Google+

სიახლეები

17.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომა სათაფლიის ნაკრძალში გამართა

მოგესალმებით ყველას აქ, სათაფლიის ნაკრძალში მთავრობის საგანგებოდ მოწყობილ სხდომაზე. აქედან ვაპირებთ, რომ პრომეთეს მღვიმე დავათვალიეროთ, რადგან იქ ბევრად უფრო დიდი და გაშლილი ადგილი და ბევრად მეტი პოტენციალია ასეთი  ტურიზმის მოსაწყობად.

ამას წინათ, მე, გოგა ხაჩიძე და ვერა ქობალია მექსიკაში ვიყავით და იქ ვნახეთ, რომ ქვეყანას, ასმილიონიანი მოსახლეობით, ერთი მღვიმე აქვს, რომელიც ჰგავს სათაფლიისა და  და ყუმისთავის მღვიმეებს და იმ ქვეყანაში, რომელიც ათეულობით მილიონ ტურისტს იღებს, ეს არის დიდი, მთავარი ტურისტული ცენტრი.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმიტომ, რომ გვინდა ჭრელ ფერებში დავინახოთ რეალობა, ან გამოქვაბულში დავემალოთ მას, არამედ, ვფიქრობ, არის სერიოზული საკითხები, რომლებზეც საჭიროა საუბარი.

მანამდე მინდა რამდენიმე განცხადება გავაკეთო.

პირველი, იცით, რომ მესტიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვეძებდით დაკარგულ მთასვლელს და, სამწუხაროდ, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. მის ძებნაში მონაწილეობდა საჩხერის ბატალიონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური. მესტიაში დღესდღეობით რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ჩადის. ხუთ წელიწადში მესტიაში, ადისში, ჭუბერში, უშგულში, ზემო მთებზე, მულაყში და სხვაგან მილიონი ადამიანი ჩავა. თქვენ იცით, რომ ზემო და ქვედა ქედები მთელი გაყოლებაზე, თითქმის, 200 კილომეტრია, დახლოებით, იმდენივე, რამდენიც აფხაზეთია სიგრძეში და ეს იქნება ერთი მთლიანი კომპლექსი. ამის გათვალისწინებით, სამაშველო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერება გვჭირდება. იქ აუცილებლად მუდმივად უნდა იყოს ბაზირებული ერთი ვერტმფრენი, რადგან როდესაც ხეობა იკეტება, ვერტმფრენი იქ ვეღარ შედის. ეს კი, სამაშველო სამუშაოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა ვიყიდოთ გაწვრთნილი ძაღლები. შვეიცარიას და რამდენიმე სხვა ქვეყანას ამის სერიოზული გამოცდილება აქვს... ერთი სიტყვით, ყოველგვარი ტრაგედიის შესაძლებლობა მინიმუმამდე  უნდა დავიყვანოთ.

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ტრაგიკულ ძებნაში მონაწილეობდა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავაკეთოთ დასკვნები.

