Google+

სიახლეები

24.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რიყის პარკის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მოგესალმებით ყველას.

მივესალმები ქალაქის საკრებულოს წევრებს, რა თქმა უნდა, თბილისის მერს, რომელთან ერთადაც ჩვენ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი დიდი ხნის ერთობლივ, სანუკვარ ოცნებას -  ახალი კულტურული ცენტრის შენობას.

აქ იქნება მუსიკალური თეატრი, არა მხოლოდ მუსკომედიის თეატრი, არამედ კომედიისაც და დრამისაც. ასევე აშენდება თანამედროვე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგამოფენო ცენტრი. როგორც ბილბაომ გაითქვა სახელი გუგენჰაიმით, ისე  იქნება რიყე  ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტურისტული ადგილი მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

ამ ადგილზე ძველ, ცუდ დროში მრავლად იყო უამრავი უგემოვნო რესტორანი, რომლებიც კორუფციის შედეგად და, როგორც წესი, უკანონოდ აშენდა. ზოგიერთ თქვენგანს იქ, შესაძლოა, ქორწილი და დაბადების დღეც აქვს გადახდილი, სადაც თავადაც ხშირად ვყოფილვარ და გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი როგორ ნადგურდებოდა ქალაქის ისტორიული ცენტრი.

გიგი უგულავას, თავის გუნდთან ერთად, ეყო გამბედაობა დაენგრია ყველაფერი და ჩვენ ამას მხარი დავუჭირეთ; ისევე როგორც რუსთაველზე, კერძოდ, თაბუკაშვილის ქუჩაზე ქალაქის ყოფილი ვიცე-მერის მიერ, კორუფციული გზით აშენებული შენობის დანგრევას, რასაც  პირდაპირ ეთერში გვიჩვენებდნენ და ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ.

აბა, პარიზში სცადეთ ააშენოთ თუნდაც ოდნავ მსგავსი საზიზღრობა და როგორ მიგინგრევენ ზუსტად წუთნახევარში, ვნახავთ. რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი დედაქალაქი იმაზე ნაკლებად, ვიდრე ფრანგებს უყვარს საკუთარი?! რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ სხვა თავმოყვარე ევროპულ ქვეყანაზე ნაკლებად?!

გაზვიადების გარეშე ვამბობ, ის, რაც დღეს თბილისში ხდება, აღმშენებლობის პროცესებს ვგულისხმობ, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა და განგიმარტავთ რატომ.

დაუკვირდით, საქართველოს ისტორიამ, პრაქტიკულად, არ შემოგვინახა ქვის შენობები. ერთადერთი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქვის შენობები - რამდენიმე ასეული ქვის კოშკიმხოლოდ სვანეთში არის შემორჩენილი ექსკლუზიურად. რა თქმა უნდა, შემორჩენილია ჩვენი ტაძრები, მაგრამ ერთი-ორი ნანგრევის გარდა, არ შემოგვრჩა არც ერთი ჩვენი აუთენტურად აშენებული ქვის სასახლეები. ჩვენ გვქონდა ქვის გალავნები, რომლითაც იცავდნენ ან ცდილობდნენ დაეცვათ ქალაქი მტრის შემოსევებისგან. ჩვენ გვქონდა პატარ-პატარა ციხე-კოშკები, რომლითაც ვაფრთხილებდით ერთმანეთს მტრის თავდასხმის შესახებ.

პრაქტიკულად, მაშნაც კი, როდესაც სახელმწიფოებრიობა გვქონდა, არ გვქონდა დრო გვეწარმოებინა ფართო მაშტაბიანი მშენებლობა. და თუკი მშენებლობას აწარმოებდნენ, როგორც ეს მოხდა მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს, როგორც ეს მოხდა ლავრენტი ბერიას დროს (თბილისის მეორე დიდი განაშენიანება), ეს იყო აღმშენებლობა იმპერიის სტილში, ამ იმპერიის თავმოსაწონად და ყოველგვარი ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. ანუ ჩვენ ვაშენებდით ისე, რომ გვეჩვენებინა - ჩვენ არ ვართ ცალკე, ჩვენ ვართ მათი ნაწილი.

