Google+

სიახლეები

11.03.2011
მიხეილ სააკაშვილმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ტრამპის ორგანიზაციის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ პროექტის ღირებულებასა და შინაარსზე დეტალურად ისაუბრეს.

დონალდ ტრამპი:

დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა,

დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს, ახალ პარტნიორს და მოკავშირეს, ჩვენ უამრავ წარმატებას მივაღწევთ და ეს ნამდვილად ფანტასტიკური იქნება.

რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მთელ ევროპასა და მსოფლიოში თქვენ მართლაც კერპი ხართ. საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტოა. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორები ჰყავს: ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიოში ბოლო 5 წლის განმავლობაში - ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია; ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ - "ტრანსფარენს ინთერნეიშენალის" თანახმად - ეს ძალიან მაგარია. ასევე მსოფლიო ბანკის მაჩვენებლების თანახმად, საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. რაც ოდნავ "მაღელვებს" არის ის, რომ საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში, უსაფრთხოების მხრივ. ამას უნდა მივხედოთ - მსგავსი რამ თქვენ არ გახასიათებთ. მომავალ წელს საქართველო ამ საკითხშიც ნომერ პირველი იქნება.

საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.

ყოველივე ამას ძალზე მოკლე პერიოდში მიაღწიეთ.

იგი [მიხეილ სააკაშვილი]7 წელია, რაც პრეზიდენტია. ერთი წლის წინათ, ვიდრე ჩვენ დავმეგობრდებოდით, მის შესახებ მხოლოდ იმას ვკითხულობდი, რომ ამ ადამიანმა გასაოცარი საქმე გააკეთა და შეგვეძლო ეს გამოგვეყენებინა. არ მინდა ამას პოლიტიკური ელფერი მიეცეს, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი გონებრივი  სიძლიერე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოშიც. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელიც უპრეცედენტოა იმით, რაც მან საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი:

ძვირფასო დონალდ, ძვირფასო მეგობრებო,

თითოეული პიროვნებისთვის, ისევე როგორც ყველა ქვეყნისთვის, არსებობს გარკვეული დამახასიათებელი ნიშანი - ეს არის წარმატება, რომელსაც თავად მიაღწია.

პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ახლა სწორედ ეს მომენტია.

დონალდ, პირველად 90-იანი წლების დასაწყისში შეგხვდით.

მაშინ კოლუმბიის უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და აქ, ნიუ ორკში სამართლის საკითხებზე ვმუშაობდი. ჩვენი იურიდიული ფირმა ისტორიულ ადგილზე - როკფელერის ცენტრში იყო განთავსებული. ჩვენი პატრნიორები ყოველთვის ბუზღუნებდნენ, რომ ვერაფერს ცვლიდნენ.

შემდეგ გადავედით ახალ შენობაში, რომელიც ლეგენდარულ დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა. შევედი ლიფტში და ჩემს წინ სწორედ ის დავინახე. მაშინ თქვენ მკითხეთ, მომეწონა თუ არა შენობა და ვისურვებდი თუ არა რაიმეს შეცვლას... დავიბენი... არ ვიცოდი რა მეთქვა და საშხაპეების დამატება შემოგთავაზეთ, რაც მეორე დღესვე გაკეთებული იყო. 

მაშინ ყველაფერს მივხვდი: ის დადიოდა და ხვდებოდა მობინადრეეებს, შემდეგ კი, ყველაფერს აგვარებდა და აკეთებდა. ეს იყო სიმართლე არა მარტო ერთი კონკრეტული შენობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.

დონალდ ტრამპი ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეული ადამიანია.

შეიძლება არის ქვეყნები, ბიზნესჯგუფები საკუთარი წესებით და რეგულაციებით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის, რაც მსოფლიოს ამოძრავებს - პიროვნებაა. დონალდ ტრამპი კი ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა მათ შორის, ვისაც შეიძლება ამ სამყაროში შეხვდე. ამავდროულად, იგი საინეტერესო და ცნობისმოყვარე ადამიანიცაა.

შარშან, როდესაც თქვენს ოფისში ვიმყოფებოდი, გაოცებული დავრჩი თქვენი სიღრმისეული ანალიზით მსოფლიოს შესახებ, ჩვენი რეგიონის ჩათვლით. ეს მართლაც შთმბეჭდავია.

ადამიანი ცხოვრებაში ბევრს შეიძლება შეხვდეს, მაგრამ თქვენთან შეხვედრა ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია.

დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე, ეს არის მომენტი, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდა.

მე თქვენ შეგხვდით ლიფტშიც და გნახავთ საქართველოშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლაც გამოგვივიდა. ამისთვის მადლობას გიხდით.

