საქართველოს პრეზიდენტმა NASDAQ-ის სამუშაო დღის დახურვაში მიიღო მონაწილეობა
ნიუ იორკში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ–ის ელექტრონული სააქციო ბირჟის სამუშაო დღის დახურვაში სიმბოლურად მიიღო მონაწილეობა. დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა საქართველოს შესახებ მოკლე პრეზენტაცია, რომელიც NASDAQ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯამილ ჯონსონმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ნაითმა გამართეს. NASDAQ-მა ჩვენი ქვეყანა სწორედ ბიზნესკლიმატის სანდოობისა და ბიზნესის კეთების ყველაზე ლიბერალური გარემოს გამო შეარჩია. პრეზენტაციისას, ჯამილ ჯონსონმა და ედ ნაითმა საქართველოში საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ რეფორმებისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის თაობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღმასრულებელმა დირექტორმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის როლი ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრივატიზაციის მხარდაჭერისა და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში.
"საფონდო ბაზრის მონაცემებმა აიწია. ამას ვაფასებთ. ეს კვირა განსაკუთრებულია ჩვენთვის, რადგან მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის სესია, სადაც სახელმწიფო მეთაურები ყოველწლიურად იკრიბებიან. NASDAQ-ის საფონდო ბირჟა ამ კვირაში სხვადასხვა ლიდერს და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს მასპინძლობს. მაგრამ სამართლიანნი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი სახელმწიფო მეთაური იმყოფებოდა ჩვენს დაწესებულებაში, მაგრამ არასდროს არ გაგვიწევია მასპინძლობა თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ისეთი მამაცი დამცველისთვის, როგორიც დღეს გვეწვია. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის ისტორიული ლიდერია. 2004 წელს 37 წლის ასაკში იგი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული ლიდერი გახდა. 2008 წლის იანვარში სააკაშვილი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. სააკაშვილის, როგორც ახალი ლიდერის დაპირება, იყო კორუფციის დამარცხება, ეკონომიკის სტაბილიზაცია, ბიუჯეტის მოწესრიგება; მთავრობის ორიენტირება პრივატიზაციასა და თავისუფალ ბაზარზე. მან ყველა ეს პირობა შეასრულა. ნება მომეცით, რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო მისი საქმიანობიდან: სააკაშვილის მთავრობამ შეამცირა და გაამარტივა გადასახადები. ამ მიმართულებით ფორბსის რეიტინგში მეოთხე ადგილზე მოხვდა. საქართველოში მნიშვნელოვნად შეამცირეს ბიზნესთან დაკავშირებული ლეგალური პროცედურები და წარმოადგინეს ე.წ. ერთი ფანჯრის სისტემა, რომელიც კერძო მეწარმეს საშუალებას აძლევს სწრაფად წამოიწყოს ბიზნესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ბიზნესი NASDAQ-ის სიაშიც მოხვდება. მსოფლიო ბანკმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებშიც ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. 2010 წელს კი, საქართველომ მე-11 ადგილი დაიკავა ბიზნესგარემოს თვალსაზრისით. იგი ისეთი ქვეყნების გვერდით მოხვდა როგორიც არის: ავსტრალია, ნორვეგია და იაპონია. მსოფლიო ბანკის ანტიკორუფციულ რეიტინგში საქართველო არის ისეთი ქვეყნების სიაში, რომლებშიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი გაუმჯობესება შეინიშნება, როგორც ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ამის მისაღწევად, საქართველოში ბევრი რეფორმა განხორციელდა, საქართველოში მიიზიდეს ეკონომიკური პარტნიორები, დარეგულირდა ვაჭრობა. ევროკავშირის ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და სხვა ქვეყნები საქართველოს სავაჭრო ბრუნვას შეუერთდა და ამ მაჩვენებელმა 2010 წელს 1.36 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით მეტია. ბატონი სააკაშვილი ამერიკაში ამ კვირაში ჩამოვიდა, თუმცა ის აქ უცხო არ არის. იგი აქ ცხოვრობდა და სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში; გადიოდა იურიდიულ პრაქტიკას ნიუ იორკში; სწავლობდა ვაშინგტონშიც და შეიძლება პრეზიდენტი კორპორატიულ ამერიკელ იურისტადაც განვიხილოთ, თუმცა ის ამაზე მეტია. ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა იმ ფაქტით შევაჯამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონმა სენატორობის დროს და სენატორმა მაკ კეინმა ნობელის პრემიის ნომინაციაზე წარადგინეს და შემდეგი სიტყვებით დაახასიათეს: მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავისუფლების, დემოკრატიის უნივერსალური ღირებულებების მიმართ და აქვს ინდივიდუალური თავისუფლება. მისი წყალობით საქართველოში შენდება ახალი საზოგადოება, რომელიც ეფუძნება კანონს და ითვალისწინებს რთული სოციალური, ეთნიკური საკითხების და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს", - განაცხადა ედ ნაითმა.
"დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი წარდგენისთვის. ჩემთვის დიდი მოვლენაა ამ არაჩვეულებრივ დაწესებულებაში სტუმრობა. NASDAQ-ის ბირჟა არა მარტო ამერიკელებისა და იმ თანამედროვე ორგანიზაციების ოცნებას განასახიერებს, რომლებიც მე აქ ვნახე, არამედ ყველა ჩვენგანის ოცნებაა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებ თქვენს საბაზრო მოდელს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და ყველაფრის მიუხედავად წარმატებით მუშაობს. ჩვენ შთაგონებას თქვენგან ვიღებთ, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანაც გახდა შთაგონების წყარო სხვებისთვის. ჩვენ ვიყავით წარუმატებელი ქვეყანა, სადაც მთავარი მომსახურეობის გაწევაც კი არ შეეძლოთ. შემდეგ წინ წავიწიეთ. ჩვენ არა მარტო გავხდით რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მარტივი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით, არამედ ვფლობთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რესურსებს და ამ მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ ცენტრს წარმოვადგენთ. ჩვენი ქვეყნის გავლით შესაძლებელია ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ენერგორესურსების მიწოდება ევროპისთვის. ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს ჩვენზე მეტი ნავთობი და გაზი აქვთ, მაგრამ მათ არ აქვთ რაღაც, რაც გვაქვს ჩვენ. ეს არის სახელმწიფო მცირერიცხოვანი მთავრობით, დაბალი ფასებით, კრიმინალისგან და კორუფციისგან, ფაქტობრივად, თავისუფალი ქვეყანა. გავლენიანი ექსპერტების შეფასებით ბოლო 5 წლის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია ასეთი დიდი პროგრესისთვის. ამასთან, საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრიცაა. როდესაც ტაიმ-სკვერზე გამოვიარე, დავინახე სარეკლამო რგოლი საქართველოში ტურიზმის შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყანა, სადაც წელიწადში 6 თვის განმავლობაში შეგიძლია იცურაო შავი ზღვის ტროპიკულ სანაპიროზე და საათნახევრიანი გზის გავლის შემდეგ ისრიალო მთაში, ისევე როგორც ეს კალიფორნიაში ხდება. მსგავსება ნამდვილად გვაქვს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველო ამერიკისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანაა, არა მარტო იმიტომ, რომ მე აქ ვსწავლობდი. ჩვენთვის ეს არის იდეა თავისუფალი ბაზრის, დემოკრატიული და ყველა იმ ღირებულებების, რომელიც თავისუფლების მოყვარული ერისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, იყოს გახსნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის. უამრავი ადამიანი რუსეთში, უკრაინაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში უყურებს ჩვენს მაგალითს და ფიქრობს, რომ ეს მისაბაძი მოდელია. ისინი ამბობენ: "შეხედეთ, საქართველომ მიაღწია წარმატებას, ამას ჩვენც შევძლებთ". დამერწმუნეთ, ეს არც ისე ადვილია ისეთ რთულ რეგიონში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებას დელეგაციაში შემავალი მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.