Google+

სიახლეები

23.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაზე,  სამშვიდობო ინიციატივასა  და რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა გატარებულ  რეფორმებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა ,რომელიც ქვეყანაში განხორციელდა.  კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა ევროპარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს.

„ჩვენ ველით ევროპარლამენტთან დაახლოებას. რა თქმა უნდა, ვიცით ასევე, რომ თქვენი დახმარება დაგვჭირდება იმ რეფორმებში, რომლებზეც ვმუშაობთ. რაც შეეხება რუს ლიდერებს, ჩვენ მათგან ველით გაიგონ, რომ საქართველო არსებობს, ქვეყანას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს. ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მოქნილი, გონებაგახსნილი და იმ კომპრომისისთვის განწყობილი, რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ძირითად პრინციპებზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზეც ისაუბრა 

"ამ ინიციატივის პრეზენტაცია იმის გათვალისწინებით გავაკეთეთ, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. აშკარაა, რომ ის უნდა აღდგეს. აშკარაა ისიც, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ლეგალური სტატუსი იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო კანონდებლობის თანახმად ოკუპირებულია. ამის დადასტურება გვსურს არა იმიტომ, რომ მორალურად დავკმაყოფილდეთ, არამედ იმისათვის, რომ შევქმნათ სათანადო სიტუაცია მოლაპარაკების განახლებისა და პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად", - განაცხადა მან.

„ვიდრე ომი დაიწყებოდა, პრეზიდენტ მედვედევს წერილი გავუგზავნე, რადგან პროვოკაციები იზრდებოდა. რამდენჯერმე დარეკვაც ვცადე, მაგრამ პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმა პუტინმა მიპასუხა. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ ომი აგვეცილებინა. მათ ვუთხარი, რომ აფხაზეთის ასკილომეტრიანი ზოლიდან, რომელიც მოსახლეობისგან დაცლილია, საკუთარი ჯარები გაეყვანათ და ხალხისთვის სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცათ. არაფერს ვამბობდით სტატუსზე, გვინდოდა, რომ იქ საერთაშორისო ადმინისტრაცია და თავისუფალი ეკონომიკური ზონა ყოფილიყო. მათი პასუხი კი იყო ის, რომ დევნილების დაბრუნება განხილვას არ ექვემდებარებოდა", - აღნიშნა  საქართველოს პრეზიდენტმა. 

ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ ლისაბონის სამიტის შედეგებით და პრეზიდენტ ობამასთნ შეხვედრის დეტალებითაც.საქართველოს პრეზიდენტმა ლისაბონის სამიტის შედეგები და ამერიკელ კოლეგასთნ გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა 

„საქართველოს ინტეგრაციის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და უკრაინის გადაწყვეტილებას ჩვენზე არ უმოქმედია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლისაბონში მხარი დაუჭირეს ჩვენ რეფორმებს. მე შევხვდი პრეზიდენტ ობამას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. პრეზიდენტმა მედვედევმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს თაობაზე უთანხმოებაა, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს თემა განსახილველი საკითხების სათავეში იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა   ქართველი ხალხის ნატოში ინტეგრაციის სურვილის თაობაზე.

„მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ავღანეთის ოპერაციაში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე დიდი წვლილი შეგვაქვს. ქართველი სამხედროები ჰელმანდში მსახურობენ და პირობას ვდებთ, რომ გავზრდით ჩვენს მონაწილეობას ამ ოპერაციაში. ვაპირებთ, რომ ავღანეთში  ინსტრუქტორები და პოლიციის ოფიცრები გავგზავნოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ინტერესის ერთერთი  მთვარი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები.ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

„ამ ცვლილებით, პარლამენტი გაძლიერდა. ვენეციის კომისიამ, მრავალწლიანი თანამრომლობის შემდეგ, გარკვევით განაცხადა, რომ ეს რეფორმა ყველა ევროპულ ნორმას პასუხობს. ერთადერთი შენიშვნა, რაც მათ ჰქონდათ, იყო ის, რომ კიდევ უფრო შეგვემცირებინა პრეზიდენტის უფლებები. ჩვენ გვეყოლება პარლამენტზე დაქვემდებარებული მთავრობა, რომელიც ყოველდღიურად იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. მეტ-ნაკლებად ეს იქნება საპარლამენტო ხელისუფლება, რაც ჩვენი რეგიონისთვის უზარმაზარი მიღწევაა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონსტიტუცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმეზე მორგებული, მით უმეტეს, პირადად ჩემზე. ჩვენ უზარმაზარი რეფორმები გვაქვს წინ როგორიცაა, მაგალითად, პარლამენტის გადატანა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში - ქუთაისში. ასევე ვახორციელებთ რეფორმებს საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში.  განვახორციელეთ ეკონომიკური რეფორმები. რაც შეეხება მედიას, პარლამენტმა წარადგინა კანონპროექტი მედია მფლობელების ტრანსპარენტულობის შესახებ. ადგილობრივი არჩვენებზე მონიტორინგს BBC ატარებდა. მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები სამართლიანად გაშუქდა როგორც ოპოზიციის და ისე ხელისუფლების მიმართ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)