Google+

სიახლეები

18.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ოპერის მომღერალი ლამარა ჭყონია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ოპერის სოლისტი ლამარა ჭყონია დღეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

„მინდა მოგესალმოთ ყველას, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩვენი ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. მინდა რამდენიმე სიტყვა ქალბატონ ლამარას დამსახურებებზე ვთქვა. მართლაც, თუკი რაიმეა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ეს არის მისი ერის განსაკუთრებული ნიჭი, კულტურა და თვალსაჩინო მოღვაწეები. ქალბატონი ლამარა არის არა მხოლოდ ოპერის ბრწყინვალე მომღერალი, ბრწყინვალე სოპრანო და ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს, არამედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტიც. სადაც არ უნდა ყოფილიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ეცხოვრა, მისი სულიერი, კულტურული, ადამიანური და სახელმწიფოებრივი კავშირი საქართველოსთან არც ერთი დღით, არც ერთი წუთით არ გაწყვეტილა. მინდა, რომ ეს იყოს ნიმუში ჩვენთვის, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს პატრიოტი. მე წავიკითხე ქალბატონი ლამარას ბრწყინვალე წიგნი, რომელიც  ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხია და მინდა გითხრათ, რომ მას ძალიან კარგად აქვს გადმოცემული საკუთარი ქვეყნის უდიდესი სიყვარული. მინდა ასეთი პატრიოტები საქართველოს გაუმრავლდეს, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილებების მოხდენა ჩვენ არც ამ ქვეყნის ზომით, არც მოსახლეობის რაოდენობით და არც ჩვენი ბუნებრივი რესურსებით არ შეგვიძლია. მთავარი რესურსი არის ის, რომ ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხის თითოეული წარმომადგენელი ბრწყინვალეა. ეს თავისთავად არის ერისა და სახელმწიფოს განსაკუთრებულობის გარანტი. ასეთი ერები თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში და ჩემი ღრმა რწმენით საქართველო სწორედ მათ მიეკუთვნება. ამიტომ, მინდა გადმოგცეთ ეს ორდენი, რადგან თუკი რაიმე შეესაბამება თქვენს დამსახურებას, ეს მართლაც არის ტერმინი „ბრწყინვალება"", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლამარა ჭყონია ცნობილი ქართველი სოპრანო, საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და უკრაინის სახალხო არტისტია. იგი არის უამრავი, მათ შორის, პრაღის, მოსკოვის, სოფიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ლამარა ჭყონია იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. მისივე მოწაფეები არიან მისი ქალიშვილები - ნატო და ეთერ ჭყონიები, რომლებიც ამჟამად წარმატებით მოღვაწეობენ საზღვარგარეთ.

2007 წელს ლამარა ჭყონიამ მოგონებათა წიგნი „ცხოვრების ტალღებზე" გამოსცა, რომელშიც  ავტორის შესახებ ბევრი საინტერესო მოვლენა და ფაქტია მოთხრობილი.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)