მოგესალმებით ყველას.
დღეს საშუალება მქონდა ფოთში რამდენიმე ობიექტი გამეხსნა, მათ შორის, დავათვალიერე აეროპორტის მშენებლობა. თქვენ იცით, რომ ფოთში კავკასიის ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა დავიწყეთ, კავკასიაში ყველაზე დიდი ასაფრენი ზოლით, რომელიც თბილისის აეროპორტზე გრძელი იქნება და სხვა კავკასიურ აეროპორტებზე. უკვე დავდგით თანამედროვე რადარის სისტემაც და ეს იქნება, რეალურად, ფოთისა და ბათუმის აეროპორტი.
ეს იქნება აეროპორტი, რომელიც მოემსახურება ასევე ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებს - ანაკლიას, მესტიას, ბათუმს და, რა თქმა უნდა, ფოთს, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ცენტრს.
ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით სამკუთხედს. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით ვაპირებთ, რომ ფოთში ჯერ ერთი, მოსახლეობა გახდეს, მინიმუმ, 100 ათასი; მაგ დროისთვის, ბათუმში იქნება, მინიმუმ, 250 ათასი; ქუთაისშიც, მინიმუმ, 250, შესაძლოა, 300 ათასი - ე.ი. ეს სამკუთხედი იქნება დაახლოებით ექვსასი ათასი და მეტი. ანაკლია უკვე მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება და ყოველივე ეს, ურბანიზაციასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტიურობა ვაწარმოოთ საქართველოს ამ ძალზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ რეგიონში. ფოთის აეროპორტი, რომლის მშენებლობაზეც დღეს ვიყავი, შეასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ოკუპაციის პირობებში ვერ ასრულებს სოხუმის აეროპორტი. ეს არის ყველა ნებისმიერი ამინდის პირობებში დასაჯდომი ასაფრენი მნიშვნელოვანი რეგიონალური და სატრანზიტო აეროპორტი.
ასევე, ძალიან მიხარია, რომ დღეს ვხსნით ახალ შენობას, ფოთის ახალ ეკონომიკურ ცენტრს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას.
ამ ახალი შენობის შემხედვარე აშკარაა, რომ აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ მორიგი პატარა წარმატება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი წამით ვივიწყებთ რამდენად წარუმატებელი პერიოდი უდგას მსოფლიო ეკონომიკას. ეს კი ძალზედ სერიოზულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, თითოეული ქართული ოჯახის შემოსავალსა და კეთილდღეობაზე.
შეუძლებელია მოვადუნოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უჭირს უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს ფასების ზრდის ამ მსოფლიო ქარიშხალში.
ვინც მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებს ადევნებს თვალს, იცის, რომ ჯერ რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება ეს გლობალური ეკონომიკური სტიქია, მოხერხდება მისი დაშოშმინება, თუ კიდევ უფრო აირევა ვითარება.
ფაქტია, რომ მომავალი რამდენიმე თვე არის მაღალი ეკონომიკური რისკების პერიოდი და ჩვენთვის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე ამ რთულ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის დაცვა, ჩვენი ოჯახების დახმარებასა და თანადგომაზე ზრუნვა.
სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც ცალკე აღებულ ერთ ქვეყანას, არ გაგვაჩნია საკმარისი ბერკეტები, რათა უმტკივნეულოდ, ყოველგვარი რისკის გარეშე გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რისი ძალაც შეგვწევს, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხისთვის ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ არსებული მდგომარეობის სიმძიმე. ახლა ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის მცირედი თანადგომაც ძალზე მნიშვნელოვანია.
ამიტომ, ჩვენ ჯერ გამოვნახეთ რესურსები, რათა ყველა ოჯახს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაურიგდეს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები.
ახლა კი იწყება სასურსათო ვაუჩერების დარგება, რომელიც ჩვენს ოჯახებს 30 ლარით შეუმსუბუქებს საყოფაცხოვრებო ხარჯებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმაზე, რომ წლის განმავლობაში, იმ ეტაპზე, როცა მოვახდენთ ამ სახსრების მაქსიმალურად აკუმულირებას და მობილიზებას, განხორციელდეს პენსიების ეტაპობრივი ზრდა, რადგან პენსიონერებსაც ძალიან უჭირთ.
