Google+

სიახლეები

22.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება ერევანში გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება, ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფაქტს საერთაშორისო კომისია გამოიძიებს. პრეზიდენტი ყველა იმ ჩინოვნიკის დასჯას მოითხოვს, რომელიც მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ზომებზე არის პასუხისმგებელი.

„გუშინ მაღაროში აფეთქება მოხდა, რომლის გამოც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე  დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული მძიმედაა. ამის შესახებ გუშინ ღამით, დაახლოებით 3 საათზე  შემატყობინეს, როგორც კი აფეთქება მოხდა. პირველი დასკვნა  გააკეთეს და, როგორც ყოველთვის, მოვისმინე, რომ ყველაფერი იმ მაღაროელის ბრალი იყო, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა. გამახსენდა, რომ წინა აფეთქების შემთხვევაშიც ზუსტად ასეთივე დასკვნა გაკეთდა -  ყველაფერი მაღაროელებს დააბრალეს. მაშინ პროკურატურამ გამოიძია საქმე და იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, დასტურდება, რომ წინა აფეთქება, რომელსაც რამდენიმე მაღაროელი ემსხვერპლა, იყო არა მათი დაუდევრობის, არამედ მაღაროს ხელმძღვანელობის უშუალო დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. მაღაროს ხელმძღვანელობამ ვენტილაციის სისტემა გამორთო და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე დაზოგა ფული. შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ამაზე დასკვნის გაკეთება ევალებოდათ, დასკვნა „ხელი ხელს ბანს" პრინციპით დაწერეს, სწორედ ისე, როგორც მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს უნოდათ.

ძალიან ვნანობ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე არ მივიდა, რათა კონკრეტულ ადამიანებს აქამდე ეგოთ პასუხი; კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და შემდეგ, თუკი სასამართლო დაადგენდა - საპატიმროში. ეს რომ ასე მომხდარიყო, შეიძლება, გუშინდელი აფეთქება თავიდან აგვეცილებინა. ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, პირდაპირ მონაწილეობენ მკვლელობაში, ხოლო ისინი, ვინც ამას ხელს აფარებს მკვლელობის თანამონაწილეები არიან. ძალიან კარგია, რომ ტყიბული ამუშავდა და ამით რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს შემოსავალს, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი სამსახურიდან დათხოვნისა და შემოსავლის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იმაღლებს, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ მათ ეს ყველაფერი შევარჩინოთ.  მკვლელობაში მონაწილეებმა და თანამონაწილეებმა სრული პასუხი უნდა აგონ. ამ შემთხვევაში, სრულ უნდობლობას ვუცხადებ იმ სამსახურებს, რომლებმაც პირველ შემთხვევაში გამოიტანეს და გამოაქვეყნეს დასკვნები. ახლა სხვა ხალხს უნდა გამოვაძიებინოთ ეს შემთხვევა და არა მათ, ვინც თბილისში ზის, უბრალოდ, ფულს იღებს ტყიბულის  მაღაროს მფლობელებისგან და პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე ჩაწერონ დასკვნაში. ეს საქმე უნდა გამოვაძიებინოთ სერიოზულ ხალხს, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს,  ყველას მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი და დამნაშავეები დავსაჯოთ.

მინდა, დაღუპულის ოჯახს თანადგომა და სამძიმარი გამოვუცხადო და ყველაფერი გავაკეთო, რათა დაუდევრობისა და დანაშაულებრივი ქმედების გამო მსგავსი რამ არასდროს არ განმეორდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)