ეს არის პირველი სახელმწიფოებრივი ეპოქა, რომელშიც საქართველო აშენებს საკუთარი სტილით, თავისი სახელმწიფოებრივი გემოვნებიდან გამომდინარე, ტრადიციების დაფუძნებით და თანამედროვე ეპოქის გათვალისწინებით, თავისუფლებისა და თავისი სახელმწიფოებრიობის განვითარების პირობებში. ამიტომ, ეს მართლაც დიდი ეპოქაა.

ჩვენი ამოცანაა, ამ პროექტებით, თბილისი ვაქციოთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ  დედაქალაქად.

გუშინ ბუდაპეშტში ვიმყოფებოდი. ბუდაპეშტი იყო უნგრეთის იმპერიის, ალბათ, მთავარი ცენტრი, რადგან იქ ყველაზე დიდი რესურსი ჩაიდო ვენასთან ერთად და, რა თქმა უნდა, ეს არის გრანდიოზული ქალაქი. მაგრამ ბუდაპეშტის აღმოსავლეთით, პრაღის აღმოსავლეთით არც-ერთ ქალაქს არ აქვს შანსი ისეთი იყოს იმავე დონის, განსაკუთრებული, ევროპული, თანაც თვითმყოფადი და მიმზიდველი, როგორიც აქვს თბილისს.

გარე სამყაროსთვის, თბილისი მართლაც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დედაქალაქი, მაგრამ, ამასთან ერთად, ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც ადამიანებისათვის კომფორტული იქნება საცხოვრებლად.

აქ ბევრი რამ მოისპო და განადგურდა, ამიტომ ჩვენ გვაქვს შანსი ბევრი რამ ნულიდან დავიწყოთდა ბევრად უკეთესად გავაკეთოთ.

პირველად იდგმება სერიოზული ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასახვეწად.  ამის თაობაზე საკრებულოშიც იყო განხილვა. ხალხი წუწუნებდა იმის თაობაზე, რომ ავტობუსები შემცირდა და ტრანსპორტის ლოდინი დიდხანს უწევდა...  მათი ჩივილი სამართლიანიც იყო.  მე ამ ქალაქში გავიზარდე და კარგად მახსოვს, როგორ მიწევდა 11-12 წლის ასაკში, „ორ" ნომერ ავტობუსზე ჩამოკიდებული სკოლიდან სახლში და სახლიდან სკოლაში სიარული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ჩვენ ბავშვს, რომელიმე სახელმწიფო ტრანსპორტით დღეს ასეთ პირობებში უწევდეს მგზავრობა. ამჟამად, რამდენჯერმე მეტი ავტობუსი დადის, ვიდრე კომუნისტების დროს დადიოდა.

გიგის [უგულავას] მეცადინეობით და ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით, ჩვენ  ვაკეთებთ თანამედროვე ტრამვაის, როგორიც არ აქვს არც ბუდაპეშტს და არც ძალიან ბევრ ქალაქს ევროპაში. ეს კეთდება ეს თბილისში.

პირველად შემოგვაქვს ეკოლოგიურად სუფთა სხვა ტრანსპორტიც, მათ შორის, ველოსიპედებიც. მართალია, თბილისი მთიანი ქალაქია, მაგრამ ბევრი ქვეყნის მთიან ქალაქებშიც კი ეს ფაქტორი ხელის შემშლელი არ არის. ბევრ ადგილზე, მათ შორის, თბილისის ზღვის გარშემო კეთდება ბულვარი, სადაც იქნება ველოსიპედის გზები.

ახალ სპორტულ ობიექტებს ვხსნით არა მხოლოდ თბილისის ცენტრში, არამედ მთელი ქალაქის მაშტაბით. თქვენ იცით, რომ ორთაჭალაში გაიხსნა ძალიან დიდი აუზი, ძალიან ბევრი სპორტული ობიექტი შენდება გლდანში, ვარკეთილში, ვაზის უბანში, დიღომში, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც ადრე ჩამორჩენილი და მიგდებული რაიონები იყო.

ვარკეთილში, ბოლოს, პირდაპირ მიწაზე დაასხეს გუდრონი, ჩასვეს შიგ 16-სართულიანი სახლები, რომლებიც ახლა გადახრილია მხოლოდ იმის გამო, რომ არავინ იზრუნა საფუძვლის  გაკეთებაზე.

