენ არ გაგვაჩნდა არც სახელმწიფოებრიობის და არც მოქალაქეობის სათანადო კულტურა რასაც საჭიროებდა თანამედროვე, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო.

მაშინ მოსკოვში ხშირად აქილიკებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას - ამბობდნენ, რომ ვერ შევძლებდით დამოუკიდებლად არსებობას, ვერ შევძლებდით სახელმწიფოს აშენებას და ეკონომიკის განვითარებას.

საუბედუროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი 13 წელიწადი მხოლოდ დასტური იყო  იმისა, რომ მოქილიკეები არ ცდებოდნენ.

ჩვენი საზოგადოება ქაოსისა და განუკითხაობის მორევში აღმოჩნდა ჩათრეული. ამას მოჰყვა ნგრევისა და გავერანების უწყვეტი ტალღები. რაც უფრო მეტად იმღვრეოდა წყალი, მით უფრო მეტად სარგებლობდნენ კრიმინალები. თავზეხელაღებული და დაუნდობელი ბანდიტები გვევლინებოდნენ საზოგადოების ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ლიდერებად. ბოლოს, იქამდეც მივედით, რომ კანონმდებლები ქურდობდნენ - ქურდები კი წერდნენ კანონებს - კანონიერ ქურდებს ირჩევდნენ პარლამენტში. ბოლო ასეთი პარლამენტარი - ბონდო შალიკიანი იყო, რომელიც იმისთვის 2003 წელს ტყიბულიდან იმისთვის აირჩიეს, რომ გზის 300 მეტრიანი მონაკვეთი დააგო.

ხალხის ცხოვრება რეგულირდებოდა ქურდული სამართლით, რიგითი ადამიანის მთავარი საზრუნავი იყო ის, თუ როგორ დაეცვა საკუთარი თავი და ოჯახი დაუნდობელი კრიმინალური თავდასხმისგან. როგორც წესი, სრული უძლურებისა და უსამართლობის განცდა იყო ერთადერთი რეალობა, რასთანაც თვალის გასწორება უწევდა.

ყოველივე ამას თან ახლდა დიდი სამოქალაქო დაპირისპირებები, ძმათა შორის სისხლისღვრა და ერთმანეთზე მტრად წაკიდებული ქართველები.

შემდეგ მოხდა ისე, რომ სისხლისგან დაცლილ ქვეყანას თავზე მოაჯდა ერთი კლანი და ერთი კრიმინალური დაჯგუფება და ქვეყანა სისხლის მორევიდან კორუფციის მორევში ჩაიძირა...

გამდიდრდა რამდენიმე ოჯახი, იმის ხარჯზე, რომ გაღატაკდა ყველა. რიგითი მოქალაქის ყოველი შეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებული იყო, ქრთამთან, ფულის გამოძალვასა და დამცირებასთან... ბოლომდე გაიხრწნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი...

სუვერენული საქართველო, რაზე ოცნებასაც ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, იმ აბსურდის თეატრს დაემსგავსა, სადაც არ არსებობდა დანაშაული, რომელსაც ვერ გამოისყიდდა შესაბამისი ქრთამი და არ არსებობდა არც ერთი კანონიერი მომსახურება, რომელსაც პატიოსანი მოქალაქე მიიღებდა შესაბამისი ქრთამის გარეშე.

შინაგან საქმეთა მინისტრი საჯაროდ აცხადებდა, რომ პოლიციელების ერთადერთი ხელფასი ის ფული იყო, რომელსაც ხალხს გამოსძალავდნენ...

დამოუკიდებლობის პირველი 13 წლის თავზე - ჩვენი სუვერენული საქართველო მთელ მსოფლიოში მოიხსენიებოდა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური არშემდგარი სახელმწიფო მთლიანად გახრწნილი სახელმწიფო სისტემით და რიგითი მოქალაქისთვის გაუსაძლისი ბიუროკრატიული უსამართლობის წნეხით.

