Google+

სიახლეები

14.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი მეწარმეობის ამერიკულ ინსტიტუტში (AEI) გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიულ კვლევის ინსტიტუტში „ამერიკან ენტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, კორუფცის შემცირებასა და რეფორმების განხორციელებაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო საქართველოში ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის მხარდაჭერის საკითხს და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილს „ამერიკან ენტერპრაიზ ინსტიტუტის" გადაწყვეტილებით, წილად  ხვდა პატივი კონფერენციაზე  ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ იოჰანესი წარედგინა. მიხეილ სააკაშვილი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელშიც მილენიუმის პროგრამები წარმატებით ხორციელდება, ამ გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს იყო.

კონფერენციის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილი პირადად შეხვდა დენიელ იოჰანესს და მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოსა და კორპორაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

"ნამდვილად სასიამოვნოა ამ ქალაქში ყოფნა. თუმცა აქ ისეთი სამწუხარო მიზეზით ვიმყოფები, როგორიცაა რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია.  რიჩარდ ჰოლბრუკი ჩემი დიდი ხნის მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი იყო. მრავალი წლის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი მისი პიროვნებითა და ნიჭით. მიუხედავად ამ სამწუხარო მიზეზისა, ეს უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, ისევე, როგორც აქ, ამ კონფერენციაზე ყოფნა. ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება და მიმართულება აქვთ, ადრეც ვყოფილვარ.  ყოველთვის სასიამოვნოა მიმართო ასეთ განსხვავებულ და ძალზე ინტელექტუალურ აუდიტორიას.

რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ იმ წარმატებასა და ეფექტიანობაზე, რომელსაც ამერიკის დახმარების საშუალებით მივაღწიეთ, მინდა აღვნიშნო ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება. ერთი მხრივ, თქვენ გესმით იმ დაბრკოლებების და პრობლემების შესახებ, რომლებიც ჩემი სახელმწიფოს,  სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობის მქონე ქვეყნის წინაშე დგას.

გუშინ ვესაუბრე კონგრესის შედარებით ახალ წევრს, რომლისთვისაც არსებული ვითარების ყველა დეტალი ცნობილი არ არის. მან მკითხა და მე ავუხსენი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი და სანაპირო ზოლის ორი მესამედი ოკუპირებულია; ჩვენს დედაქალაქთან ახლოს განლაგებულია ჩვენზე დამიზნებული საარტილერიო სისტემა; ჩვენი საზღვრებს შემოჭრილი მტერი ოფიციალურად არ აღიარებს; ოფიციალურად აცხადებენ, რომ სურთ ჩვენი მთავრობის წასვლა და იმასაც ამბობენ, რომ სხეულის გარკვეული ნაწილებით დამკიდებენ; ისინი არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას აღიარებენ, რომელსაც თავად  მოაწერეს ხელი.  იმ ადამიანმა შემომხედა და მკითხა: "როგორ მოხდა, რომ გადარჩით, როგორ არსებობთ? როგორ მოხდა, რომ აქ ხართ?" იგი ძალზე გაკვირვებული იყო, რომ მე ფიზიკურად ვარსებობ. მაგრამ, რეალურად, ეს არის ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის ორციფრიანი მაჩვენებლით ზრდა მოახერხა. წინასწარი მონაცემებით, შარშან, დაახლოებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გამო, მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაგვასახელა ეკონომიკის სფეროში, 5-წლიანი პერიოდის მიხედვით; ხოლო „ტრანსპარესი ინტერნეიშენალმა" განაცხადა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას ისეთი პროგრესისთვის არ მიუღწევია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, როგორც ამას ჩვენ მივაღწიეთ. ეს დაფუძნებული იყო რამდენიმე წლის შეფასების შედეგებზე.

საქართველო პალერმოს მსგავსი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპაში კრიმინალის თვალსაზრისით, ახლა კი, ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების მხრივ, მეორე ადგილზეა ევროპაში ისლანდიის შემდეგ.