დღეს ყველაზე მეტად ხალხს სოფლად უჭირს, ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ რეგიონების დახმარებას და წელს 150 მილიონი ლარით ვზრდით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას იმისათვის, რომ შევქმნათ უფრო ძლიერი გარანტიები სოფლის განვითარებისთვის და სოფლად სტაბილური სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ერთჯერადი დახმარება, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და არ არის საკმარისი. მე კარგად ვიცი, რომ ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერებით მიღებული 50 ლარიანი შეღავათი ზღვაში წვეთია იმ საჭიროებებთან შედარებით, რაც ჩვენს ოჯახებს აქვს.
ამიტომ მთავრობის მუშაობის უმთავრესი მიზანია, შევქმნათ გრძელვადიანი საფუძვლები საქართველოში ცხოვრების დონის ასამაღლებლად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით.
ამისათვის კი უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში იყოს გაცილებით უფრო უკეთესი ბიზნესგარემო, სადაც ყველაფერი იქნება აწყობილი, რათა მეწარმე მაქსიმალურად იოლად ახერხებდეს წარმატების მიღწევას, იქნება მაქსიმალურად დაცული და ექნება სამართლიანობის განცდა.
ჩვენი ამოცანაა, გაჭირვების კრიტიკულ თვეებში დავეხმაროთ ხალხს ცალკეული სოციალური პროგრამებით, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ერთჯერადი ღონისძიებებით კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ.
კეთილდღეობას მივაღწევთ, მხოლოდ ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გარანტიების შექმნით, მხოლოდ დასაქმებით და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით.
ასეთი გრძელვადიანი გარანტიის ერთ-ერთი მაგალითია ეს ახალი დაწესებულება, რომელსაც დღეს ვხსნით; რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიმუშს. მე აქ გამოვიარე ახალი გზით, რომელიც, ფაქტობრივად, ჭაობსა და წყალში გავიყვანეთ. ძალიან ბევრი ფული ჩაიდო ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ მხრივ, ეს არის ყველაზე დიდი შენობა და ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოს და ბიზნესს შეუძლიათ კარგად თანამშრომლობა.
ჩვენ უკვე გავხსენით თბილისისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონები და დაგპირდით, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა.
ახლა ვხსნით ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას - ეს არის საქართველოში უპრეცედენტო სიდიდის, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული გაფორმების ცენტრი და სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია ასეულობით სატვირთო ავტომანქანაზე.
ისევე როგორც თბილისისა და ბათუმის გეზებში, აქ, ფოთის გეზით მოსარგებლე ათიათასობით ჩვენს მეწარმეს საკუთარი ტვირთის გასაფორმებლად, აღარ დასჭირდება ხანგრძლივი ლოდინი და კარდაკარ სიარული სხვადასხვა კომპანიებსა და უწყებებში. ისინი მიიღებენ სწრაფ და ეფექტურ მომსახურეობას ძალზე გამარტივებული და კომფორტული პროცედურებით.
ფოთი საქართველოს ეკონომიკის მთავარი კარიბჭეა და ეს დაწესებულება ამის პირდაპირი გამოძახილი იქნება.
ასევე, მნიშვნელოვანია სხვა კარიბჭეების რეაბილიტაცია. სარფის ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნება 2011 წლის 26 მაისს. შედეგად, მცირე ობიექტების გარდა, საგადასახადო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება გამართული და უკეთესად მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს.
ჩვენ ნოემბერში გამოვაცხადეთ „ახალი კურსი", სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი უკვე განხორციელდა. ნაწილი განხორციელების პროცესშია და მე ამას ყოველდღიურად ვადევნებ თვალს.
ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაშია 1-ლი იანვრიდან და, შესაბამისად, ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომელთა მიზანია გადამხდელების მდგომარეობის შემსუბუქება:
მუშაობას შეუდგა საგადასახადო ომბუდსმენი - კიდევ ერთი ინსტიტუტი გადამხდელის ინტერესებისა და უფლებების წარმოდგენისა და დაცვისათვის, ასევე დარღვეული უფლებების აღდგენისათვის. დღე არ გავა მე თვითონ რომ არ ვნახო ტელევიზორში შემთხვევა, როცა მეწარმემ, გადასახადის გადამხდელმა საქმე მოუგო სახელმწიფოს და გაიტანა თავის სიმართლე. შესაძლოა ბევრი რამ ტელევიზიით არ არის ნაჩვენები, მაგრამ იდეოლოგია, კურსი და მიმართულება არის გასაგები - პარტნიორობის პირობებში სამართლიანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა და ისე აღარ არის: "დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი". რეალურად, ყველა უნდა იყოს თანასწორი და ყველას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს.
ვნერგავთ ახალ მექანიზმებს, რომელთა მიხედვითაც, თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია შეცდომით, არცოდნით და მითუმეტეს რომ ადრე კანონები ძალიან არეული იყო, ადვილი იყო შეცდომის დაშვება და თუ ის მიზნად არ ისახავს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, გადამხდელი შესაძლებელია გათავისუფლდეს სანქციისაგან. ადრე სხვაგვარად ხდებოდა - „გაის" ინსპექტორი ჩასაფრებული იყო მოსახვევის იქით, გამოგიჭერდა და ამით კმაყოფილი იყო. ამიტომაც გავაუქმეთ საგზაო პოლიცია. ასევე იყო გადასახადის ამკრეფი საქართველოში. ეს ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინათ, საგზაო ინსპექციის გაუქმებიდან ბევრად უფრო დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ ეს პრობლემები ახლა მთლიანად მოხსნილია.
ბიზნესის სტიმულირების მიზნით, ვამკვიდრებთ დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, გადამხდელი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ის სახით გადაიხადა 200 000 ლარი, იმპორტისას თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან. ეს სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში განხორცილებული ინვესტიციის ტოლფასია და ასეთი უპროცენტო სესხის მოცულობა 1 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარს მიაღწევს, როგორც დახმარება ბიზნესის სტიმულირების კუთხით.
ამუშავდა საგადასახადო შემოწმების მოთხოვნა - გადამხდელს მიენიჭა უფლება, მისთვის მოსახერხებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვოს საგადასახადო შემოწმების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უფრო პარტნიორულ ურთიერთობას.
ბიზნესისათვის გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთების საშუალება ყველაზე მნიშვნელოვანია; ეს შემდეგ ბანკებსაც ეხმარებათ გასცენ დაბალპროცენტიანი სესხები და სწორედ ამისათვის ჩვენ შემოვიღეთ წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება. ახლა უკვე მეწარმეს შეუძლია შეკითხვით მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ გაიგოს, თუ რა იქნება მისი კონკრეტული გადასახადი. ეს უდაოდ დაეხმარება მას სწორი ბიზნესგადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო ბანკებს, ამ ბიზნესის დაკრედიტებაში.
საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში, ინერგება ელექტრონული დეკლარირების მექანიზმები, რაც გადამხდელს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს, ენერგიას, ფინანსურ და შრომით დანახარჯებს. ამით უკვე სარგებლობს გადამხდელების 85 პროცენტი. მინდა გითხრათ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ე.ი. შემოდის კულტურული ურთიერთობა გადამხდელსა და ბიზნესს შორის. როგორც აქ აღარ უნდა იარო ტალახში, აღარ უნდა ეხვეწო ვინმეს და აღარ დაიმცირო თავი, ასევეა საგადასახადო ინსპექტორთან ელექტრონული ურთიერთობა. ზიხარ სახლში ან ოფისში და იქ კომპიუტერის მეშვეობით აწესრიგებ ყველაფერს.
100-მდე კომპანია უკვე სარგებლობს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით - ეს გამორიცხავს უსაქონლო და ფიქტიური გარიგებების არსებობას, ასევე შევსებისას გადამხდელის მიერ შეცდომების დაშვებას.