7 წლის წინათ ქართველმა ხალხმა თქვა -  კმარა! და ყოველივე ამას წერტილი დაუსვა. ჩვენმა ერმა საკუთარ თავში გამონახა ენერგია, დააგროვა ცოდნა, გამოცდილება და ინტელექტი, რათა  საკუთარ ხელში აეღო სადავეები და წაღმა დაეტრიალებინა ქვეყნის უკუღმა მოტრიალე ბედის ბორბალი.

7 წლის წინათ ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას აქილიკებდნენ, ვინც ჩვენს გარდაუვალ კრახს წინასწარმეტყველებდა, მწარედ ცდებოდნენ.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით სიტუაციის შემობრუნება, ერთად დავიწყეთ სახელმწიფო ინსტიტუტების შენება, ერთად ამოვშალეთ კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენი ცნობიერებიდან და დავდექით სამართლებრივი სახელმწიფოს სადარაჯოზე. ჩვენ ერთად დავამთავრეთ ის კოშმარი, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულს მოჰყვა.

მდგომარეობა რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვდა. ამიტომ შევთანხმდით, რომ ჩვენი რეფორმებიც იქნებოდა რადიკალური. შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის არ მოვერიდებოდით არც იმას, რომ ამ რეფორმათა დიდი ნაწილი საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა მათი განხორციელების დროს.

რეფორმები შეეხო სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროს, ეკონომიკიდან სოციალურ ვალდებულებებამდე, სამართალდამცავი სისტემიდან განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებამდე. რეფორმები შეეხო ჩვენს ცნობიერებასა და მენტალიტეტსაც კი.

შედეგად, მსოფლიო ბანკმა საქართველო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა.

შედეგად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი  ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ.

არშემდგარი ქვეყნის ნაცვლად, დღეს საქართველო სამაგალითოა სხვა მთავრობებისთვის, ხოლო ქართული რეფორმების მიბაძვა პოპულარულ საქმედ იქცა იმ ქვეყანაშიც კი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე დღენიადაგ ოცნებობს.

ჩვენ დღეს თავს ვიწონებთ უამრავი სტატისტიკური მაჩვენებლითა და ჩვენი პოზიციებით საერთაშორისო რეიტინგებში: მაგალითად, იმით, რომ მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოს მეთერთმეტე ქვეყნად გვაღიარა, ხოლო ევროკავშირის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყნაა ევროპაში, ისლანდიის შემდეგ.

მაგრამ ნამდვილი რეფორმა არ იზომება მხოლოდ ციფრებითა და სტატისტიკური მონაცემებით. რეფორმის მთავარი მიზანი არ არის ადგილი რეიტინგში.

რეფორმის მიზანიც და საზომიც არის ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე.

მთავარია ის, თუ რას ცვლის რეფორმა პირადად მისთვის, რამდენად ამსუბუქებს, ამარტივებს მის ცხოვრებას; რამდენად სამართლიან გარემოს უქმნის მას და რამდენად აძლევს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას.

რეფორმა არის ის, როდესაც იცი რომ პატრული სამართლიანად მოგექცევა, დაგეხმარება, როცა ეს გჭირდება და დაგიცავს, თუ საფრთხე გემუქრება.

რეფორმა არის ის, როდესაც სახლში აღარ გივარდება ყაჩაღი, როდესაც არ გეშინია მანქანის ქუჩაში დატოვების, როდესაც შებინდებულზე შენი შვილი სასეირნოდ არის გარეთ და არ ნერვიულობ დაგიბრუნდება თუ არა უვნებელი.

რეფორმა არის ის, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფები  და პასპორტი შეგიძლია ონლაინ რეჟიმში გამოცვალო, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;

რეფორმა არის ის, როდესაც  ბავშვის დაბადება რეგისტრირდება პირდაპირ საქართველოს ნებისმიერი სამშობიაროდან, სამოქალაქო რეესტრში მისვლის გარეშე;

რეფორმა არის ის, როდესაც არც რეკეტირი გაწუხებს და არც ქურდთან გიწევს მისვლა საქმის გასარჩევად და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

რეფორმა არის ის, როდესაც არავინ არსად არ გთხოვს ქრთამს; როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ყველა ურთიერთობა რეგულირდება ერთი სარკმლის პრინციპით; როდესაც აღარ გიწევს ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გზის კორუფციით გაკვლევა.

