Google+

სიახლეები

14.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

თქვენო უწმინდესობავ!

პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ!

მსურს მივესალმო ჩვენს სტუმრებს, სხვადასხვა ქვეყნის სამღვდელოების დელეგაციებს.

დღეს მართლაც არნახულად დიდი მასშტაბისა და მნიშვნელობის ზეიმია აქ მცხეთაში.

ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდის, სვეტიცხოვლის დაფუძნებიდან 1700 წლისთავს და განახლებიდან ათას წლისთავს.

მინდა ასევე მივესალმო ჩვენი მეგობარი, მოძმე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს, რომელიც ამ ღონისძიებას ოჯახთან ერთად ესწრება; მივესალმები ყველა დამსწრეს, ვინც დღეს მცხეთაშია და ყველა იმ ადამიანს, ვინც ტელეეკრანთანაა და ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს.  

შეუძლებელია იყო მცხეთაში და არ ჩაფიქრდე იმაზე, თუ რას გვასწავლის ჩვენი ისტორია, რანი ვართ, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოგვივლია როგორც ერს და საით მივდივართ.

ამ ქალაქის კედლებიდან მთელი საქართველოს ათასწლოვანი ისტორია გადმოგვყურებს. ამ ქალაქში დაირწა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აკვანი.

ამ ქალაქის თავზე გადაიარა ნგრევისა და უბედურების ყველა ქარიშხალმა, რაც ჩვენს ქვეყანას ისტორიამ მრავალჯერ დაატეხა თავს.

მცხეთაში არ არის არც ერთი გოჯი მიწა, რომ არ იყოს მორწყული ჩვენი წინაპრების სისხლით, რომლებიც ხშირად უიმედოდ, სრულიად განწირულ, უთანასწორო ბრძოლაში ეცემოდნენ, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ ქალაქს, რომელშიც საქართველოს გული ფეთქავდა და ფეთქავს.

ენით აღუწერელია ის ტკივილი, რაც ამ ქალაქს გადაუტანია მისი არსებობის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, ჩვენი წარმოდგენის შესაძლებლობებს სცდება იმის გააზრება, თუ რამდენი ცრემლი და გაჭირვება უნახავს აქაურობას.

მაგრამ, როდესაც დღევანდელ მცხეთას უყურებ, როდესაც ხედავ სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარს, ჯვრის მონასტერს, მცხეთის აკროპოლისს და პომპეუსის ხიდის ნანგრევებს, აცნობიერებ, რომ პირველი და ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რასაც ეს ქალაქი გვასწავლის, არის გამძლეობა, შეუპოვრობა, დამარცხებისადმი შეუგუებლობა, უნარი გადალახო ნებისმიერი გაჭირვება და მაინც წელში გასწორდე: ფეხი დაგიცდა? - ადგე; წაბორძიკდი? - წელში გასწორდე; მტერმა თუ გაგამწარა? - არ დაიკვნესო და  მას შენი ზურგი არ აჩვენო.

დღესაც უჭირს საქართველოს, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის ცხოვრება სავსეა ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით. ჯერაც ძალიან ბევრია დარჩენილი სამსახურისა და სტაბილური შემოსავლის გარეშე. ამას ემატება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ფასების ზრდა არსებობისათვის საჭირო ბევრ ძირითად პროდუქტზე.

დღესაც უტევს დამპყრობელი საქართველოს და მისი საოკუპაციო ჯარები აქედან ძალიან ახლოს, სულ რაღაც, 30 კილომეტრშია განლაგებული, მთიდან დაგვყურებს  და ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას.   

დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

მაგრამ ის, რომ მაინც ვარსებობთ, ის რომ მაინც ვვითარდებით, ის რომ მაინც არ ვტყდებით და უკან არ ვიხევთ, დასტურია იმისა, რომ კარგად  გვაქვს ნასწავლი შეუპოვრობისა და გამძლეობის ის გაკვეთილი, რომელსაც მცხეთა გვასწავლის.

უყურებ სვეტიცხოვლის ხელთუქმნელ ორნამენტებს, მის ზღაპრულ არქიტექტურას და ხვდები, რომ მცხეთა არის სიმბოლო ჩვენი ერის მუდმივი სწრაფვისა სრულყოფილებისა და განვითარებისაკენ.

ამიტომაც არის, რომ ჩვენი დღევანდელობის უმთავრესი ამოცანა პროგრესი და მოდერნიზაციაა.

ამისათვის ვანვითარებთ ქვეყნის ინფრასტრუქტურას,  მაგალითად, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით, ახალქალაქში ყველაზე დიდი სადგური და სარკინიგზო ქსელი შენდება. საქართველოს ამ დავიწყებულ და მიტოვებულ მხარეს, ეს, იმ გზებთან ერთად, რომლებსაც უახლოესი კვირების განმავლობაში გავხსნით,პრაქტიკულად, ხელახლა ააღორძინებს.  