ზუსტად იგივე ვითარებაა ნუცუბიძის პლატოებზე... თუმცა რას გიყვებით, აქ ხართ დეპუტატები, რომელიც ყოველდღიურად ხვდებით თქვენს ამომრჩევლებს და იცით, რა პრობლემები აქვთ ხალხს. თავად ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ეს კარგად მახსოვს.

დღეს თბილისში ხდება ის, რაც დიდი ხანია არ მომხდარა - იქმნება ქალაქის ახალი გეოგრაფია. თბილისში აქამდე იყო ეს სანაპირო, რომელიც ააშენა ლავრენტი ბერიამ, მანამდე ვორონცოვმა გააკეთა გოლოვინის პროსპექტი, ახლანდელი რუსთაველის გამზირი. გარეუბნებიდან უნდა ჩამოსულიყავი ცენტრში, გაგევლო ეს ადგილები და შემდეგ გასულიყავი ქალაქგარეთ.

ახლა თქვენ იცით, რომ თბილისში, რკინიგზის გადანაცვლების ხარჯზე, კეთდება ახალი ავტობანი, რომელიც კახეთის ავტობანს შეუერთდება. კახეთის ავტობანი, თავის მხრივ,  მიუერთდება რუსთავის გზატკეცილს, შემდეგ კი - მცხეთას და, რეალურად, გეოგრაფიული ცენტრი, ძველი გაგებით, აღარ იარსებებს.

ყველაფერი იტვირთება, გლდანელი წავა ვაზის უბანში პირდაპირ, ვარკეთილელი პირდაპირ წავა მცხეთაში და იქ მოსახვედრად, მას არ მოუწევს აქ ჩამოსვლა და რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა.

თქვენ იცით, რომ მრავალი წლის შემდეგ, პირველად განახლდა მეტროების მშენებლობა.  არადა ჩვენი საუკეთესო მეტრომშენებლები, ბოლო 10 წლის განმავლობაში მეტროს აშენებდნენ მოსკოვში და სხვა ევროპულ დედაქალაქშიც კი. ეს ხალხი როგორც იქნა გვიბრუნდება თბილისში.

ერთი სიტყვით, თბილისი უფრო კომფორტული ხდება ჩვენი მოქალაქეებისათვის. ის ასევე ხდება ქალაქი, რომლითაც ვიამაყებთ და რომელიც ლამაზი იქნება როგორც ვიზუალურად, ისე ესთეტიკურად.

თავად პლეხანოვზე დავიბადე და ბავშვობიდან მახსოვს, რომ ეს იყო გაუბედურებული რაიონი, ჩამონგრეული, აშმორებული ადგილი, სადაც კარგს ვერაფერს ნახავდი. მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ, დათო ნინიძემ, არქიტექტორთა ჯგუფმა - ყველამ ერთად ვიმუშავეთ, ძველი პლეხანოვი, პრაქტიკულად, პარიზს ემსგავსება - არაფერს არ ვაზვიადებ.

აღმოჩნდა, რომ ამ რეგიონში, პრაღისა და ბუდაპეშტის აღმოსავლეთით, პეტერბურგის სამხრეთით, ასეთი ლამაზი ურბანული ცენტრი არ არსებობს. აღარაფერს  ვამბობ, ჩვენს იქით, აზიაზე. ამ მხრივ, იქ საერთოდ ყამირია.

ეს საგანძური გვქონდა და ამას ვერ ვამჩნევდით. პირადად მე, ისე გავიზარდე, რომ ამას ვერ ვამჩნევდი.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ კეთდება საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. გმირთა მოედნის ესტაკადა და ვაკეში განმუხტული მოძრაობა ამის ნათელი დასტურია. ხიდები, რომელიც ზემოდან გადადის, საამისოდ ძალზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

ჩვენ უდავოდ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ თბილისი გახდეს ნულოვანი ავტოსაგზაო შემთხვევების ქალაქი. ძალიან უნდა გავამკაცროთ კონტროლი ავტოტრანსპორტის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე.  ეს არავის არ უნდა ეწყინოს. დალევის მსურველებისთვის და იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მივიდეთ სახლებში, პოტენციურ მკვლელებად არ ვიქცეთ და მთელი ცხოვრება სანანებელი არ გვქონდეს, ამ ქალაქში საკმარისი საშუალებაა.  ბევრად უფრო მეტი მიწისქვეშა გადასასვლელი გვჭირდება, ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს თბილისში, რომ არც ერთი ჩვენგანის ოჯახის წევრი, არც ერთი ბავშვი, არც ერთი უფროსი ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლი აღარ გახდეს.