რეფორმა არის ის, როდესაც შედიხარ საჯარო ან სამოქალაქო  რეესტრში და იქ გხვდება მთელი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად გიმარტივებს პროცედურებს, გეპყრობა ადამიანურად და გეხმარება მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში.

რეფორმა არის ის, როდესაც, მაქსიმუმ, 1 საათში, ძირითადად, 5-10 წუთში შეგიძლია განაბაჟო შემოტანილი ტვირთი ან ინტერნეტით შეასრულო საგადასახადო ბუღალტერია.

როდესაც ყველა ტენდერი უკვე მხოლოდ ელექტრონულად ხორციელდება და აღარ არსებობს არცერთი იოტისოდენა საშუალებაც კი, რომ ვინმემ უსამართლოდ გაჯობოს მიუხედავად იმისა თუ რამდენად დაახლოვებულია იგი ტენდერის გამომცხადებელ სახელმწიფო ორგანოსთან. ამით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ლაპარაკი ყოველგავრ ჩაწყობაზე და ნათესავურ თუ ახლობლურ გარიგებებზე, პარტიულ თუ სხვა კორუფციულ კავშირებზე.  

რეფორმა არის ის, როდესაც ერთ დღეში შეგიძლია დაარეგისტრირო კომპანია რიგებისა და ქრთამების გარეშე, როდესაც ერთი განცხადების დაწერა ნებისმიერი ლიცენზიის მისაღებად არის საკმარისი.

რეფორმა არის ის, როდესაც აღარ არსებობს ე.წ. საპასპორტო მაგიდა, სადაც პასპორტის ან პირადობის მოწმობის მიღების შანსი მხოლოდ მაშინ გეძლეოდა, თუ სათანადოდ სცემდი პატივს ადამიანს, ვის ხელშიც იყო შენი პასპორტის ბედი.

ვინც დღეს 20 წლისაა შემიძლია მივულოცო, რომ არ უნახავს ძველი საპასპორტო მაგიდა.

რეფორმა არის ის, როდესაც საჯარო რეესტრში მიუსვლელად - ინტერნეტით შეგიძლია ნებიესმიერი ინფორმაციის მიღება დარეგისტრირებული ქონების შესახებ და ამონაწერის მისაღებად აღარ გჭირდება ღირსების შემლახველი პროცედურების გავლა; როდესაც შეგიძლია ბინის ყიდვა-გაყიდვა ყოველგვარი ქრთამის გარეშე, მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინათ  ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.

რეფორმა არის ის, როდესაც სოფელში ცხოვრობ, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლობ, არ გაქვს რეპეტიტორების ფული და საკუთარი ცოდნის საფუძველზე ირიცხები ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში.

რეფორმა არის ის, როდესაც მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა დაჯდე კომპიუტერთან და ყოველგვარი ხელშეწყობისა თუ ხელშეშლის გარეშე ჩააბარო ტესტი საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად; (პირადად მე, მართვის მოწმობა კიევში ავიღე ნაცნობობით. ახლა ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მთხოვს მართვის მოწმობის გაკეთებას და, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნები.)  ან თუნდაც ის, როდესაც ახლადშეძენილი მანქანა 20 წუთში შეგიძლია გააფორმო, მანქანის ნომერი კი ნებისმიერ ფეიბოქსში იყიდო.

ეს და კიდევ უამრავი სხვა მაგალითი, რომელიც ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების წესად არის ქცეული, წარმოადგენს ნამდვილ საზომს იმისა, თუ რამდენად წარმატებულია დღეს ჩვენი რეფორმები და, შესაბამისად, რამდენად წარმატებულია მთლიანად ჩვენი სახელმწიფო.

მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით. ხალხის ცხოვრების შესამსუბუქებლად იგივე აქტივობით და უფრო მაღალი შედეგიანობით ვაგრძელებთ რეფორმებს.   