კრიმინალის ხარისხი ჩვენთან ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთსა და რამდენიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ საქართველოში ცვლილებები ხორციელდებოდა და ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად შეიცვალა. დააკვირდით, სად იმყოფება საქართველო ამჟამად - მან მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა რეგიონში, რადგან აქ თითქმის ყოველ კვირას ჩამოდის მინისტრთა დელეგაციები ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან.  ისინი მოდიან, რომ საქართველოს გამოცდილება გამოიყენონ და ისწავლონ რეფორმების განხორციელება, მათ შორის, აინტერესებთ როგორ განვახორციელეთ პოლიციის რეფორმა.

თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი დასაწყისში, მხოლოდ, 5 პროცენტი იყო, ახლა კი 86 პროცენტია, ანუ ის იმ ინსტიტუტიდან, რომელიც საყოველთაოდ სძულდათ, გადაიქცა ინსტიტუტად, რომელიც ძალიან უყვართ. Gallup, Eye-Ray გამოკითხვების ბოლო მონაცემებით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდნენ კვლევებს, კორუფციის დონე ქვეყანაში მხოლოდ ნახევარი - 0.4 პროცენტია.  6 წლის წინ კი, ეს მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენდა.

ჩვენ განვახორციელეთ საგადასახადო სფეროს რეფორმა, ასევე განათლების სფეროს რეფორმა, მოვიწვიეთ 10 ათასი ამერიკელი, რათა ასწავლონ ინგლისური საქართველოში და უკვე 1500 პედაგოგი ჩამოვიდა. სულ მალე მათ სხვებიც უნდა შეუერთდნენ. რას ნიშნავს ეს რეალურად? ეს არა მარტო ინგლისური ენის სწავლებას, არამედ სწავლების მეთოდის რევოლუციურ ცვლილებას და კულტურის აღქმის შეცვლას ნიშნავს. ისინი ცხოვრობენ მცირე დასახლებულ პუნქტებში, სოფლებში.  რეალობა ისაა, რომ ისინი საზოგადოების დახმარებას ცდილობენ და უმეტესად, ახალგაზრდები, იდეალისტები, თანაც  ყველანი მოხალისეები არიან.

ეს არის გზა, რომლითაც ქვეყანა მიიწევს წინ.

შევხედოთ როგორი ცათამბჯენები შენდება საქართველოში კერძო ბიზნესის  წყალობით. ჩვენ გვაქვს პატარა ქალაქი ბათუმი - შავი ზღვის სანაპიროს არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც ამჟამად უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და მეტი მშენებლობა მიმდინარეობს, ვიდრე მოსკოვში.

კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი რამ, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. რასაკვირველია, ჯერ მიზნისთვის არ მიგვიღწევია და კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვედით, ათასწლეულის გამოწვევების კორპორაცის დახმარება მივიღეთ. პირველი, რაც ჩვენ მათგან მოვითხოვეთ,  გზების მშენებლობა იყო, რადგან ინფრასტრუქტურა საშინელ, სავალალო მდგომარეობაში გვქონდა. მცირე  პროექტების განხორციელებისათვის, ეკონომიკური სესხის მიღების გზით, ჩვენ ხელშეწყობა გვჭირდებოდა და ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის დახმარება სწორედ ამას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ეს დახმარება მრავალწლიანია, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმოს ბიუჯეტი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი მფლობელობა. ეს ითვალიწინებს საკუთარი წინადადებების შემუშავებას, გვეხმარება მართვის უნარიანობის გაძლიერებაში. ხალხს შეუძლია ეს დახმარება საჭიროებისამებრ გამოიყენონ და დაძლიონ ბარიერები.

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი აპრილში სრულდება. სხვადასხვა პრიორიტეტებზე დაყრდნობით, თითქმის, 295 მილიონი ჩაიდო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის მეურნეობის პროექტებში, იმ გზების მშენობლობაში დაშორებული დასახლებული ადგილებისკენ, რასაც ძალზე დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

შემიძლია გითხრათ და ბატონმა იოჰანესმაც აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს, მას შემდეგ, რაც დახმარების პაკეტის მეორე ეტაპი  გამოცხადდა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენთან სამი ისტორიული გზა აშენდა.