იცით, რომ შემოვიღეთ ღვედის შეკვრის წესი და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ზუსტად  ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი კრიმინალურ თვალსაზრისით.

ევროპელებმა ახლახან ჩაატარეს გამოკვლევა და გაკვირვებისგან პირი დააღეს - ამდენი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა და წვრილმან დანაშაულზე ხალხის დაჭერა საჭირო არ იყო, მაგრამ ახლა საქართველოში ატარებენ სემინარს, რათა ჩვენგან ისწავლონ როგორ უნდა მოახერხო ქვეყანაში დანაშაულის 5-6-ჯერ შემცირება. ამის გაკეთება საქართველომ იმის ხარჯზე შეძლო, რომ თანმიმდევრულად აღმოფხვრა კორუფცია სამართალდამცავ სტრუქტურაში და ძალიან დაუნდობელი იყო დანაშაულის მიმართ. ეს ვერ მოახერხა ვერც ერთმა ქვეყანამ მსოფლიოში. თავად მაქვს ნასწავლი სისხლის სამართალი და ამ სფეროში თავი საკმაოდ განსწავლულად მიმაჩნია, მაგრამ ამას ერთობლივი ქმედებების შედეგად მივაღწიეთ.

როდესაც ავტოფარეხებს ვანგრევდით, რევოლუციებს გვიწყობდნენ და ქუჩებში გამოსვლებს მართავდნენ, მაგრამ მათ ნაცვლად დღეს ყველგან საბავშვო მოედნებია.  დღესდღეობით მანქანებს აღარავინ არ იპარავს და ავტოფარეხის აუცილებლობა აღარ არის. ადგილი ავტოფარეხით დაიკავო მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წნილი და კომბოსტო შეინახო, ეს საკმარისი მიზეზი არ არის. ბავშვები ამ მოედნებზე მიწებებულებივით არიან, რადგან ეზოები განათებულია და ყველგან ვიდეოკამერები დგას. არც ერთი დანაშაული შეუმჩნეველი და დაუსჯელი არ რჩება და ამას ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ.

დღეს აქ ჩამოდიან იმისათვის, რომ ჩვენგან ისწავლონ და ძალიან ბევრი რამ თავიანთ ქვეყნებში გადაიღონ. სხვათა შორის, უნგრეთში ყოფნისას მითხრეს, რომ მიწვეული ყავთ  ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი, რათა მათთვის ძალზე საინტერესო ის რეფორმები გადაიღონ, რომლებიც საქართველომ უსაფრთხოების თვალსაზრისით განახორციელა.

ის, რასაც ჩვენ ერთად ვქმნით, რა თქმა უნდა, ზოგიერთს სერიოზულად აღიზიანებს. ჩვენ გვაქვს ფუფუნება, კონკრეტულად დავასახელოთ ის, ვის გაღიზიანებასაც ვიწვევთ - ეს არის იმპერიული სივრცე და მისი ხელმძღვანელი ბატონი პუტინი. ჩვენ მასთან არც პიროვნული დაპირისპირება გვქონია როდესმე, არც რაიმე შეუთავსებლობა და არც, მით უმეტეს, შელაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა.

საქმე იმაშია, რომ ერთმანეთს ჩვენი მთავარი ოცნებები დაუპირისპირდა. ამ კაცმა თავიდანვე პატიოსნად თქვა, რომ მისი მთავარი ოცნება იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა - იმ სივრცის გაერთიანება, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამ სივრცის მარგალიტი და ამ სივრცის გვირგვინი ყოველთვის იყო საქართველო.

