განახლებული ბათუმი საქართველოს პრეზიდენტმა პლასიდო დომინგოს დაათვალიერებინა
განახლებული ბათუმი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლეგენდარულ ესპანელ ტენორს პლასიდო დომინგოს დაათვალიერებინა. მიხეილ სააკაშვილმა მას ბათუმის ოპერის შენობაც აჩვენა, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია. ცნობილმა ტენორმა ბათუმის ოპერის ახალი შენობის აკუსტიკა საკუთარი ხმითაც შეამოწმა.
მანამდე კი მაესტრო მიხეილ სააკაშვილს საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრებოდა. პრეზიდენტმა ის წლებიც გაიხსენა, როდესაც მსოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავის სანახავად ნიუ-იორკში ბილეთების რიგში უწევდა დგომა.
"სანდრას ის პერიოდი გავახსენე, როდესაც ნიუ იორკში ვცხოვრობდით. ჩვენ ცენტრალური პარკის დასავლეთ მხარეს გვქოდა ბინა. ყოველ შაბათს დილის ხუთ საათზე ვიღვიძებდით, გავდიოდით მთელ გზას მეტროპოლიტენამდე, ვეწერებოდით რიგში (სალარო დილის 09:00 საათზე იღებოდა) და ამ შესანიშნავ წარმოდგენებზე დასასწრებად, მთელი კვირის ბილეთების შეძენას ვახერხებდით. ერთხელ, თქვენთან ავტოგრაფის ასაღებადაც მოვედით. თქვენ ისეთი მომთმენი იყავით, მთელი საათიც კი დახარჯეთ იმაში, რომ ყველა მსურველისთვის ხელი მოგეწერათ. ჩვენთან ერთად ოტელოს პრემიერაზე სანდრას დედაც იმყოფებოდა. მას თქვენი უამრავი საოცარი ფოტო აქვს." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მაესტროსთან საუბრისას.
"ვერ წარმოიდგენთ როგორი აღფრთოვანებული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ, როდესაც პირველად ვიმღერე პაატა ბურჭულაძესთან ერთად, მას მაშინ ვუთხარი: როცა პირველად ჩამოვალ შენს ქვეყანაში, იქ უნდა დამხვდე. ასევე ვუთხარი ყველა დანარჩენს და, პრაქტიკულად, ყველა ქართველი მომღერალი, ვისთანაც მე მიმუშავია, აქ იმყოფება. ის, რასაც ვხედავ, ტურიზმისთვის იდეალური ადგილია", - აღნიშნა პლასიდო დომინგომ.
ოპერის დათვალიერებამდე, პრეზიდენტი და პირველი ლედი მსოფლიო ტენორს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვდნენ.
მიხეილ სააკაშვილისა და პლასიდო დომინგოს შეხვედრას გიგანტური "ალისა და ნინოს" ავტორი, მოქანდაკე თამარ კვესიტაძეც ესწრებოდა. ესპანელ ტენორზე მისმა ნამუშევარმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ქანდაკების ავტორის გაცნობა თავად ისურვა.
"მე ახლა მინდა გაგაცნოთ ჩვენი მოქანდაკე, გნახეთ როგორ ათვალიერებდით მის ქანდაკებას. თავდაპირველად, ქანდაკება ძალიან მცირე ზომის იყო და შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ დიდი გაგვეკეთებინა", - განაცხადა პრეზიდენტმა თამარ კვესიტაძის წარდგენისას.
"თქვენ საოცარი ქანდაკება შექმენით, სიყვარულის და სიმშვიდის სიმბოლო", - აღნიშნა, თავის მხრივ, მაესტრომ.
ქვეყნის პირველ პირთან ერთად პლასიდო დომინგოს დღევანდელი გასეირნება, ბათუმის პიაცაზე გამართული კონცერტით დასრულდა.