ვინაიდან თქვენი სახელი მიღწევებს უკავშირდება და ეს შეეხება თქვენს პირად მიღწევებს,  გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა თქვენი მორიგი წარმატების ადგილი გახდეს.

გმადლობთ, იმ ცვლილებისთვის, რომლებსაც თქვენს სახელმწიფოში და მთელ მსოფლიოში ახორციელებთ, ჩემი ქვეყნის ჩათვლით.

 

დონალდ ტრამპმა და მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ტრამპის ორგანიზაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის საწყისი ღირებულება 250 მილიონი დოლარია, თუმცა ეს თანხა გაიზრდება, რადგან პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად ეწვევა საქართველოს.

"ეს ჩინებული დასაწყისია, რადგან საქართველო მართლაც დიდებული ქვეყანაა, რომელსაც შესაფერისი ლიდერი ჰყავს. ეს არის ქვეყანა საოცარი ლიდერებით, რომელიც გვაჩვენებს როგორ შეიძლება პატარა სახელმწიფო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნად იქცეს, როდესაც მას კარგი ხელძღვანელობა ჰყავს. მე ურთიერთობა მაქვს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ლიდერთან, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა მეწარმეობის თვალსაზრისით და ქვეყანა მაღალ დონემდე აიყვანა, რაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. საქართველოს შესახებ გამუდმებით გვესმის, რომ ნომერ პირველია ყველა სფეროში. მსოფლიოში სხვა ლიდერებთანაც მაქვს ურთიერთობა, გვაქვს უამრავი პროექტი და ეს ერთ-ერთი მათგანია, რომლის განხორციელებაც ძალიან გვინდა. პროექტის საწყისი ღირებულება 250 მილიონი დოლარია, მაგრამ ეს თანხა გაიზრდება, რადგან საკმაოდ მასშტაბური პროექტი იწყება. საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე ისაუბრა და იმ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებაც საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის ინვესტიციით იწყება.

"ეს არის თვალსაჩინო ადგილი და ის ნამდვილად იქნება გრანდიოზული. მთელი ქალაქი [ბათუმი] რეგიონში გამორჩეული ხდება. ის ემსგავსება ისეთ ცენტრებს, როგორიცაა დუბაი და სინგაპური. შავი ზღვის რეგიონში ეს არის პირველი ადგილი, სადაც დონალდ ტრამპი ჩამოდის. დონალდისგან ერთი რამ ვისწავლე, ყურადღებით ვკითხულობდი მის წიგნს და ვეცნობოდი მის კარიერას. ხშირად ამბობდნენ, რომ ის უკვე გავიდა თამაშიდან, მაგრამ ახალი ენერგიით ბრუნდებოდა. ასეა ჩემი ქვეყნის შემთხვევაშიც. რამდენჯერაც თქვეს, რომ საქართველო დასრულდა, ყოველთვის ახალი ენერგიით დავბრუნდით. ბევრი მსგავსებაა ჩვენს შორის და ამიტომ ვიპოვეთ ერთმანეთი. მთავარია გყავდეს ადამიანი, ვისგანაც ისწავლი. ჩემთვის ასეთი პიროვნება დონალდ ტრამპია. ეს არის დონალდ ტრამპის ნომერ პირველი პროექტი ჩვენს რეგიონში. ჩვენ კი ვართ ნომერ პირველი ქვეყანა ტრამპისთვის და ეს ნამდვილად საამაყოა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს და მიხეილ სააკაშვილს შეკითხვები სხვადასხვა საკითხებზე დაუსვეს, მათ შორის, იქნება თუ არა დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან მომავალ არჩევნებში. თუმცა მისი განცხადებით, იგი საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტს კი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თაობაზე და  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.  

"მთელ მსოფლიოს ამერიკა წარმატებულ და ძლიერ სახელმწიფოდ მიაჩნია, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩვენ გვახარებს თქვენი წინსვლა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ადმინისტრაციასთან, მქონდა შეხვედრები პრეზიდენტ ობამასთან და ბევრ საკითხში  ვთანამშრომლობთ. საქართველო ყოველთვის გრძნობს ამერიკის მხარდაჭერას.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, რომ საქართველო ხელს არავის არაფერში არ უშლის. არსებობს ყველასთვის ცნობილი საკითხები და ამერიკელებს ეს კარგად ესმის. ჩვენ არ განვიცდით არავითარ ზეწოლას და არც ვაშინგტონი მოითხოვს ჩვენგან დაჟინებით რამეს. ადმინისტრაციასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით კარგად ვთანამშრომლობთ. ჩვენ  დაინტერესებული ვართ ურთიერთობის მოწესრიგებით სამეზობლოში. არის გარკვეული წესები, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს და ჩვენ გვინდა ამას მივაღწიოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)