სწორედ ამიტომ შევიკრებეთ დღეს აქ - ბათუმში - ახალი იუსტიციის სახლის გახსნაზე.

ეს ულამაზესი შენობა, რომელიც დღეიდან ბათუმის ერთ-ერთ სახასიათო ღირსშესანიშნაობა გახდება, წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ შედევრს, არამედ შედევრს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საქმეში.

დღევანდელი ღონისძიება არ არის მხოლოდ ერთი შენობის გახსნა - ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმისა და განახლების ინაუგურაცია.  

დღეიდან ყველა აქამდე განხორციელებულ ქართულ რეფორმას გვირგვინად დაედგმება რეფორმის წარმატების ახალი განზომილება - რასაც მალე ჩვენი საზოგადოება იუსტიციის სახლის სახელით გაიცნობს. 

იუსტიციის სახლი - ეს არის სახელმწიფოსაგან მომსახურეობის გამარტივებულად მიღების მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, კომფორტული და ინოვაციური სტანდარტების დანერგვა საქართველოში.

ეს არის აქამდე არნახულად დაჩქარებული და გამარტივებული მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, როდესაც მათ სჭირდებათ პირადობის, ბინადრობისა თუ მოქალაქეობის საკითხებზე სერვისის მიღება...

როდესაც მათ სჭირდებათ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, ჩასწორებისა თუ ამონაწერის მიღების დროს.

როდესაც მათ სჭირდებათ კომპანიებისა თუ ქონების რეგისტრაციასა თუ გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხების დროულად და მარტივად გადაჭრა.

იუსტიციის სახლით ჩვენ ვქმნით მომსახურეობის სრულიად ახალ სტანდარტს, რომელიც სამაგალითოა არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით...

ჩვენი რეფორმის პირველი ეტაპის მიზანი იყო მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში კორუფციის აღმოფხვრა და ამ ურთიერთობის მოქცევა კანონის ფარგლებში. ამისთვის, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ამიტომ არის, რომ გვებრძვიან გააფთრებულად და ამ ბრძოლას ისინი კვლავაც გააგრძელებენ. მ

ჩვენ დავნერგეთ ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპი - სისტემა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს აღარ უწევდათ სხვადასხვა უწყებების სხვადასხვა ჩინოვნიკებთან  ზევით-ქვევით სირბილი.  

რა თქმა უნდა, ამ სისტემამ არნახული შედეგი მოგვცა და ამას ნებისმიერი მოქალაქე დაადასტურებს, რომელსაც  საჯარო და სამოქალაქო რეესტრებთან ჰქონია შეხება.

ახლა ჩვენი მიზანია უფრო წინ წავიდეთ და სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი რეფორმა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა,  არამედ მოქალაქე და მისი წარმატება; ჩვენი მიზანია ადამიანის აღჭურვა ახალი შესაძლებლობებითა და საშუალებებით, რათა მას შეეძლოს იყოს უფრო წარმატებული. 

ამიტომ, იუსტიციის სახლი უფრო შორს მიდის, ვიდრე არის ერთი სარკმლის პრინციპი, რომელიც ერთ დროს, პირველად, სწორედ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა - იუსტიციის სახლი არის ყველაფერი ერთ სივრცეში.

ეს არის თითოეული ადამიანისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოქალაქეთა მომსახურებად - სერვისად გადაქცევა.

თუკი ადრე მოქალაქე ემსახურებოდა ჩინოვნიკების კორუმპირებულ ინტერესებს, ახლა სახელმწიფო მოემსახურება მოქალაქეს და რაც მთავარია - ერთ კომფორტულ სივრცეში.

