Google+

სიახლეები

22.01.2011
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ქართულ-სომხური სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკას ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ერევნის აეროპორტში მას სომეხი კოლეგა სერჟ სარგსიანი დახვდა. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ტექნოლოგიური ცენტრის მონახულებით დაიწყო, სადაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა პირველი ქართულ-სომხური სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს.

გამოსვლისას, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ განათლების სფერო  ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვები სკოლის ასაკიდან იწყებენ მეგობრობას.  

„მთავარია რომ ჩვენ ვსწავლობთ მეგობრობას, ურთიერთობას და შეჯიბრს ყველაზე უფრო კეთილშობილურ საქმეში - თუ როგორ  განვავითაროთ ჩვენი ქვეყნები,  როგორ ვაქციოთ ისინი სანიმუშოდ დანარჩენი რეგიონებისა და მსოფლიოსთვის. შემდეგ ოლომპიადას უკვე გავმართავთ  თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში, საიდანაც ასევე ბევრი მონაწილეა. თუმცა ამას შემდგომში გადავწყვეტთ. ასევე მინდა ჩვენი შემოთავაზება გაგაცნოთ იმის თაობაზე, რომ ოლიმპიადაში წარმატებულმა მოსწავლეებმა სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ. იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება ეს ღონისძიება, დასაწყისისათვის 10 საპრეზიდენტო სტიპენდიას გამოვყოფთ, რათა ყველაზე საუკეთესო ბავშვებმა საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასასწავლებელში ისწავლოს, ნებისმიერ ფაკულტეტზე, მაღალი სტიპენდიითა და საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით. ამასთან დაკავშირებით, სომხეთში კონკურსს გამოვაცხადებთ.  ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ბევრ სფეროში გვინდა ასეთი გაცვლა, ასეთი შეჯიბრი, ასეთი მეგობრობა, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის გარეშე უბრალოდ დაიკარგებიან. აუცილებლად უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, კარგ და ცუდ დროს ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, რადგან ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი ორი მოკავშირე, ორი უძველესი მოძმე და მეგობარი ერი ვართ, რომლელთა ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. თქვენი პრეზიდენტი ჩემში აღტაცებას იწვევს და დიდ პატივისცემას იმსახურებს. იგი უახლოეს მეგობრად და ძმად მიმაჩნია.  პირადად ჩემთვის, იგი მართლაც განსაკუთრებულია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. ჩვენი შეხვედრა ყოველთვის  განსაკუთრებულია. მასთან დაკავშირებულია მხოლოდ დადებითი ემოცია. არასდროს არ დამავიწყდება ჩემი წინა ჩამოსვლა სომხეთში. საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვან დროს სომხეთის პრეზიდენტმა სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა და ძმურად ამოგვიდგა მხარში. ასეთი დეტალები, პირადად ჩემთვის, სამუდამოდ დასამახსოვრებელი იქნება და ასევე ფოტოგრაფიულად დარჩება ჩვენი ხალხების მახსოვრობაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ახალგაზრდებს სიტყვით სომხეთის პრეზიდენტმაც მიმართა და ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ძალზე მიზანდასახული და წარმატებული ადამიანია, ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. 

„ქართულ-სომხური ურთიერთობები ჩვენით არ იწყება და  არც მთავრდება,  თუმცა ჩვენი მოვალეობაა  ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ურთიერთობა, გარკვეულწილად, კონკურენციაც არის. ჩვენ ვართ ერები, რომელიც ერთმანეთს არასდროს დავპირისპირებივართ და ერთმანეთის წარმატება გვახარებს. ჩვენ ერთმანეთს  კარგი საქმეების კეთებაში უნდა შევეჯიბროთ და წარმატება მივულოცოთ ერთმანეთს. წარმატების კარგი მაგალითია მიხეილ სააკაშვილი.  საქართველოს პრეზიდენტი  27 წლის ასაკში უკვე დოქტორი იყო, შემდეგ კი, იგი  ერთ-ერთი  ყველაზე ახალგაზრდა  პრეზიდენტი გახდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თუ ადამიანმა მიზნად  რამე დაისახა აუცილებლად მიაღწევს. პრეზიდენტი სააკაშვილი ერევანში იმისთვისაც იმყოფება, რომ ბიზნესკლიმატისათვის გამოცდილება გაგვიზიაროს და  ის რეფორმები გაგვაცნოს, რომლებიც საქართველოში განხორციელდა", - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

ტექნოლოგიურ ოლიმპიადაზე, რომელშიც ორივე ქვეყნიდან 60 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ქართველმა მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს - 12 დაჯილდოებულიდან 6 ქართველი იყო.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ტექნოლოების განვითარების ცენტრის შენობა დაათვალიერებინა.

 „ჩვენი ქვეყნები და ხალხი ოდითგანვე უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას. ბოლო ერთი წელიწადია, საქართველოს გულდასმით ვაკვირდებით და ბევრი რამ ვისწავლეთ შრომის ორგანიზაციის, ბიზნესკლიმატისა თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გაუმჯობესების მხრივ. ჩვენ ეს გამოცდილება გადმოგვაქვს. ამ საწარმოს ჩვენებით კი, შევეცდებით თქვენს პრეზიდენტთან რაღაცით ჩვენც ვიამაყოთ. შემდეგ საკუთარი გამოცდილება ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მხრივ, ჩვენც უნდა გაგვიზიაროს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ერევანშია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი მეგობრობის განსამტკიცებლად", - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)