გამარტივებულია საპასპორტო კონტროლი - გამშვებ პუნქტებზე ფიზიკური პირები მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოუსვლელად გადიან საპასპორტო კონტროლს. სარფში, როდესაც ახალი პუნქტი გაიხსნება, მხოლოდ ერთი მხარე შეამოწმებს საბუთებს. ისე, როგორც ეს გავაკეთეთ სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე. ადამიანს აღარ ექნება ის უსიამოვნო გრძნობა, როგორც ეს ადრე ხდებოდა საბაჟოზე.
"ახალი ეკონომიკური კურსის" შედეგად კიდევ უამრავი ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ბიზნესმენებმა უფრო მეტად იგრძნონ შვება.
თითოეული ასეთი სიახლე, თითოეული ასეთი ახალი დაწესებულება, უზრუნველყოფს უფრო მეტ ახალ სამუშაო ადგილს და ჩვენი მეწარმეების მიერ დაგროვებულ უფრო მეტ ეროვნულ დოვლათს.
არიან ადამიანები, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის დანრეგვას. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამაში მათ ნამდვილად უწყობს ხელს. არც საქართველოშია ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს და ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი.
მაგრამ ყველამ იცოდეს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა პესიმიზმისთვის ადგილი აღარ დარჩეს; იმისათვის, რომ გადავლახოთ ნებისმიერი ეკონომიკური სირთულე; იმისათვის, რომ გავუძლოთ ნებისმიერ ქარიშხალს.
ახლახან სამთავრობო ჯგუფი - მინისტრები, პარლამენტარები სინგაპურში გვყავდა გაგზავნილი. სინგაპური ჩვენზე ათჯერ უარეს მდგომარეობაში იყო. იმ რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან ჰგავდა ჩვენსას. ისინი ბევრად უფრო ღარიბები იყვნენ ვიდრე დღეს ჩვენ ვართ და იმის გამო, რომ მოინდომეს და ზუსტად დასახეს გზა, რა ეტაპები იყო გასავლელი ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა. მაშინ, როცა არც ნავთობი აქვს, არც მიწა და სასმელი წყალიც არ აქვთ თავისი. ჩვენები ჩამოვიდნენ აღფრთოვანებულები. თუ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, ყველაფერს მიაღწევ. ასეთი მაგალითები მართლაც არის და საქართველო თავისი მონაცემებით, ამ რეგიონში უკვე ნამდვილად ადგას იმ გზას, რომ ყველა სხვისთვის იყოს მაგალითი.
ჩვენ არც შენებას შევაჩერებთ და არც იმას მოვაკლებთ ზრუნვას, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს; რომ გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები; რომ ხალხს ქალაქსა და სოფლად გაუჩნდეს სტაბილური შემოსავლის წყარო, ამუშავდეს ახალი საწარმოები და ფეხზე დადგეს ეკონომიკის ის დარგები, რომლებშიც საქართველოს დიდი უპირატესობის მოპოვება შეუძლია.
ფოთი ნამდვილად უნდა იყოს ამის სიმბოლო.
მე დღეს ვთქვი - ბათუმის განვითარება დაიწყო. რა თქმა უნდა, ბათუმში ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის, რა თქმა უნდა, იქ ჯერ კიდევ სიღარიბე და გაჭირვებაა, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, ქალაქმა წარმოუდგენლი ნახტომი გააკეთა.
ფოთი შეიძლება დაეწიოს და კიდევაც გაუსწროს თუკი ყველაფერს სწორად დავგეგმავთ და განვავითარებთ. ასევე, ეს ქალაქი უნდა გახდეს წარმატებული ეკონომიკის ნიმუში. ხალხი ამას ძალიან დიდი ხანია უცდის.
გაფორმების ეკონომიკური ზონა, ფოთის მასშტაბით, უნდა ვაქციოთ 100 პროცენტიანი დასაქმების და სიღარიბისგან თავისუფალ ზონად .
დიდი მადლობა.