ეს არის უახლესი ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა, რათა ყველა მომსახურების მიღებისას, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ ისარგებლონ ინორმაციისა და სერვისის ყველაზე სწრაფი, ელექტრონული ფორმებით. ყველა სერვისის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ და ცხოვრება გავუმარტივოთ არა მარტო იმ ადამიანებს, რომელთაც რეესტრის, ან იუსტიციის სამინისტროს მომსახურება სჭირდებათ, არამედ სხვებსაც. მაგალითად, ნებისმიერ დედას: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში შეიქმნა სისტემა, რომელიც ტექსტური შეტყობინებების საშუალებით უზრუნველყოფს მშობლებისათვის ბავშვის აღზრდისა და განვითარების საკითხებზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა: იმუნიზაცია, სწორი კვება, ფიზიკური და გონებრივი განვითარება და სხვა. ამავე სისტემის საშუალებით, მომავალში შესაძლებელი იქნება. მშობელთა ინფორმირება კონკრეტული უფასო და ფასიანი სამედიცინო მომსახურებების შესახებ.

ჩვენი რეფორმის ახალი სტანდარტებით, მოქალაქეები უნიკალური შესაძლებლობებით აღიჭურვებიან, რათა სახლიდან გაუსვლელად - იტერნეტის მეშვეობით მიიღონ ყველაფერი, რაც მათ ესაჭიროებათ - იქნება ეს სანოტარო რეესტრი, ნოტარიული მომსახურების მიღება თუ საჯარო და სამოქალაქო სერვისები.

რეფორმის ახალი სტანდარტით, ყველაზე ძვირფასი და დასაზოგი იქნება მოქალაქის დრო და ენერგია. ამიტომ მას შეეძლება მიიღოს მობილური კონსულტაცია ნებისმიერი საკითხის გარკვევისა თუ მოგვარებისთვის.

ყველაზე მთავრი სიახლე, რომელიც სულ მალე, რამდენიმე თვეში ამოქმედდება არის მულტიფუნქციური ელექტრონული პირადობის მოწმობების სისტემაზე გადასვლა.

თქვენი ხელძღვანელი, ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც დღეს ქვეყნის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა, მუდმივად საუბრობს ამ ახალ მოწმობებზე.  

ელექტრონული პირადობის მოწმობები არსებითად შეცვლის და გაამარტივებს მოქალაქის ურთიერთობას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან.

ახალი პირადობის მოწმობა აღჭურვილი იქნება ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატით, რაც მის მფლობელს ინტერნეტის მეშვეობით საქმისწარმოების უნიკალურ შესაძლებლობებს მიანიჭებს და, შესაბამისად, უფრო მობილურ, უფრო სწრაფ, უფრო ეფექტურ ადამიანად აქცევს. 

მაგალითად, თუკი დღეს რომელიმე სახელმწიფო უწყებაში საჭიროა განაცხადის შეტანა, როგორც წესი, მოქალაქე უნდა მივიდეს შესაბამის ორგანიზაციაში, ხელი მოაწეროს ქაღალდზე შევსებულ განაცხადს და ჩააბაროს კანცელარიაში.

ახალი პირადობის მოწმობის შემოღების შემდეგ, ადამიანი ამ განაცხადს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეავსებს, პლასტიკურ ბარათზე დატანილი ელექტრონული ხელმოწერით დაამოწმებს და ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებაში ელექტრონული ფოსტით გააგზავნის.

ელექტრონული ხელმოწერის რეალიზება მთლიანად შეცვლის მოქალაქისა და კერძო სექტორის ურთიერთობასაც. კერძოდ, ბიზნესპროცესების წარმართვა მოხდება აბსოლუტურად განსხვავებულად და ყველა იმ სერვისის შეძენა, რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია მოქალაქეებს სთავაზობს, ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

ახალი პირადობის მოწმობა ჩაანაცვლებს კერძო და საჯარო სექტორში გამოყენებული პლასტიკური ბარათების უმრავლესობას, როგორიცაა: დაგროვების ბარათები, სადაზღვევო პოლისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ბარათები და სხვა.

ამას გარდა, ახალი პირადობის მოწმობა მისი მფლობელის იქნება ნამდვილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ზედ დატანილი ნებისმიერი ინფორმაციით. ახალი პირადობის მოწმობა გააერთიანებს ყველა ინფორმაციას მისი მფლობელის შესახებ და იქნება გასაღები ისეთ მონაცემებთან ხელმისაწვდომად, როგორიცაა ქორწინების ან დაბადების მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ და მრავალი სხვა. პირადობის მოწმობაზე შესაძლებელი იქნება მთელი სამედიცინო ისტორიის დატანაც.