ვქმნით ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც არა მარტო დღვანდელი მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას ისახავს მიზნად ჩვენი ხალხისათვის, არა მარტო დღვანდელი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება, არამედ საფუძველს უყრის იმას, რომ საქართველო ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდეს XXI საუკუნეს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კონკურენტუნარიანი თანამედროვე მსოფლიოში, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკური სირთულეებისა, მაინც შევინარჩუნოთ მიმზიდველობა  ინვესტორებისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბიზნესის კეთების სიმარტივის, დაბალი გადასახადების, მარტივი ეკონომიკური პროცედურებისა და გახსნილი ეკონომიკის ერთი-ერთი ყველაზე მიმზიდველი კუნძული მთელ რეგიონსა და მსოფლიოში.

მაგრამ პროგრესი და მოდერნიზაცია არ მიიღწევა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური მოდელის განვითარებით. წინსვლის მთავარი ბერკეტი არის ჩვენი საზოგადოება და მისი ინტელექტუალური პოტენციალი.

აქაც გვასწავლის მცხეთა გაკვეთილს - ეს გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს პატარა ერს გააჩნია დიდი ეროვნული ნიჭი, დიდი ტალანტი, დიდი შემოქმედებითი გენია, რომლითაც ასე ვამაყობთ, გენია, რომელიც ვერანაირმა გასაჭირმა ვერ ჩაკლა; რომელიც ყოველთვის ქმნიდა უფრო უკეთესს, ყოველთვის ილტვოდა სრულყოფილებისაკენ.

ამიტომ ახლა ჩვენი გზა სრულყოფილებისა და მოდერნიზაციისაკენ გადის განათლებაზე. ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვების კომპიუტერიზაციას დაწყებითი კლასებიდან და ჩამოგვყავს ინგლისური ენის მასწავლებლები, რათა ჩვენი ბავშვები სწავლის პირველი საფეხურებიდანვე ეზიარონ თანამედროვე კომუნიკაციის ენას. რათა მათ გაეხსნათ საშუალებები, რომ ჩამოყალიბდნენ მსოფლიო საზოგადოების ისეთ წევრებად, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი თანამედროვე სამყაროში და ექნებათ საშუალება და განათლება, მიაღწიონ წარმატებას XXI საუკუნის მსოფლიოში.

ორი დღის წინ ერთ-ერთ ასეთ სკოლაში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ხეჭეჭურის - ძნელად გასახარი ხეების  ნერგებს ჰგავს. გავა რამდენიმე წელიწადი, ვიდრე შედეგს მივიღებთ, ვიდრე პირველი მოსავალი იქნება, მაგრამ თუ დავრგავთ, მოვუვლით, ხელს არ ჩავიქნევთ, ეს ნერგები ნაყოფს აუცილებლად გამოისხავს.

ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის, მისი არსებობის ყველა  ეტაპზე, მუდმივად ცდილობდა დაეღწია  თავი იმ მდგომარეობისათვის, როდესაც ის იყო რომელიღაც ერთი იმპერიის პროვინცია. შეხედეთ და დააკვირდით ამ ტაძარს, ბაგრატს, იშხანს, ოშკს, გელათს და ვნახავთ, რომ XI I საუკუნემდე  ჩვენ ვითარდებოდით ისევე, როგორც ვითარდებოდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ბევრ რამეში ვუსწრებდით კიდეც მათ. საქართველომ მაგნაკარტის დოკუმენტი უფრო ადრე მიიღო ვიდრე ინგლისმა. საქართველოში აშენებული ძეგლები, მათ შორის, ისინი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა, აღემატებოდა მაშინდელი ევროპული ცივილიზაციის საუკეთესო ძეგლებს. შემდეგ საათი გაჩერდა,  ჩვენი დიდი წინაპრები მთელს თავის ძალისხმევას ახმარდნენ იმას, რომ გაეყვანათ ერთი დომინანტი სახელწიფოს ორბიტიდან და საქართველო ექციათ მსოფლიო პროცესების ნაწილად, მაგრამ გასაგები ისტორიული სირთულეების გამო, ეს არასოდეს გამოვიდა.

