Google+

სიახლეები

20.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ქართული ანბანის მონუმენტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში ქართული ანბანის მონუმენტს საფუძველი თბილისის მერთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ჩაუყარა.  130 მეტრიანი მონუმენტი ბულვარში დაიდგმება და მას კოშკის ფორმა ექნება. მასზე ანბანის ასოები თანმიმდევრულად განლაგდება, კოშკის თავზე რესტორანი, კაფეები, ობსერვატორია და ტელესტუდია მოეწყობა და ანძის ფუნქციასაც შეასრულებს. ერთი საათის განმავლობაში მონუმენტი ერთ სრულ ბრუნს გააკეთებს და ბათუმის ხედების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დედაენის ძეგლის მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს.

„დღეს ბათუმის „ეიფელის" კოშკის მშენებლობას ვიწყებთ და მის დასასრულებლად მშენებლებს ხუთი თვის ვადა მივეცით. მშენებლობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციით ხორციელდება. უახლოეს დღეებში კი ფერიის მთაზე ბათუმის ფუნიკულიორის მშენებლობა დაიწყება. „დოპელმაიერ"-თან მოლაპარაკება იმართება, რათა საბაგირო გზაც გაკეთდეს. შედეგად, ბათუმს ექნება ფუნიკულიორიც და ანძაც, რომელზეც განთავსდება სატელევიზიო სტუდიები, მოტრიალე რესტორანი, როგორც ეს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებშია. ძირითადი იდეა კი ის არის, რომ ეს იყოს ქართული ანბანის მონუმენტი. ქართული ანბანი ჩვენი „დნმ"-ია, ჩვენი გენეტიკური კოდი, შესაბამისად, ანძასაც გენეტიკური კოდის სახე ექნება. თუ დააკვირდებით, ის მსოფლიოს არც ერთ სხვა ანძას არ ჰგავს და არა მარტო იმიტომ, რომ მასზე ქართული ანბანია გამოსახული. აქ გაიხსნება ქართული ანბანის უზარმაზარი მონუმენტი. თანაც თბილისი ერთადერთი ადგილი აღარ იქნება საქართველოში, რომელსაც ანძა და ფუნიკულიორი აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 დღესვე პრეზიდენტმა ბათუმში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე თბილ ზღვაში სამ  კილომეტრნახევარზე მეტი გაცურა. მიხეილ სააკაშვილმა აიფედის საშუალებით, მსოფლიოს სხვადასხვა, მათ შორის, ევროპულ კურორტებზე არსებული კლიმატური მონაცემები ბათუმს შეადარა. პრეზიდენტის თქმით, აჭარაში წელიწადის 6 თვის განმავლობაში ზღვაში ბანაობა და მზეზე გარუჯვაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, მსურველებს საშუალება აქვთ ზამთრის კურორტებზეც დაისვენონ.

„ონლაინ რეჟიმში შევამოწმე რა ტემპერატურა და როგორი ტენიანობაა მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე  სწორედ ამ წუთებში. ყველა ამბობს, რომ ბათუმი ძალიან ნესტიანია. ახლა ბათუმში ტემპერატურა 29 გრადუსია, ტენიანობა კი - 42 პროცენტი; ბოდრუმში 22 გრადუსია სითბო, ხოლო ტენიანობა - 68 პროცენტი - ე.ი. ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ბათუმში; იალტაში ტემპერატურაა 18 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 67; ნიცაში  ტემპერატურა მხოლოდ 6 გრადუსია და ტენიანობა 53 პროცენტი. ეს არის იმის ერთ-ერთი განმატება, თუ რატომ შეყურებს ოკუპანტი შურის თვალით ჩვენს მიწას და რატომ სურს მისი მიტაცება. ასეთი ადგილი, სადაც საცურაო სეზონი მაისის დამლევიდან საშუალოდ 11 ნოემბრამდე, ე.ი. წელიწადში 6 თვე გრძელდება, იშვიათია. თქვენ იცით, რომ მესტიაში ახლაც შეიძლება თხილამურებით სრიალი, ანუ წელიწადში 6 თვის განმავლობაში ერთდროულად ცურვაც შეიძლება და თოვლში სრიალიც. მომავალ წელს ვიწყებთ სამუშაოებს და აქ რამდენიმეკილომეტრიანი ოქროს ქვიშებიანი პლაჟები გვექნება. ისეთი სასიამოვნო წყალი, როგორიც ახლაა, ნიცაში დაახლოებით ივლისის დამლევს არის, მაგრამ იმის გამო, რომ იქ ზღვა ბევრად უფრო მარილიანია და კანს  წვავს, დიდხანს ვერ იცურავებ. შავი ზღვა ნაკლებმარილიანია. აქ, პორტთან ახლოს ძალზე სუფთა პლაჟია და ზღვა თითქმის არასდროს არ ღელავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)