პირველი გზა რუსეთის იმპერიამ მაშინ ააშენა, როდესაც პირველად დაიპყრო საქართველო და მას რუსეთის სამხედრო გზას უწოდებდნენ. თავად სახელიც მეტყველებს მის ისტორიაზე.

ეს გზა გათვლილი იყო კავკასიაში ჯარისკაცების შემოსაყვანად. ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, კავკასიის შუაგულში, სწორედ აქ დისლოცირდებოდნენ სტრატეგიულად. ამ გზამ, რომელიც ხარისხიანიც კი არ იყო, უდიდესი ზიანი, ჩაგვრა და დანაკარგი მოუტანა ჩემს ხალხს და უზარმაზარი გავლენა მოახდინა მასზე. მეზობლის მხრიდან ეს დაუშვებელი იყო. მახსოვს ამ გზაზე გერმანიის პრეზიდენტთან  ერთად გავიარე და მან აღნიშნა, „ახლა უკვე მესმის, რატომ მოდიოდნენ აქ რუსები ყოველთვის ტანკებით". ეს იყო პირველი გზა.

მეორე გზა 70-იანი წლების ბოლოს აშენდა და ის ჩრდილოეთ ოსეთს სამხრეთ ოსეთთან აკავშირებდა. ამ გზას არ ჰქონდა გადარჩენის შანსი, რადგანაც არ იყო ეკონომიკურად მომგებიანი. თუმცა მას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - თუ საქართველო კვლავაც გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, მაშინ ეს გზა მას წინაღობად ექცეოდა. ზუსტად ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარები მთაში გაყვანილი ვიწრო გვირაბით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ჩვენ ორი გზა გვყოფს - ორი გზა წყვეტს რეგიონებს ერთმანეთისგან და ცივილიზებული სამყაროსაგან. ეს გზები გვახშობს, რომ არ ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი.

თუმცა არსებობს მესამე გზაც, რომელიც ხელახლა აერთიანებს იმ რეგიონებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო  ერთმანეთს და, ამავდროულად შემცირებული, დამცირებული და განუვითარებელი ქვეყნის სხვა ნაწილებთან ერთად.

ეს ის გზაა, რომლის მშენებლობაც 2005 წელს დავიწყეთ და ახლახან დავასრულეთ. ვამაყობ, რომ ის ოფიციალურად გამოვაცხადეთ გახსნილად - დანიელ იოჰანესმა აქ მანქანით გაიარა, მე კი - ტელეკამერების თანხლებით.

ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ასობით ათასი მოქალაქის უფლებები ირღვევა. წარსულში ამ რეგიონში ჩასასვლელად 7-8 საათი იყო საჭირო და რომ არა უკიდურესი აუცილებლობა, იქ წასვლის სურვილი არც გაგიჩნდებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ იტანჯებოდა ჩვენი მოსახლეობა? ახლა კი, ორსაათიანი ძალიან სასიამოვნო მგზავრობის დროს, შენს წინ თვალწარმტაცი ლანდშაფტები იშლება. ეს ძალზე ეგზოტიკური ადგილია ტურისტების მოსაზიდად. ამის გაკეთებაში თქვენ დაგვეხმარეთ და დიდი მადლობა ამისთვის.