თუმცა, ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული იქნება გარეშე პირთათვის. მონაცემების მიღება შეეძლება მხოლოდ ბარათის მფლობელს და მას, ვისაც მფლობელი შესაბამის უფლებას მისცემს.

ახალი პირადობის მოწმობა -  ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა...

ახალი პირადობის მოწმობა არა მარტო სახელმწიფო სექტორის სერვისებს ამარტივებს, არამედ ბიზნესის კეთების ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის. ეს არის თითოეული მოქალაქისათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, სრულიად ახალი ტიპის, თანამედროვე ელექტრონული ბიზნესის კეთების საშუალება...

ეს არის და სტიმული ინვესტორებისათვის, რომ სწორედ საქართველოში დააბანდონ ფული, რაც, შესაბამისად, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ახალი პირადობის მოწმობა - ეს არის გარანტი, რომ ძველი დრო აღარ დაბრუნდება - და რომ საქართველოს მოქალაქეს ვერც ერთი მოხელე, რაგინდ არაკეთილსინდისიერიც არ უნდა იყოს ის, ვერ გაურთულებს ცხოვრებასა და საქმიანობას.

ეს არის გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქე უფრო კონკურენტუნარიანი იქნება არა მარტო საკუთარ სამშობლოში, არამედ გლობალურადაც.

 

ეს არის გამოვლინება იმისა, რომ ჩვენი რეფორმების უმთავრესი მიზანია ადამიანის ცხოვრების გამარტივება და მისი ქმედითი ინსტრუმენტებით აღჭურვა.

ალბათ, საქართველოში არსად ისე არ იგრძნობა განახლება და განვითარების ტემპები, როგორც აქ, ბათუმში. აქ შენდება ახალი სასტუმროები, იხსნება ახალი საწარმოები, ახალი ბულვარები და პარკები. აქ ხშირად ჩამოვდივარ ახალი ობიექტების გასახსნელად ან მშენებლობისათვის ფუნდამენტის ჩასაყრელად. ყოველი ასეთი ღონიძიება განსაკუთრებულად სასიამოვნოა ჩემთვის, რადგანაც თითოეული მათგანის უკან ვხედავ ათობით და ასობით ახალ სამუშაო ადგილს, დასაქმებულ ადამიანს, წელში გამართულ ოჯახს.

მაგრამ დღევანდელი შენობის გახსნა სრულიად განსხვავებულია თავისი დიდი მნიშვნელობით.

დღეს, ამ ულამაზესი შენობის მიღმა, ჩვენ ვხედავთ ახალი ეტაპის დაწყებას სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობაში, ვხედავთ მომსახურეობის ახალი სტანდარტის დანერგვას, რაც გაამარტივებს და უფრო მოსახერხებელს გახდის უამრავი საკითხის გადაწყვეტას ჩვენი ხალხისთვის... არა მარტო აქ აჭარაში, არამედ მთელ ქვეყანაში.

ამ შენობის სახით, ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს ახალ იერსახეს, რომელიც ხუთვარსკვლავიან სერვისს სთავაზობს საკუთარ მოქალაეებს.

და რაც მთავარია, ვხედავთ ახალი საქართველოს ახალ მოქალაქეს, რომელიც არის უფრო მაღალი ეფექტიანობის, უფრო წარმატებული ადამიანი, რომელიც წარმოადგენს მთელი ჩვენი რეფორმების გვირგვინსა და მიზანს.

რომელიც მზად არის საკუთარი წარმატებით, სრულიად ახალ, აქამდე თვალუწვდენელ ჰორიზონტებზე გაუძღვეს დამოუკიდებელ, სუვერენულ, მომავალზე ორიენტირებულ ჩვენ სამშობლოს.

გილოცავთ ამ ახალი შენობის გახსნას და მტრის გულის გასახეთქად და ჩვენს გასახარად, გილოცავთ დღევანდელ დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)