მეორე. ამის შესახებ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მაგრამ მსურს კიდევ ერთელ ხაზგასმით აღვნიშნო. იცით, რომ გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი და მე მინდა გვესმოდეს, რამდენად დიდი მეგობარი დაკარგა საქართველომ. 2006 წელს მან იწინსაწარმეტყველა საქართველო-რუსეთის ომი და ამის შესახებ დასავლეთს ხმამაღლა აფრთხილებდა. მაშინ მას თანამდებობა არ ეკავა, თუმცა კი, XX საუკუნის და XXI საუკუნის დასაწყისის ამერიკული დიპლომატიის გიგანტი იყო. კარგად მახსოვს 2007 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენც არ გვქონდა ინფორმაცია, რიჩარდ ჰოლბრუკი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ თბილისში ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზატორთა ერთი ნაწილის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგა. მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ ჩვენც არ გვქონდა. დღეს უფრო მეტად გაირკვა, რომ მინსკში იმართებოდა შეხვედრები, რა კონტაქტები ჰქონდა პატარკაციშვილს. ჰოლბრუკი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე ალაპარაკდა. 2008 წელს, როდესაც რუსეთს პროპაგანდისტულად, თითქოს, ყველაფერი მომზადებული ჰქონდა (გამზადებული სქემის მიხედვით, საქართველო რუსეთს თავს დაესხა და რუსეთი იცავდა თავს და საკუთარ მოქალაქეებს), როდესაც ხალხი ოლიმპიადაზე იყო წასული და ჩვენთვის არავის არ ეცალა, რიჩარდ ჰოლბრუკი ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა საქართველოში. არც კი ვიცი, როგორ და რომელი რეისით მოახერხა მან საქართველოში შემოსვლა. მისთვის არც ფული მიუცია ვინმეს და არც ჩვენ გვითხოვია ეს. მაშინ არც კი გაგვხსენებია, რომ გვეთხოვა. ეს ძალიან დიდი სახელი იყო მსოფლიო პრესისთვის, მსოფლიო დიპლომატიისთვის, განსაკუთრებით, ამერიკის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი მემარცხენე ელემენტისთვის, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვინაიდან ჩვენ ვმეგობრობდით ჯორჯ ბუშთან, ეს იყო საბაბი, საქართველოსთვის ისე არ დაეჭირათ მხარი. არადა, რიჩარდ ჰოლბრუკი დემოკრატიული პარტიის ყველაზე ბრწინვალე ვარსკვლავი იყო საგარეო პოლიტიკის სფეროში. ამიტომ,  რესპუბლიკური ადმინისტრაციის მხარდაჭერასთან ერთად, მისი ჩამოსვლა იმ პერიოდში, შეიძლება, კიდევ უფრო გადამწყვეტი იყო, ვიდრე თავად ადმინისტრაციის მხარდაჭერა. იგი ჩამოვიდა, მახსოვს, დასახლდა სასტუმრო "კოპალაში", რომელიც დაბომბვების მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა, პირადად უკავშირდებოდა ყველა ტელევიზიას და ერთვებოდა მათ. ამ კაცმა გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თბილისის გადარჩენაში. ბოლო კვირების განმავლობაში მასთან მუდმივი კავშირი მქონდა. წინა დღეებში ის რამდენჯერმე მელაპარაკა და აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საქმეებში. მართლაც, ჩვენთვის ასეთი ადამიანის დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ მისი არსებობა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამერიკა არის ქვეყანა, სადაც მუდმივად ჩნდებიან ისეთი იდეალისტები, რომლებიც იმის გამო, რომ სწამთ თავისი იდეალებისა და იმ საქმის, რომელსაც აკეთებენ, მუდმივად არიან მზად იბრძოლონ უცხო ქვეყნების თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. რიჩარდ ჰოლბრუკი არც ჩემი ბიძაშვილი იყო და არც თანაკურსელი - ის საქართველოს თავისუფლების განმტკიცების, გადარჩენისა და გაძლიერებას საქმეში გავიცანი. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს მან მითხრა: „მთავარი რაც თქვენ გააკეთეთ იყო ის, რომ გადაარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა". 2008 წელს, ომის შემდეგ (სამწუხაროდ, ეს ომი დამთავრებული ჯერაც არ არის), მან ისიც მითხრა: „მაგრამ თუ ორი წლის თავზე მოიკითხავენ და იტყვიან, რომ საქართველო გადარჩა ეკონომიკურად, ე.ი. თქვენი სახელმწიფოებრიობა გადარჩა და ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ". ჩემი გამოცდილებით, როგორც წესი, მას არც ერთი პროგნოზი არ შეშლია.

ამ ეტაპზე, მთავარია, სახელმწიოებრიობის გადარჩენა და შემდეგ ამას ტერიტორიების დაბრუნება მოჰყვება. ეს კარგად იცოდა რიჩარდ ჰოლბრუკმა და ეს კარგად იცის ჩვენმა მტერმაც.

ამიტომ, დავუბრუნდეთ ეკონომიკას. ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნავთობს არ მოიპოვებენ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს [სამი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5 პროცენტია].