უნდა აღვნიშნო, რომ ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის დახმარების პაკეტით, 2008 წლის რუსეთის შემოჭრის შემდეგ, 100 მილიონი დოლარი გამოიყო. ეს გადაუდებელი დახმარება იმ დროს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უკვე დავასრულეთ ამ პაკეტის პირველი ეტაპი და ახლა მეორე იწყება. სწორედ ამიტომ ვენდობით ამ მოდელს. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო: ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია როგორც მფლობელებისათვის, ისე კლიენტისათვის, თუმცა, ვფიქრობ, იქ, სადაც ადგილობრივი მფლობელობის პრინციპები მოქმედებს, კლიენტს უფრო მეტი სარგებელი აქვს. მიმაჩნია, რომ, ზოგადად, დღესდღეობით, ყველაზე დიდი დაბრკოლება კორუფციაა, მაგრამ ეს პროგრამა საშუალებას გაძლევს გაიგო როგორ შეგიძლია პრობლემების მოგვარება კორუფციაში ჩაუბმელად. თუკი სწორად გამოიყენებ ადგილობრივ მფლობელობას,  შეგიძლია მათ თავი აარიდო. ძალიან გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ადგილობრივი მფლობელობა გულისხმობდა კორუფციული ლიდრების არსებობას - მინისტრების, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და ა.შ. ეს ჩემთვის შემაშფოთებელი იყო. 1990-იან წლებში, მახსოვს, საქართველოში იყო უცხოური დახმარების, საღარიბის დაძლევის პროგრამები, რასაც მხოლოდ 5-6 ადამიანი იღებდა. ასევე ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში - ასობით მილიონი იხარჯებოდა შეფასებაზე, ანალიზზე, ექსპერტებზე, რეალურად კი, ამ თანხას იპარავდნენ და ბანკებში ინახავდნენ. ერთი მილის სიგრძის გზაც კი არ აშენებულა.

ამ ფონზე ძალზე მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფციის დაძლევის თვალსაზრისით მოხდა. ამაზე უკვე ვისაუბრე. ჩვენ მნიშვნელოვანი დრამატული ინიციატივები განვახორციელეთ, დავიქირავეთ ინტერპოლის წარმომადგენლები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღეს მე კონგრესის წინაშე ვდგავარ და ვაანალიზებ იმას, რაც რეალურად შეიცვალა.

ყველაზე დიდი ცვლილება რაც ჩვენთან განხორციელდა, ინსტიტუტების მიმართ მიდგომაა. სტენი ჰოიერთან ერთად, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია, ვიხსენებდით - ინსტიტუტები შეიცვალა. დღევანდელი გამოკითხვების მიხედვით, ეს ინსტიტუტები უფრო პოპულარულია საზოგადოებაში, ვიდრე თავად მფლობელებში, პირადად ჩემთვისაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ, რასაც ლონდონის ჟურნალმა „ეკონომისტმა" ბოლო პერიოდში მენატლური რევოლუცია უწოდა.

როდესაც გავლენის შესახებ ვლაპარაკობთ საქართველოსა და ჩვენს რეგიონში, ამ ფრაზით ჩვენ ზუსტად გადმოვცემთ მის შინაარსს. ძალიან ხშირად, სხვადასხვა სახის რეპორტაჟებს ვაწყდებით პრესაში.

ზოგიერთებს სურთ, რომ უარყოფითად გააშუქონ რეალური მოვლენები. ჩვენს შემთხვევაში, უარყოფითი გაშუქება ხდება ერთი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ბევრი თავისუფალი ფული აქვს დასახარჯი მსგავს უარყოფით ფაქტებზე. თუმცა რეალობა ისაა, რომ თუ ამ რეგიონს გადახედავთ, კიევის, კიშინეუს, მინსკის ქუჩებში ადამიანები ლაპარაკობენ ჩვენზე. მათ აინტერესებთ: მართალია, რომ გზაზე ავტოინსპექცია აღარ გაჩერებთ? მართალია, რომ მართვის მოწმობას სამ წუთში იღებთ? მართალია, რომ გადასახადებს ელექტრონულად იხდით, აღარავინ გაყენებთ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ირღვევა კანონი? მართალია, რომ სკოლაში ყველა მოსწავლემ მთავრობისგან ლეპტოპი მიიღო და ყველა სკოლაში ინგლისურს და რამდენიმე სხვა საგანს ამერიკელი ასწავლის? მართალია, რომ ყველაზე კარგი გზები გაქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის (და, ცხადია, ეს თქვენი დახმარებით განხორციელდა)? მართალია, რომ ისეთ ქალაქებს აშენებთ, რომლებიც სინგაპურის, დუბაის, ჰონკონგის მსგავსია? მართალია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი, თუმცა პროცესი დაწყებულია და ეს რეფორმების დამსახურებაა.

