Google+

სიახლეები

25.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა შსს-ის ოფიცრები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

მოგესალმებით ყველას.

დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი თანამებრძოლი, პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი დიმა კორძაძე და ის, თუ როგორ მოახერხეთ თქვენ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტის გახსნა, ამ აქტის განმხორციელებლების დაკავება.

მინდა, ყველას სახელით გადაგიხადოთ მადლობა, რათა ის, ვინც ხელი აღმართა საკუთარ სამშობლოზე, მის საუკეთესო წარმომადგენლებზე ე.ი. ქართველ ხალხზე, დაუსჯელი არ დარჩება.

თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავისა და შვილების  დაცვა.

ჩვენ დიდ ბრძოლაში ვიმყოფებით. არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არიან ცალკეული ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთებს, შესაძლოა, პოლიტიკოსობაზეც ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ იმდენად არ აქვთ ხალხის მხარდაჭერის იმედი, რომ ერთი სული აქვთ, თბილისში უცხო ქვეყნის ჯარი შემოვიდეს, რათა მისი მეშვეობით მაინც დაიკავონ თანამდებობები და შეიქმნან უკეთესი ცხოვრება.

ამ ხალხს არაფერი არ გამოუვა, ისევე როგორც მათ, ვისაც თვალი უჭირავთ ღალატზე და ვისთვისაც სამშობლო არაფერს არ ნიშნავს.

ჯერ ერთი, ქართველი ხალხი ამას არასდროს არ მიიღებს - საქართველოს ჰყავს ეფექტიანი მთავრობა და, ამ შემთხვევაში, ეს არის მთავარი - ეფექტიანი უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სტრუქტურები, რომლებმაც მაღალ დონეზე ისწავლეს დანაშაულის გახსნა. ამ ადამიანებმა ქვეყანა მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ადგილად გადააქციეს.  

მათ ასევე საკადრისი პასუხის გაცემა ისწავლეს ნებისმიერი უცხო აგრესიული ელემენტისა და მათი ადგილობრივი დამქაშებისთვის.  

ამ აქტის ყველა შემსრულებელი დაკავებულია, თუმცა ყველა ორგანიზატორი დაკავებული არ არის - ისინი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან და ჩვენი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში მსახურობენ. მაგრამ მოვა დრო და სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერორიზმისთვის მათაც მოეკითხებათ პასუხი და მათ „პატრონებსაც".   

დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ მადლობა გადაგიხადოთ და, უპირველესად, იმ ხალხს, ვინც ეს დანაშაული გახსნა, ჩვენი მთავარი საბრძოლო ორდენი - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადავცე.  

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია გაგაცნოთ განკარგულება, დიომიდე კორძაძის ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი  მამაცობის, თავდადებისა და მხედრული ვალის მოხდისთვის, საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების მომზადების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დიომიდე კორძაძე დაჯილდოვდეს (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I ხარისიხის ორდენით (ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს რუსუდან მუთიძეს).

მინდა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი ჩვენი თავგანწირული ოფიცრის ხსოვნას.

ჩვენი პოლიციისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ყველამ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია მარტივი მიზეზის გამო - პერიოდულად, სწორედ მათ უწევთ ყველაზე მაღალი საზღაურის გაღება - საკუთარი სიცოცხლის გაწირვა.

ეს საქართველომ არასდროს არ უნდა დაივიწყოს, მათ კი, ვინც ამ ადამიანების სიცოცხლეზე აღმართავს ხელს, ეს ძვირად უნდა დაუჯდეს, რაც თქვენ დღეს უზრუნველყავით.

დიდი მადლობა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)