ჩვენი ოცნება კი იყო ერთიანი საქართველოს შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა დემოკრატიულ და თავისუფლების ღირებულებებზე, აღმშენებლობაზე და ადამიანის თავისუფლებაზე, განათლებულობასა და მსოფლიოში წამყვან როლზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, მასაც უნდოდა თავისი სამშობლოს აღდგენა (მას ასე წარმოედგინა საკუთარი სამშობლო) და ჩვენც გვსურდა ჩვენი სამშობლოს აღდგენა. თუმცა ჩვენ სხვადასხვა სამშობლო გვაქვს. ჩემი სამშობლო არ არის საბჭოთა კავშირი. შესაძლოა, ზოგიერთების  სამშობლო, მათ შორის, საქართველოში ჯერ კიდევ იყოს საბჭოთა კავშირი, მაგრამ ასეთი უმცირესობაა.

ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში გავატარე, მაგრამ ეს არ იყო ჩემი სამშობლო, მე არ მენატრება საბჭოთა კავშირი, მე არ მიყვარდა საბჭოთა კავშირი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი არასოდეს აღარ დაბრუნდეს. მათ ოცნება კი, ეს არის.

მთავარი ნიუანსი, რაც ჩვენს ოცნებებს მათი ოცნებისგან განასხვავებს, ჩემო მეგობრებო, არის ის, რომ მათი ოცნება ორიენტირებულია წარსულზე, იმის აღორძინებაზე, რაც ვერასდროს ვერ აღსდგება მკვდრეთით და ვეღარ აღორძინდება, ხოლო ჩვენი ოცნება გათვლილია იმაზე, რაც ჩვენ არასოდეს არ გვქონია და ძალიან გვინდა, რომ გვქონდეს - 21 საუკუნის ძალიან წარმატებული, თავისუფალი დემოკრატიის შექმნა. ანუ ჩვენ ვართ მორგებული მომავალზე, ისინი კი ორიენტირებული არიან წარსულზე. მომავალი ყოველთვის დაამარცხებს წარსულს; სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას - სიკეთე მომავლის ე.ი. საქართველოს მხარესაა.

მინდა გვესმოდეს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა  ყოველივე ეს არ მოხდეს. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თითოეული ეს შენობა არის საბჭოთა კავშირის კუბოში ჩარჭობილი ლურსმანი. ამიტომაც იწვევს ჩვენი შენობები განსაკუთრებულ გაღიზიანებას ზოგ-ზოგიერთებში, მათ შორის, საბჭოთა კავშირის სიყვარულითა და ნოსტალგიით შეპყრობილ ხალხში.

თითოეული ამ შენობით, თითოეული ცათამბჯენით, ყოველი თეატრით, გიგის აკვიატებული ყოველი საგზაო გადასასვლელითა თუ ველოსიპედის ახალი გზით თითო-თითო ლურსმანს ვაჭედებთ, საბჭოთა კავშირის ისედაც საკმაოდ მყარად დალუქულ კუბოში. მათ კი სურთ, რომ ლურსმნები ააძრონ, თავი ახსნან და  მუმია გააცოცხლონ. ამიტომ, მათი არ უნდა გვიკვირდეს.

ეს დაპირისპირება იდეოლოგიურია, რადგან ეს ჩვენი არჩევანი არ არის - ჩვენ გვინდა მომავალი, მათ კი - წარსული. ჩვენ ვერ შევთანხმდებით, რადგან მომავალი და წარსული ვერ შეთანხმდება.

სწორედ ამიტომ გამოგვიგზავნეს ასაფეთქებლები და ისინი საერთაშორისო სკანდალშიც გაებნენ. თუმცა ჩვენმა სამსახურება ბომბების უმეტესობა გააუვნებლეს და ახლა მთელმა მსოფლიომ იცის, რომელი სახელმწიფო აკეთებს ამას. ეს სერიოზული სპეცსამსახურების მიერ დოკუმენტურად არის დადასტურებული.  პროვოკაციებს მაინც გვიწყობენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონტრდაზვერვის სამსახური, რომელშიც არ არის არც ერთი „კაგებეშნიკი" და რომლის შემადგენლობაში მხოლოდ საკუთარი სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალური ახალგაზრდები არიან, ყველფერს აკეთებს მისი განიარაღებისთვის. ეს ადამიანები, რომლებსაც რადიკალური ფლანგიდან ყველა აგინებს და ლანძღავს, ძალიან მაგრები არიან, მათ დღე და ღამე არ სძინავთ და იმსახურებენ თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებულ მადლობას და ტაშს.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, მათი მიზანია, როგორმე გამოგიყვანონ წყობიდან. ამ სამი თვის წინათ, ჯერ ბევრი რაკეტა განალაგეს ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ, დაგვიმიზნეს კიდეც. როდესაც ერთ-ერთ უცხოურ ვიზიტზე მივდიოდით და აეროპორტს მივუახლოვდით, დაგვირეკეს:

- აფხაზეთიდან ჩვენს თვითმფრინავს „ეს-300" ტიპის რაკეტებს უმიზნებენ, რადარზე ჩანს და  რა ვქნათ? პირველი ხარისხის განგაში აქვთ გამოცხადებული.

ეს იმას ნიშნავს, რომ, წესით, როგორც კი თვითმფრინავი აფრინდება, ღილაკს უნდა დააჭირონ ხელი და ჩამოგაგდონ.

- არაფერი, ჩვეულებრივად უნდა ავფრინდეთ, - ვუპასუხე მე.

თუ მათ თვითმფრინავის ჩამოგდება უნდათ, ამისთვის აქვთ თვითმფრინავებიც, ბევრი სხვა საშუალებაც და ამისათვის მაინდამაინც რაკეტის სროლა საჭირო არ არის. ყველასთვის გასაგებია რისთვის არის რაკეტის სროლა საჭირო - იმისთვის, რომ ნერვები მოგიშალონ. თუ ასაფეთქებლებით მათი გზავნილი ვერ გავიგეთ და ამან არ გადაგვიყვანა ჭკუიდან, იქნებ რაკეტებით გავიგოთ უკეთესად, რომლებსაც გვიმიზნებენ.

ეს ფაქტი არ შევიმჩნიეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი გვითქვამს.

ამას წინათ, „სესნას" ტიპის პატარა პროპელერიანი თვითმფრინავით ავფრინდით, რომელსაც თავად ვმართავ და ისევ დაგვიმიზნეს რაკეტები. ოღონდ, ამ შემთხვევაში, წინასწარ გამოაქვეყნეს რუსულ საიტებზე: ვიცით რომ მოფრინავს და რაკეტები დამიზნებული გვაქვსო. დასამტკიცებლად, სურათებიც აჩვენეს. ჩემმა პრესსპიკერმა, მკითხა: როგორ მოვიქცეო. ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მანაღვლებდა, რადგან ჩვენი ამოცანაა არა მათ პროვოკაციებზე რეაგირება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობა და ჩვენი გეგმების განხორციელება.

საქართველოს ისტორიას არ უკვირს, რომ ქუჩაში ზოგიერთები მასკარადებს გვიწყობენ - აქ გასაკვირი არაფერია. ისტორიულად, უმცროსი უფლისწული, როცა უფროს შვილს ერგებოდა ტახტი, ან მთავარი ვეზირი, რომელსაც მეფე არ წყალობდა, ან რომელიღაც მხარის ფეოდალი, რომელსაც მთელი საქართველოს ჩაგდება უნდოდა ხელში, ყოველთვის გარბოდა სპარსეთში,  ურდოში, პეტერბურგში, ოსმალთა იმპერიაში ან სხვა ადგილებში და ყოველთვის ეუბნებოდა დამხვდურს: მე ვარ ყველაზე მთავარი, ჩემთან დაიჭირეთ საქმე და საქართველოს „გაკოჭილს" ჩაგაბარებთო. სანაცვლოდ კი, რა თქმა უნდა, მეფის ან, სულ მცირე,  მთავარი ვეზირის თანამდებობა მაინც მეკუთვნისო.

ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის ქართველების აბსოლუტური დეჟავუ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თუ შესაძლებელი იყო მათ ეს მხოლოდ იმიტომ გამოსვლოდათ, რომ საქართველო მართლაც იყო დაყოფილი ფეოდალურ სახანოებად, საათაბაგოებად, უბრალოდ გათიშულ მხარეებად - ცალკე იყო სამეგრელო, ცალკე იმერეთი, ცალკე ქართლ-კახეთი, ცალკე აფხაზეთი და ზოგჯერ, ცალკე - თბილისი - ახლა ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფო. ამიტომ არის ყოველივე ეს არის, ერთი მხრივ, დეჟავუ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ზუსტად ის, რა მიზეზითაც საქართველო ადრე ამ შენობებს ვერ აშენებდა. იმ მიზეზით კი, რა მიზეზითაც ახლა ყველაფერს ვაშენებთ, ეს ხალხი საქართველოს ვერაფერს დააკლებს.

მე გეტყვით რისთვის სჭირდებათ მათ ეს მასკარადები. ამას იმ იმედით აკეთებენ, რომ იქნებ, მან, ვისაც აქ ჩამოსვლა სურს, ტელევიზორში ყოველივე ამის დანახვაზე, ვიზიტი გადადოს; იქნებ, იმ ინვესტორმა, რომელმაც სასტუმრო უნდა ააშენოს აქ, გადაიფიქროს;  ან იქნებ ის ტურისტი, რომელიც აქ ჩამოსვლას და დასვენებას აპირებდა, აღარ ჩამოვიდეს...

მათ მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მათია და თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ჩამოსულმა ხალხმა აეროპორტებში „ფეესბეს" მესაზღვრეთა კონტროლი უნდა გაიაროს - აქ ხომ საბჭოთა მესაზღვრეები უნდა იდგნენ! ეს ხალხი საქართველოში უნდა ჩამოდიოდეს არა როგორც თავისუფალ ქვეყანაში, არამედ როგორც  რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში...

შარშან ორი მილიონი ტურისტი გვყავდა, წელს სამი მილიონი გვეყოლება, ხოლო შემდეგ წელს -  ოთხი მილიონი. ამიტომ ეს მასკარადები, შეიძლება ჩემთვის პირადად სასაცილო იყოს, მაგრამ ორგანიზატორთა გათვლა სრულიად ნათელი და კონკრეტულია. მათ ერთი რამ გამორჩათ - ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი და შესწავლილი გვაქვს და ამით ვერც ჩვენს შეჩერებას შეძლებენ და ვერც ჩვენი ქვეყნის დიდი აღმშენებლობის.

ჩვენი თაობა ისტორიაში შევა როგორც დიდი აღმაშენებელი -  არა ცალკეული ადამიანები:  მიშა, გიგი, ზაალი (საკრებულოს თავმჯდომარე) ან დათო ნინიძე (თბილისის ვიცე-მერი), არამედ მთელი თაობა, რომელმაც მონახა ერთიანობის რესურსი.

ფრანგი ისტორიკოსები წერდნენ, რომ სპარსეთის კარზე უძლიერესი იყო ქართველთა  ჯგუფი. მთელი არმია და ფინანსები მათ ხელში იყო, ისპაჰანი მათ ააშენეს, შაჰ-აბასს ქართული სისხლი ერია. სასახლეში მას ერთი პატარა ოთახიც კი ჰქონდა, სადაც ქართველი მუსიკოსები ყავდა ჩაყვანილი, საღამოობით მათ უსმენდა და  ყურს იტკბობდა. ეს ოთახი თავად მაქვს ნანახი. ყველაფერი ქართული იყო... ალავერდ უნდილაძის ხიდი, იგივე ალავერდ ხანის ხიდი, რომელიც სამწუხაროდ ისპაჰანში ააშენეს და არა საქართველოში, ქართული არქიტექტურის შედევრია. ფრანგები წერდნენ, ქართველები რომ გაერთიანდნენ,  ირანს დააჩოქებენო და ბოლომდე მათი იქნება, მაგრამ შაჰმა კარგად იცის, რომ ეს ისეთი ხალხია, რომლებიც ვერასდროს ვერ გაერთიანდებიანო.

მახსოვს ლონდონში ჩვენი სათვისტომოს ერთ-ერთი თავმჯდომარე საშა ბესტავაშვილი მიყვებოდა, რომ ბოლშევიზაციის შემდეგ, ემიგრანტების ერთ-ერთ შეკრებაზე უცხოეთში  ორჯერ შეესწრო ცემა-ტყეპას სხდომათა დარბაზში. არადა გასაყოფი აღარაფერი იყო - საქართველო მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ, აქ ბოლშევიკური ჯარი იყო შემოსული და ორჯონიკიძე და სტალინი მართავდნენ ყველაფერს. მაინც ხოცავდნენ ერთმანეთს.