MCC-ს ვხედავთ ჩვენს დიდ პარტნიორად რეფორმების განხორციელების საქმეში. გზები, რომლებსაც თქვენ აშენებთ, სულ უფრო და უფრო გრძელი ხდება და გრძელდება ჩვენი რეფორმირების პროცესიც. ჯერ ბოლომდე არ გავსულვართ და ამიტომ ამას დიდი მადლიერებით ვიღებ. ისიც მესმის, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ეს დახმარების ახალი პაკეტია და საქართველო ერთ-ერთია 60 ადრე არსებული რეციპიენტიდან, ვინც ეს უნდა მიიღოს.

ჩვენ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, გვყავს ახალგაზრდა მინისტრები, ახალგაზრდა ჟურნალისტები - ჩვენთან ყველა ახალგაზრდაა და მთავარი ის არის, რომ მერიტოკრატიის დამკვიდრებას ვცდილობთ. კითხულობენ, რატომ არის ამერიკა ასე წარმატებული - სწორედ იმიტომ, რომ ის დაფუძნებულია მერიტოკრატიაზე.

მე ჩამოვედი ამ ქვეყანაში, როგორც სტუდენტი იურისტი. მე და ჩემი ცოლი ასტორია კვინსში სარდაფში ვცხოვრობდით და თავიდან საჭმელსაც ძლივს ვყიდულობდით. შემდეგ  შესანიშნავ ბინაში გადავედით ცენტრალური პარკის დასავლეთით, ვმუშაობდით წამყვან იურიდიულ ფირმებში, მომავლის შესანიშნავი პერსპექტივებით და მაშინ შევიგრძენი  ამერიკული ოცნების გემო. არავინ მეკითხებოდა ჩემს წარმომავლობას, ვინ იყვნენ ჩემი ბაბუები და მშობლები.

ამ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, მაგრამ ეს ასე არსად არ არის და ეს ასე ნამდვილად არ იყო ჩემს ქვეყანაში.

მენტალური რევოლუციის უდიდესი ნაწილია მერიტოკრატიაზე გადასვლა. ძნელია, მაგრამ როდესაც ამას მივაღწევთ, ის აუცილებლად დაფასდება.

პრეზიდენტი ობამას გადაწყვეტილება დანიელ იოჰანესის ამ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ჩემი ქვეყნისთვის, უჩვენებს, თუ რამდენად აფასებს ის არა მარტო ამერიკის მომავალს ან ამერიკის მიერ უცხო ქვეყნების დახმარებას, არამედ მერიტოკრატიისა და ამერიკული ოცნების იდეებს.

იმიტომ, რომ, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ბატონი იოჰანესი არის ამერიკული ოცნების განხორციელების სიმბოლო.

ის ემიგრანტია ეთიოპიიდან, ამერიკაში ჩამოვიდა თინეიჯერის ასაკში, მას მუშაობა უწევდა, რათა სკოლაში ესწავლა. იგი კლერკადაც მუშაობდა და შესყიდვების სფეროშიც იყო. შემდეგ ბანკებს ხელმძღვანელობდა და ამ დარგში მნიშვნელოვანი მოთამაშეც გახდა.

დენიელ იოჰანესი ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რით არის განსაკუთრებული ეს ქვეყანა.