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მინდა, რომ ეიფორიას მივეცეთ. ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის არა ეკონომიკის ზრდა, რომელიც უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ ინფლაცია. ჩვენს ხალხს ყოველდღიურად "კბენს" ფასები.  თუ ვიღაც პოპულისტურად გამოდის და ამბობს, რომ მთავრობამ გააძვირა ბენზინი და სხვა რამ, ამით ჩვენს ხალხს შეცდომაში ვერ შეიყვანენ. მთავრობას ბენზინი არ აქვს, თორემ უფასოდ დავარიგებდით. მსოფლიო ბაზარზე ძალიან ცუდი პროცესები მიმდინარეობს - ნავთობი ძვირდება, წელს კვების პროდუქტები გაძვირდა, მათ შორის საბაზისო კვების პროდუქტები: წიწიბურა,შაქარი, ხორბალი. ჯერ კიდევ გაურკვეველია მომავალი წლის მოსავლის ბედი. მე არ მინდა ჩვენი ხალხი მოვატყუოთ. ინფლაციური პროცესები გაძლიერდება. მაქსიმუმი, რაც პატარა ქვეყნის მთავრობას შეზღუდული ბერკეტებით შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ რაღაცნაირად შევიმუშავოთ ღონისძიებების პროგრამა, რომელითაც ჩვენს ხალხს ინფლაციურ დარტყმას შევუმსუბუქებთ. ამისათვის რესურსები ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალებით უნდა გამოვნახოთ, რომელიც საკმაოდ მაღალია - 6 პროცენტზე მეტი. რესურსები კი უნდა გადავანაწილოთ განსაკუთრებით გაჭირვებულ ფენებზე, მაგრამ ილუზია ნუ გვექნება - ბენზინი, შაქარი, ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი, სხვა პროდუქტები ძვირდება როგორც საქართველოსთვის, ისე ბრაზილიისთვის, ამერიკისთვის, ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, აზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, ანუ ყველა ქვეყნისთვის. თუმცა იაპონიისა და ამერიკისგან განსხვავებით, სადაც ეს არ არის მთავარი სამომხმარებლო კალათი, იქ, სადაც ხალხს უდგას გადარჩენის პრობლემა, ე.ი. ჩვენი ხალხისთვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა. ამიტომ ჩვენ ჩვენს ხალხს ოქროს ფრთებით კი არ უნდა დავუწეროთ: ძალიან კარგად ვიქნებით - დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის პირობებში ძალიან კარგად ძალიან სწრაფად ვერავინ ვერ იქნება. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ დარტყმა და ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. მთავრობა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. დღეს პარლამეტი იღებს ბიუჯეტს და ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოვნახოთ გარკვეული საშუალებები, რათა იმ დარტყმის შემცირება შევძლოთ, რომელიც მსოფლიო ინფლაციურ ტალღასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ სასწაულებს ვერ მოვახდენთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფასების ზრდა ყველა ფენისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სოფლად უფრო მეტი პროდუქციის წარმოება ნიშნავს იმას, რომ იქ ხალხი მეტ შემოსავალს მიიღებს და ეს კარგია, მაგრამ ქალაქში სადაც განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე, უნდა შევძლოთ გარკვეული სახის ტარიფების დაწესება, რაიმე პროგრამების შემუშავება. მართალია, ტარიფებს ვერ შევამცირებთ, რადგან ეს უკვე კომერციული ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, შესაძლებელია, ვიფიქროთ რაიმე სახის კომპენსაციასა და სოციალურად დაუცველი ფენებისთვის მიზანმიმართულ დახმარებაზე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი.

თითოეულ  სამინისტროში საჭიროა მუშაობა და ეფექტიანობის ამაღლება. თქვენ იცით, რომ ბიუჯეტში გავწერეთ ბიუროკრატიის შემდგომი შემცირება. მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები და აპარატი მცირდება. მივესალმების იმას, რომ თბილისის მერიამ სერიოზულად შეამცირა აპარატი, ასევე მცირდება სახელმწიფო კანცელარიის, მინისტრების აპარატები. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო მინისტრები, რომლებსაც რაოდენობრივად, რატომღაც, სამინისტროების მსგავსი აპარატები აქვს, რაც სრულებით მიუღებელია. ამ „უპორთველო" სამინისტროებში 40-50 ადამიანი მუშაობს. ბიუროკრატიას გაზრდის თვისება აქვს, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. დააწესეთ ზედა ზღვარი - სრულიად გაუგებარია, რატომ არის „უპორთველო" სამინისტროებში ამხელა აპარატები. ყოველივე ეს ხალხის ხარჯზე ხდება. არ მინდა გვყავდეს ბევრი დაბალხელფასიანი მუშაკი - უნდა გვყავდეს ცოტა, კვალიფიციური და მაღალხელფასიანი კადრები. ბევრი - კერძო სექტორში უნდა იყოს. სამინისტროებში მაქსიმალურად შემცირდა ხალხი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ყოველ წელს. ამ მხრივ, თქვენ თავად ქმნით პრობლემას - თავად ზრდით შტატებს და შემდეგ გიწევთ შემცირება. წინასწარ გაფრთხილებთ, აიყვანეთ მხოლოდ მაღალკვალიფიციური კადრები და მხოლოდ არსებულ თანამდებობებზე. ის, რომ ზოგიერთს ხელშეკრულებით ჰყავდა ას-ასი ადამიანი, ზოგს კი, ნათესავები და მეგობრები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

საქართველოში კორუფცია, თითქმის, ნულზე ჩამოვიდა და კორუფციასთან ბრძოლა კვლავაც გაგრძელდება.