ბოლოს და ბოლოს, ილია ჭვაჭვაძე ქართველის ხელით მოკვდა.

ეს ჩვენი ისტორიაა.

უცბად კი, ამ ხალხისთვის სრულიად მოულოდნელად, საქართველოში გამოჩნდა ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა წარმომავლობისა და ასაკის ადამიანები არიან და  რომელმაც გადაწყვიტა იყოს ერთიანი და შეკრული, გვერდზე გადადოს ყველანაირი განსხვავება, თუკი რაიმე გასხვავებული აქვთ.

მაგალითად, ვანო მერაბიშვილი არის სოფელი უდიდან და პირადად მე იქ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ; ზურა ადეიშვილი სოფელი მთისძირიდანაა - ამას წინათ, მისი სახლის სანახავად ჩავიდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან ყველაზე მდიდარ სახლს ეძებდნენ, მაშინ, როდესაც ყველაზე ღარიბული სახლი აქვს იქ; მე და გიგის, დაახლოებით, ერთი წარმომავლობა გვაქვს, თუმცა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ანთროპოლოგია სხვა გვაქვს, მაგრამ სამშობლო და მისწრაფება - ერთი; ჩვენ გვაქვს სხვადასხვა წარსული, მაგრამ გვაქვს ერთი მომავალი. ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთიანი, სანამ საქართველოს სამშვიდობოს არ გავიყვანთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ.

ამბობენ, რომ ჩვენ ყველაფერს რაღაც თარიღებს ვუძღვნით - ეს მართლაც ასეა და ამ დღეს 26 მაისს ვუძღვნით. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, რადგან დღეს თბილისში დავიწყეთ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კულტურული ძეგლის მშენებლობა; ვხსნით ძალიან ლამაზ პარკს - რიყის პარკს, იმ ადგილზე, სადაც სხვადასხვა, მათ შორის, მთავრობის წევრების დუქნები მდებარეობდა. მთელი ცხოვრება ასე იყო, მაგრამ ვერ გაამტყუნებ, რადგან მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ გვქონდა, ყველა იმას აშენებდა, რისი თავიც ჰქონდა. 16-ე, მე-17, მე-19 და მეოცე საუკუნისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და რიყე არის სწორედ ამის სიმბოლო.

ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელშიც შეიძლება დავგეგმოთ, ჩავიფიქროთ და ვიოცნებოთ, შემდეგ კი ყველამ ერთად შევასხათ ჩვენს ოცნებებს ფრთები. ოცნების დაწყებიდან  ფრთის შესხმამდე  არც ისე დიდი დროა. შესაძლოა, ჩვენ აღარ ვართ ახალგაზრდები, მაგრამ აქ ხართ თქვენ და თითოეული ჩვენგანი ისეთივე მოუთმენელია, როგორებიც ხართ თქვენ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ თბილისის ცენტრში რამდენიმე დიდ მუზეუმს ვხსნით, საგამოფენო დარბაზს, რომელიც თავისთავად მუზეუმი იქნება. ჩვენ ვართ უნიკალური ერი, რომელსაც უამრავი რამ აქვს გამოსაფენი და ამდენი ათწლულის განმავლობაში იმის მეათედი მუზეუმები აგვიშენეს სპეციალურად, ვიდრე გვეკუთვნოდა, რათა არც მსოფლიოს ენახა და არც ჩვენ გვენახა რამხელა საგანძურისა და რამხელა ისტორიის მფლობელი ვართ.

შემდეგ დღეებში ობიექტებს გავხსნით იმერეთში, აჭარაში, ქართლში, კახეთში და ყველანი ერთად მივალთ იქამდე, რომ როცა დრო მოვა დაწყებულ საქმეს აფხაზეთსა და საქართველოს სხვა ოკუპირებულ ადგილებში გავაგრძელებთ.

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ქალაქის მერს, თითოეულ თქვენგანს და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს.

ახლა დავიკაპიწოთ ხელები და გავაგრძელოთ შენება.

გმადლობთ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)