საქართველოს პრეზიდენტმა მართლმადიდებელ და კათოლიკე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტი მეუღლეთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სააღდგომო ლიტურგიას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. აღდგომის დღესასწაული პრეზიდენტმა მთელ საქართველოს მიულოცა.
„ეს არის ყველაზე ნათელი ქრისტიანული დღესასწაული და ჩვენი იდენტურობის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი იდენტურობის ნაწილია ასევე ის, რასაც ჩვენი აქ დგომა განასახიერებს, კერძოდ, ეს არის ის, რომ ბოროტი ყოველთვის მარცხდება კეთილთან ბრძოლაში. საბოლოოდ, რამდენად ძლიერიც არ უნდა ჩანდეს ბოროტი, უსამართლობა ყოველთვის უკან დაიხევს სიკეთის წინაშე. სწორედ ამას განასახიერებს ეს დიდი ქრისტიანული დღესასწაული და მინდა მივულოცო ყველა ჩვენ თანამოქალაქეს - ქრისტე აღსდგა! ყველას ვუსურვებ ბედნიერებას, წარმატებას, თითოეულ ოჯახში უკეთესი მომავალის დღეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საღმრთო ლიტურგიას მიხეილ სააკაშვილი ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ტაძარშიც დაესწრო. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის დიდი პატივისცემაა. როგორც მან განაცხადა, ამით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.
„როდესაც თქვენ ჩვენთან ერთად ხართ, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამომავლო კეთილდღეობა", - აღნიშნა ჯუზეპე პაზოტომ.
საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკე ქრისტიანებს მიმართა და დღესასწაული მიულოცა:
„დღეს ჩვენ, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე, მოვედით ჩვენს ოჯახებთან ერთად, რათა პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ - საქართველოს კათოლიკური თემისა და მთელი კათოლიკური სამყაროს მიმართ. წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა მართმადიდებელ და კათოლიკურ სამყაროში. ეს არის დღესასწაული, რომელიც გამოხატავს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ციტატა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან" „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია" ლოზუნგის სახით ამშვენებს პრეზიდენტის სასახლის ფასადს. ვფიქრობ, ჩვენი რწმენა და, მთლიანად, აღდგომის დღესასწაულის არსი არის რწმენა იმისა, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ბოროტება, რამდენად საშიშად არ უნდა გამოიყურებოდეს ის ფიზიკურად, საბოლოოდ, მაინც სიკეთე გაიმარჯვებს. მე აქ არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - საქართველო თანაბრად ეკუთვნის ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა რელიგიური თემის წარმომადგენელს. ამ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა დავით აღმაშენებელმა, რომელიც ყველა კონფესიის წარმომადგენლის ტაძარში დადიოდა, ყველგან ლოცულობდა და პატივს მიაგებდა ყველა იმ რწმენას, რომელიც იმდროინდელი საქართველოსა და თბილისის მცხოვრებლებს ჰქონდათ. განუზომელია კათოლიკური თემის წვლილი საქართველოს ისტორიაში (დაწყებული სულხან-საბა- ორბელიანიდან, ზაქარია ფალიაშვილიდან, ვანო სარაჯიშვილიდან, მიხეილ თამარაშვილიდან - არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო - დღევანდელ დღემდე). ჩვენ გვყავს კათოლიკეები ყველა დონეზე, მათ შორის, საქართველოს მთავრობაში და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ ევროპული დიდი ოჯახის წევრები. დღეს ქართველების უმეტესი ნაწილი ამ დიდ დღესასწულს ზეიმობს და მინდა თქვენც და დანარჩენ საქართველოსაც მივულოცო ეს ყველაზე ნათელი და ყველაზე ლამაზი დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოს. მინდა, რომ თითოეულ თქვენს ოჯახს დღევანდელმა დღემ ბედნიერება მოუტანოს. წარმატებას გისურვებთ. ქრისტე აღსდგა!"