Google+

სიახლეები

17.12.2010
მიხეილ სააკაშვილი: "რიჩარდ ჰოლბრუკმა გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თბილისის გადარჩენაში"

მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად დიდი მეგობარი დაკარგა საქართველომ რიჩარდ ჰოლბრუკის სახით. 2006 წელს მან იწინსაწარმეტყველა საქართველო-რუსეთის ომი და ამის შესახებ დასავლეთს ხმამაღლა აფრთხილებდა. მაშინ მას თანამდებობა არ ეკავა, თუმცა კი, XX საუკუნის და XXI საუკუნის დასაწყისის ამერიკული დიპლომატიის გიგანტი იყო. კარგად მახსოვს 2007 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენც არ გვქონდა ინფორმაცია, რიჩარდ ჰოლბრუკი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ თბილისში ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზატორთა ერთი ნაწილის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგა. მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ ჩვენც არ გვქონდა. დღეს უფრო მეტად გაირკვა, რომ მინსკში იმართებოდა შეხვედრები, რა კონტაქტები ჰქონდა პატარკაციშვილს. ჰოლბრუკი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე ალაპარაკდა. 2008 წელს, როდესაც რუსეთს პროპაგანდისტულად, თითქოს, ყველაფერი მომზადებული ჰქონდა (გამზადებული სქემის მიხედვით, საქართველო რუსეთს თავს დაესხა და რუსეთი იცავდა თავს და საკუთარ მოქალაქეებს), როდესაც ხალხი ოლიმპიადაზე იყო წასული და ჩვენთვის არავის არ ეცალა, რიჩარდ ჰოლბრუკი ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა საქართველოში. არც კი ვიცი, როგორ და რომელი რეისით მოახერხა მან საქართველოში შემოსვლა. მისთვის არც ფული მიუცია ვინმეს და არც ჩვენ გვითხოვია ეს. მაშინ არც კი გაგვხსენებია, რომ გვეთხოვა. ეს ძალიან დიდი სახელი იყო მსოფლიო პრესისთვის, მსოფლიო დიპლომატიისთვის, განსაკუთრებით, ამერიკის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი მემარცხენე ელემენტისთვის, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვინაიდან ჩვენ ვმეგობრობდით ჯორჯ ბუშთან, ეს იყო საბაბი, საქართველოსთვის ისე არ დაეჭირათ მხარი. არადა, რიჩარდ ჰოლბრუკი დემოკრატიული პარტიის ყველაზე ბრწინვალე ვარსკვლავი იყო საგარეო პოლიტიკის სფეროში. ამიტომ,  რესპუბლიკური ადმინისტრაციის მხარდაჭერასთან ერთად, მისი ჩამოსვლა იმ პერიოდში, შეიძლება, კიდევ უფრო გადამწყვეტი იყო, ვიდრე თავად ადმინისტრაციის მხარდაჭერა. იგი ჩამოვიდა, მახსოვს, დასახლდა სასტუმრო "კოპალაში", რომელიც დაბომბვების მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა, პირადად უკავშირდებოდა ყველა ტელევიზიას და ერთვებოდა მათ. ამ კაცმა გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თბილისის გადარჩენაში. ბოლო კვირების განმავლობაში მასთან მუდმივი კავშირი მქონდა. წინა დღეებში ის რამდენჯერმე მელაპარაკა და აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საქმეებში. მართლაც, ჩვენთვის ასეთი ადამიანის დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ მისი არსებობა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამერიკა არის ქვეყანა, სადაც მუდმივად ჩნდებიან ისეთი იდეალისტები, რომლებიც იმის გამო, რომ სწამთ თავისი იდეალებისა და იმ საქმის, რომელსაც აკეთებენ, მუდმივად არიან მზად იბრძოლონ უცხო ქვეყნების თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. რიჩარდ ჰოლბრუკი არც ჩემი ბიძაშვილი იყო და არც თანაკურსელი - ის საქართველოს თავისუფლების განმტკიცების, გადარჩენისა და გაძლიერებას საქმეში გავიცანი. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს მან მითხრა: „მთავარი რაც თქვენ გააკეთეთ იყო ის, რომ გადაარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა". 2008 წელს, ომის შემდეგ (სამწუხაროდ, ეს ომი დამთავრებული ჯერაც არ არის), მან ისიც მითხრა: „მაგრამ თუ ორი წლის თავზე მოიკითხავენ და იტყვიან, რომ საქართველო გადარჩა ეკონომიკურად, ე.ი. თქვენი სახელმწიფოებრიობა გადარჩა და ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ". ჩემი გამოცდილებით, როგორც წესი, მას არც ერთი პროგნოზი არ შეშლია.

ამ ეტაპზე, მთავარია, სახელმწიოებრიობის გადარჩენა და შემდეგ ამას ტერიტორიების დაბრუნება მოჰყვება. ეს კარგად იცოდა რიჩარდ ჰოლბრუკმა და ეს კარგად იცის ჩვენმა მტერმაც.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)