ჩვენ რეალურად, ახლა გვაქვს შანსი განვახორციელოთ ის რისთვისაც უშედეგოდ იღწვოდნენ ჩვენი დიდი მამები და ჩვენი საზოგადოება პროვინციულის ნაცვლად ვაქციოთ გლობალურ საზოგადოებად. ამას სჭირდება განათლება, გახსნილობა და თანამედროვე  ცოდნისა და ტექნოლოგიების მუდმივი შემეცნება. თუ საუკუნის განმავლობაში ჩვენი ნიჭის რეალიზება მხოლოდ ცალკეულ ჩუქურთმებში, წარმოუდგენელ ცეკვაში, პოეზიაში, მუსიკაში ხდებოდა, ახლა გვაქვს შანსი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში, მეცნიერებაში,  ტექნოლოგიაში მოვახდინოთ იგივე ნიჭის რეალიზაცია. ამის საშუალებას იძლევა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ქართული სახელმწიფო.

ყველა თაობას აქვს ასაშენებელი თავისი  სვეტიცხოველი - ჩვენი თაობის სვეტიცხოველი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ არის თანამედროვე, მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი  XXI საუკუნის საქართველო.  ეს არის ახალი და ძველი ქალაქები. ძველი თბილისის, ძველი ბათუმის, ძველი ქუთაისის , ძველი სიღნაღის, ძველი მესტიის, ძველი თელავის ახალი აქამდე არნახული სიცოცხლე. ეს არის ახალი უნივერსიტეტები, ახალი სტანდარტები ყველა სფეროში. ამისთვის გვჭირდება, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის დიდი გაკვეთილები, რასაც გვასწავლის მცხეთა, რასაც გვიამბობს სვეტიცხოველი და რასაც გვიკითხავს ქვეყნის ისტორია.

გამძლეობა, შეუპოვრობა, დამარცხებისადმი შეუგუებლობა, დაუშრეტელი სწრაფვა მუდმივი წინსვლისა და მოდერნიზაციისაკენ.

ეს გამოცდილება მოგვდგამს ჩვენი ფესვებიდან. ამან მოიყვანა ჩვენი ერი დღევანდლამდე და ეს წაიყვანს ჩვენს ქვეყანას წინ წარმატებული მომავლისაკენ.

არის კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელსაც მცხეთა გვასწავლის - ეს არის ერთიანობა.

სწორედ აქ, ამ ქალაქში გაჩნდა სულ პირველად იდეა ერთიანი საქართველოს შესახებ. სწორედ აქ  შედუღაბდა ჩვენი ქვეყანა ერთ სახელმწიფოდ  და აქ დაკანონდა უზენაეს ჭეშმარიტებად, რომ სანამ  ჩვენ, საქართველოს ყველა წარმომავლობის მკვიდრნი ერთად ვართ, ჩვენი დამამარცხებელი ძალა არ არსებობს. ეს ჭეშმარიტება მრავალ საუკუნის მრავალმა ქარცეცხლმა გამოსცადა.   

ამიტომ მეცინება, როცა დამპყრობელი ჩვენს გაცურებას ცდილობს, როცა შიდა მოღალატეს ფარისევლური ნიღაბი აქვს მორგებული. ჩვენს ხალხს დამპყრობლებთან ურთიერთობის იმხელა გამოცდილება გააჩნია,  ციხის შიგნიდან  გატეხვის იმდენი მწარე გაკვეთილი აქვს მიღებული, რომ მისი შეცდომაში შეყვანის მცდელობა მურვან ყრუს, თემურ ლენგის, შაჰ-აბასის, ლიპარიტ ბაღვაშის თუ ბაღაფშის, სერგო ორჯონიკიძის თანამედროვე მემკვიდრეების მიერ, თავიდანვე მწარე მარცხისთვის არის განწირული.

ამიტომ სანამ არსებობს მცხეთა, სანამ დაგვნათის სვეტიცხოველი - ჩვენი ვალია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი რაც გვაძლიერებს, რაც გვაცოცხლებს, რაც გვაფიქრებს ხვალინდელ დღეზე, არის ჩვენი ერთიანობა და ერთ მუშტად შეკრულობა.

ასე რომ აქ, ამ დიდებულ ადგილას, სადაც ქვებიც კი ბრძენნი არიან, ამ დიდებულ დღეს მინდა ერთად ვინატროთ: ვიყოთ ერთიანნი, ვიყოთ შეუპოვარნი, არ დავნებდეთ გასაჭირს, ვისწრაფოთ პროგრესისა და სრულყოფისაკენ.

და თუ ამას შევძლებთ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ჩვენი თაობის ასაშენებელ სვეტიცხოველს!

თუ ამას შევძლებთ, გაივლის კიდევ ათასი წელი და ჩვენი შვილთაშვილების შვილთაშვილები ისევ შეიკრიბებიან ამ ადგილას, შეიკრიბებიან როგორც ამაყი, ძლიერი ქართველები, ქედს მოიხრიან და პატივს მიაგებენ მარადიულ საქართველოს და მარადიული სვეტიცხოვლის დიდებას.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი.

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)