პრეზიდენტმა ობამამ იგი დაასახელა მილენიუმ ჩელენჯის აღმასრულებელ დირექტორად. აფრიკაში მუშაობისას მან ისწავლა ის, რომ სიღარიბე ანადგურებს ადამიანს, რადგან ხდება მისი დეჰუმანიზაცია. ამან დიდი გავლენა მოახდინა მის სამსახურზე. მისი დაუღალავი ძალისხმევა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ მსოფლიოს ქვეყნებს სწრაფი და ეფექტური ეკონომიური განვითარება მოუტანოს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ცოტა ხნის წინათ მას საქართველოში შევხვედროდი. ახლა, როდესაც გამოცხადდა, რომ საქართველო მეორედ მიიღებს დახმარების პაკეტს, ჩვენ  გვსურს იგი კვლავ ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ბატონი იოჰანესი ნათლად დაინახავს ჩვენს მიღწევებს. ეს ნამდვილი ნიჭია.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო დენიელ, უდიდესი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რადგან თქვენ იცით, რომ ჩვენ მებრძოლი ერი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამდენი დევნილი გყავს, სიღარიბის მაჩვენებელმა, დაახლოებით, სამოცი პროცენტით დაიწია, ამ მხრივ, ჩვენ კვლავ წარმოუდგენელი მაჩვენებელი გვაქვს. თუმცა ჩვენ გვაქვს დაუცველობის პრობლემა. ჩვენზე ძალიან მოქმედებს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენ გვამოძრავებს - ის, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც სჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ; ის, ვინც მზად არის მხარში ამოგვიდგეს და მორალური დახმარება გაგვიწიოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი - ფინანსური. თქვენ ასობით მილიონით დაგვეხმარეთ და ეს პროცესი, შესაძლოა, კვლავაც გაგრძელდეს, მაგრამ ის, რაც თქვენ ნახეთ და დააფასეთ საქართველოში, ძალზე მნიშვნელოვანია. ისეთი ადამიანები როგორიც დენიელია, მხოლოდ ერთი სიტყვას იმსახურებენ  - მადლობას.

მადლობას გეუბნებით, ბატონო იოჰანეს. ჩემთვის დიდი პატივია ტრიბუნა დავუთმო „მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ დენიელ იოჰანესს".

ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ იოჰანესი:  

"მოგესალმებით. მოხარული ვარ ვიმყოფებოდე „მილენიუმ  ჩელენჯ კორპორეიშენის" ამდენ მეგობარს შორის. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დიდ მადლობას მოგახსენებთ „მილენიუმ ჩელენჯის" მხარდაჭერისთვის.

აქ სიტყვით გამოდიოდა საქართველოს პრეზიდენტი. გასული წლის ოქტომბერში მე საქართველოში ვიმყოფებოდი და იქ ვნახე ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში გაკეთდა. მსურს მოგახსენოთ, რომ ყველაფერი   მართლაც ძალზე ჭთამბეჭდავი იყო. ასევე მინდა კომენტარი გავაკეთო პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. საქართველოში ყოფნისას  მას ვუთხარი კიდეც, რომ მისი ძალისხმევით საქართველო გახდება ძალიან წარმატებული ქვეყანა. საბჭომ გაითვალისწინა ყველაფერი, რაც გაკეთდა და გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება დაემტკიცებინა დახმარების მეორე პაკეტი. ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან და მისი ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.

თუკი დავაკვირდებით შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, ის ბევრად აღემატება სხვა ქვეყნების მაჩვენებელს და, სავარაუდოდ, ეს არის ბოლო დახმარების პაკეტი, რომელსაც საქართველო მილენიუმ ჩალენჯისაგან მიიღებს, რადგან მე გპირდებით, რომ საქართველო ხუთ წელიწადში შეძლებს საკუთარი თავის შენახვას და კერძო სექტორის ინვესტიციები ჩაანაცვლებს ჩვენს დახმარებას. საქართველოს პრეზიდენტმა არნახული პროგრესი მოახდინა საქართველოში და ჩვენ განვაგრძობთ მასთან მუშაობას. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენი ყოფნა საქართველოში, მართლაც შესანიშნავი იყო".

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვან წევრს, ასევე ამერიკის კონგრესის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) წევრს კრის სმითს. პირისპირ საუბრისა მათ ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. კონგრესმენმა შეხვედრის დროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან სტენი ჰოიერთანაც გამართა შეხვედრა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი გამართულ ცერემონიას დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)