იცით, რომ დღეს სამწუხარო ფაქტი მოხდა - კორუფციის ბრალდებით, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააპატიმრეს. რამდენადაც ვიცი, ამის თაობაზე ეჭვი იყო-კიდეც. იმის მიუხედავად, რომ გოგა ხაჩიძე ძალიან გვიყვარს და რაც აქ ხდება სწორედ მისი დამსახურებაა, მინდა მას პირდაპირ ვუთხრა, შესაძლოა, მას ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მისი მეგობარი ამ საქმეში დამნაშავე, მაგრამ სატყეო დეპარტამენტში რომ სრული განუკითხაობაა, ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება. ის, რომ  სამას კაციან სამსახურში 110 ადამიანს დააპატიმრებენ, კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ყოველი მესამე ადამიანი ამ სამსახურში დაპატიმრებულია და მინდა ვთქვა, რომ კიდევ ასია დასაჭერი. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ საქმიდან ასე ჩანს. საქართველოში ყველამ იცის, რომ სატყეო დეპარტამენტი ის ადგილია, სადაც წესრიგი ვერაფრით ვერ დავამყარეთ. წესრიგი დავამყარეთ პოლიციაში, ასევე საბაჟოზე - მნიშვნელოვანი გარღვევაა გეზ-ი. ერთადერთი ადგილი, სადაც ქრონიკულად ვერ ვამყარებთ წესრიგს, არის ტყე. როდესაც ლაპარაკია 30-40-100 ლარიან ქრთამზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კორუფციის დონე დაბალია, არამედ იმას, რომ აქ კორუფცია სისტემურია და მასში ყველაა ჩართული. პირადად მე, ბევრი ინფორმაცია მომივიდა ამ კონკრეტულ ადამიანზე. მას ბევრჯერ უთქვამს: ტყეში არ შემოგიშვებ, თუ ჩემს ნათესავს საკუთარ ფირმას არ გააკეთებინებო და ა.შ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და იმის მიუხედავად, რომ პრესისა და მედიის ზოგიერთი საშუალებებით ბევრი ტყუილი ვრცელდება, ხალხმა სიმართლე ყოველგვარი ტელევიზიისა და გაზეთის გარეშეც იცის. ამიტომ, მინდა, რომ ამ სამინისტროს რეორგანიზაცია მოხდეს. სამინისტროში აშკარად არის პრობლემები, განსაკუთრებით კი -სატყეო დეპარტამენტში. კარგი დაწესებულებაა, მაგალითად, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი და ასევე სხვა სამსახურები. ამ სამინისტროში პირადად ვიყავი და ვნახე, რომ ძალიან ბევრი კარგი თანამშრომელი მუშაობს, მაგრამ ასევე არის სრულიად უიმედო სფეროებიც. გთხოვთ, წარმომიდგინოთ სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმა, რადგან რამდენიმე სხვა სამინისტროს სფეროების გადაფარვა ხდება. ტყე უნდა ჩამოყალიბდეს მომგებიან ბიზნესად, მაგრამ კარაგად კონტროლირებად ბიზნესად. უკონტროლობა სისტუსტისა და ჭკუასუსტობის ნიშანია. ეს უნდა იყოს ბიზნესი, რომელიც რეალურად არჩენს ქვეყანას, მეტყევეებს და მუშაობს ხალხისთვის. ბევრჯერ ვყოფილვარ შვედეთში და თვითმფრინავიდანაც ჩანს როგორ მუშაობს სატყეო დეპარტამენტი - ტყე ზოგან გაჩეხილია, ზოგან ახალია და ზოგან ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი. ამას სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს და არ დაიჯეროთ, რომ სხვაგვარად შესაძლებელია. მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ რეგულირდებოდა არაფერი, საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში კი, ყველაფერი მკაცრად რეგულირდება და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა პიდაპირ ვთქვა, რომ თქვენ ეს სფერო ჩააფლავეთ. ამ სამინისტროშიყველაფერი უნდა შეიცვალოს. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსშია, მაქსიმუმ, წლის დამლევამდე დასხედით ყველა ერთად და წარმოადგინეთ იმის გეგმა, როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა. ბევრს წასვლა მოუწევს, ფუნქციები გადანაწილდება და საერთოდ, ბევრი საკითხი უნდა დაისვას სტრუქტურული თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, გოგა ხაჩიძის ჩათვლით, ვინც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ არის გადასაწყვეტი საკითხებიც.  

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქუთაისში ვაშენებთ ახალ კანცელარიას. როდესაც ვთქვი, რომ ქუთაისში შემოპარვას ვაპირებთ, ზოგიერთმა, ვისაც არ სურს ჩვენი ნათქვამის სწორად გაგება, თქვა, რომ თბილისიდან იპარებიანო. მინდა მათ იმედები გავუცრუო, თბილისიდან საქართველოს მთავრობა არც გაიპარება და არც წავა. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ფუნქციონირებას თბილისში გააგრძელებს, ოღონდ ქუთაისშიც „შემოვიპარებით", რადგან საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ყველგან. მათ ძალიან უნდათ, რომ თბილისიდან მოგვიშორონ. რა თქმა უნდა, თბილისის ფუნქციას არც ერთი მხრივ არ დავასუსტებთ, მაგრამ, ამავე დროს, ვიდრე ქუთაისში კანცელარია არ აშენდება, შეგვიძლია მთავრობის სხდომები ხანდახან აქ, სათაფლიის ან პრომეთეს მღვიმის რომელიმე ფერად დარბაზში გავმართოთ. 

დიდი მადლობა.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)